საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დააკმაყოფილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თხოვნა თანამდებობდან გათავისუფლების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრად დანიშნა მაია ცქიტიშვილი, რომელიც 2012 წლიდან იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძე კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადასვლაზე რთულად დაითანხმა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როცა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად დანიშნა და რამდენიმე დღის წინ, როცა მან კერძო სექტორში დაბრუნება გადაწყვიტა, ვეღარ დაიყოლია, რომ მინისტრის თანამდებობაზე დარჩენილიყო. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ზურაბ ალავიძე გამორჩეულად ეფექტური, ბიუროკრატიის მოწინააღმდეგე და შედეგებზე ორიენტირებული მენეჯერია, რაც დაადასტურა მთავრობაში მუშაობითაც და მინისტრის თანამდებობაზე სერიოზული პროგრესი აჩვენა ოთხპუნქტიანი, სამთავრობო გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში - სივრცითი განვითარების კომპონენტში. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაწყებულია რიკოთის მონაკვეთის და ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზის პროექტები, მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის და ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზების პროექტების განხორციელება და წყალმომარაგების პროექტებით 300 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. რაც შეეხება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაია ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ძალიან წარმატებული უფროსი იყო და მისი შემცვლელის მოძებნა მარტივი არ იქნება, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვიტა მისი დანიშვნა. 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ინფორმაციამ საკადრო ცვლილების შესახებ 29 მარტს გაჟონა და ამას მოჰყვა „პოლიტიკური მითქმა-მოთქმა.“ კვირიკაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში არაერთი კომპანია მონაწილეობს და ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი. „ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას. ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და რეალობა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. 29 მარტს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ კორუფციაში დაადანაშაულა საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განაცხადა, რომ ტენდერების გზით კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის ხელშია, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა კი გზების მშენებლობას და საფარის დაგებას ეხება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი დანიშნა
ყველაზე პოპულარული
1