Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად


საქართველოში „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა, იციკ მოშემ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის გადაწყვეტილებას და საქართველომაც იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მიჯნაზე, როდესაც საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორსა და ისრაელის მეგობარ ქვეყანას, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა კვლავ ერთ-ერთი პირველი იყოს ამ ეპოქალურ პროცესში“ - ნათქვამია მიმართვაში. იციკ მოშეს შეფასებით, ეს იქნება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, არამედ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან,“ შოთა შალელაშვილმაც. მან პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის გადაწყვეტილების, ასევე, მეგობარი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. „მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა" - განუცხადა 7 დეკემბერს ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან მგძნობიარეა. „გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG