საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკა. ამ დრომდე მოქმედი წესით, პირი ისჯებოდა მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის. სასამართლოში სარჩელი პარტია "გირჩის" დახმარებით შეიტანა მოქალაქე გივი შანიძემ. დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიმართება კონსტიტუციის მე-16-ე მუხლთან. კონკრეტულად კი ფორმულირების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“- იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მარიხუანის მოხმარებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-16-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამ დროიდან მარიხუანის მოხმარების გამო პირს შესაძლოა მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
დავის საგანი იყო კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. კერძოდ, სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 15 თებერვალს ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას. თუმცა, მოხმარების დეკრიმინალიზაცია აქამდე არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ 70 გრამზე მეტი მარიხუანის ფლობა სასჯელის სახით კვლავ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.