თვითმმართველობებში კვლავ დაგეგმილ რეფორმას, რომელზეც მმართველ გუნდში მსჯელობა აქტიურად დაიწყო, ზუგდიდში მეტწილად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესაძლებლობამ.
გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქალაქ ზუგდიდს, რომელმაც ათი წლის წინ ჩამორთმეული სტატუსი მხოლოდ სამი წლის წინ დაიბრუნა, ეს სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს.
„არ ვეთანხმები ამას. ზუგდიდს ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს“;
„უნდა ჰქონდეს, უძველესი ქალაქია და უნდა ჰქონდეს“;
„ოდითგანვე ქალაქი იყო და თუ დარჩება ასე, ზუგდიდელებისთვის კარგია“;
„გულსატკენია, რომ ზუგდიდს 20-30 წლის წინ ჩამოერთვა სახელი და დიდება. ვაიპოლიტიკოსებმა ქნეს ეს - ყოფილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ. აი, ეს არის მთავარი“;
„ზუგდიდი ოდითგანვე ქალაქი იყო და დღესაც ასე უნდა იყოს“;
„ცოტა სხვა საკითხია ეს. ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდს ქალაქი ეწოდოს. ეს ცოტა სხვა საკითხია და სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და დაგვისაბუთებს, იმასაც მოვუსმინოთ“, - აცხადებენ რესპონდენტები.
ზუგდიდელებისთვის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა არასამთავრობო, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის ჩართულობით დისკუსიაც მოაწყო. მოწვეულმა ექსპერტმა, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ შეხვედრის დასაწყისში მიმოიხილა 2013-2014 წლებში უკვე განხორციელებული რეფორმა, მისი პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. ექსპერტის თქმით, მისი და კიდევ 120 არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ქალაქების სტატუსის გაუქმება ცალსახად განვითარების პროცესის შეფერხებას გამოიწვევს.
„ქალაქების გაუქმება იქნება მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი არა ხოლოდ დემოკრატიზაციის, არამედ სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, მათ შორის, მიგრაციულ პროცესებს, როცა ქალაქი ამ შემთხვევაში იქცა ე.წ. თავკომბალად და როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ახალი მუნიციპალიტეტების გაჩენა ხელს შეუწყობს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას ქვეყანაში და მოქალაქეების თანაბრად გადანაწილებას ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.
ექსპერტის პოზიცია გაიზიარეს შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მათი აზრით, ზუგდიდს ქალაქის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, რადგან მუნიციპალიტეტების ხელახლა გამსხვილება არა დეცენტრალიზაციის, არამედ ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას, განცხადებით, ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია:
„არ გავუსწრებ მოვლენებს, იმიტომ რომ ოფიციალურად პროექტის სახითაც არ არის შესული ჯერ პარლამენტში, არც თვითმმართველობის კომიტეტს დაუწყია ამაზე მსჯელობა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს და აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ“, - განაცხადა მერმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კი დარწმუნებულია, რომ, საბოლოო ჯამში, საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის აზრი:
„ეს თემა, ზოგადად, არის შესწავლის თემა და დღეს რომ ვილაპარაკოთ ამაზე და რაღაც პანიკური განწყობა იყოს, ამის საფუძველი ნამდვილად არ არის. ყველაფერი კარგად დაითვლება, ყველაფერი კარგად დაიდება სასწორზე ჩვენი რეგიონისთვის, ზუგდიდის და მისი მუნიციპალიტეტისთვის“.
მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგა, ის ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება.