ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი 2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ „რუსთავი 2“-ის მისამართით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. საქართველოში მედიაპლურალიზმის ხელყოფაზე ამახვილებდა ყურადღებას მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი, ხელისუფლება კი აღნიშნავდა, რომ ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით მოქმედებენ და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროტესტი ყოფილი მმართველი პარტიის რევანშისტულ გეგმებს უკავშირდება.
„’საქმე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ’ შევიდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული“, - განაცხადა 7 მარტს საღამოს 8 საათისთვის გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მიიღო შეტყობინება სტრასბურგიდან უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. „რუსთავი 2“-ის გუნდისა და იურისტების გარდა, ნიკა გვარამიას სამადლობელ სიტყვებსა და მილოცვებს არაერთი სხვა ადრესატიც ჰყავდა:
„მე მინდა მივულოცო ეს დღე ყველა იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად იდგა ჩვენს გვერდით. მთელ ქართველ ერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენს მეგობარ დიპლომატებს, უცხო ქვეყნის მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - მათმა ერთსულოვნებამ და მათმა უპირობო მხარდაჭერამ არა პირველ რიგში „რუსთავი 2“-ის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მისამართით... ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა, მან გადაარჩინა ქართული დემოკრატია... ყველას გილოცავთ...“
„ეს არის მესიჯი ხელისუფლებისთვის, რომ მას ქვეყნის შიგნით აქვს სერიოზული პრობლემა სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი, მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ პროცესებში, რადგანაც თვლიდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხეს შეუქმნიდა მედიის დამოუკიდებლობასა და მედიაპლურალიზმს საქართველოში. ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის მისამართით სათქმელი გარკვევით თქვა:
„ის, რომ ტელეკომპანიამ ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ამაზე არსებითი მსჯელობა მოუწევს ევროპის სასამართლოს, ეს არის ერთი სიგნალი... მეორე სიგნალი არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლება, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დარტყმის ქვეშ (კერძოდ, იმ სარედაქციო პოლიტიკის განადგურებით, რომელიც ამ წუთას აქვს „რუსთავი 2“-ს, თუკი შეიცვლებოდა იქ მმართველობა და მფლობელობა)... და ასევე სიგნალია, რომ ეს მედიაპლურალისტური გარემო უნდა იქნას შენარჩუნებული და ხელისუფლებას უნდა გაუჩნდეს იმუნიტეტი განსხვავებულ აზრზე, ხელისუფლებას უნდა გაუჩნდეს იმუნიტეტი მედიის თავისუფლებაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე... თუ ხელისუფლებას ექნება პრობლემები ამ ღირებულებების მიმართ, ეს იქნება პრაქტიკულად ანტიევროპული ხელისუფლება; ხელისუფლება, რომელიც საქართველოს საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანსწრაფვას ევროპისკენ, ევროპული სახლისკენ სვლისა სერიოზულად შეაჩერებს“.
მედიაპლურალიზმის გადასარჩენად ბოლო დღეებში ძალები გააერთიანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიაორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ. გავიხსენოთ, რომ მათი საგანგებო საპროტესტო მიმართვები „რუსთავი 2“-ის იურისტებმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნეს, იმისათვის რომ მიეღწიათ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გახანგრძლივებისთვის. წამმზომი 3 მარტიდან, ანუ მას შემდეგ იყო ჩართული, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე დღით შეაჩერა „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სტრასბურგში გაგზავნილ მიმართვათა შინაარსის საერთო ხაზის მიხედვით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავის პროცესში თავიდანვე ვლინდებოდა პოლიტიკური ზეგავლენის ღია ნიშნები, პროცესში იკვეთებოდა ხელისუფლების გარკვეული ინტერესები და ეს უზენაესი სასამართლოს ნაჩქარევმა განაჩენმაც დაადასტურა. ხელმომწერები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ძალაში დაეტოვებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება სტრასბურგში საქმის არსებით განხილვამდე.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო მასშტაბის არაერთი შეშფოთება მოჰყვა და, მათ შორის, მაგალითად, შეშფოთება გამოხატა შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხს ძირითადად ადგილობრივ ოპონენტებს უბრუნებდნენ და მათ უსაფუძვლო ხმაურის ატეხაში ადანაშაულებდნენ. მიმდინარე მოვლენებს 6 მარტს ვიდეობლოგით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თქვა, რომ მედიის მდგომარეობა საქართველოში დამაკმაყოფილებელია, სიტუაცია „შფოთს არ იწვევს“, ხოლო ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებიან:
„ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, - ჩვენი შინაური ჟურნალისტები და ოპოზიცია მყავს მხედველობაში, - დავიჯერო, კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! ვისგან? რისგან? ნაციონალების დროინდელმა ერთმა მფლობელმა ნაციონალების დროინდელ მეორე მფლობელს ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა - ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში“.
’საქმე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ’ შევიდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული...ნიკა გვარამია
ბოლო დღეებში მსგავსი შინაარსის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გუნდიდან სხვა არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „მიმდინარეობს რევანშისტული პოლიტიკური კამპანია, ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც წარმართავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ფონზე ვლინდება „მანიპულირების მცდელობა, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით“.
„გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ ექცევა „ნაციონალების მოძრაობის“, მისი მემკვიდრეებისა და სატელიტების გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება რეალურად ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში... ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო, ისევე როგორც ქართული სასამართლო, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, - აცხადებდა გია ჟორჟოლიანი.
ხოლო თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს გადავხედავთ, ისინი ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მათ მიერ არაფორმალურ მმართველად დასახელებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებდნენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედს გამოხატავდა:
„’რუსთავი 2’-ისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება - ეს არის ბრძოლა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ევროპამ, ევროპულმა ინსტიტუტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ადამიანის უფლებებს, ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ინტერესებს ვერავინ ვერ შეეხება - ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილი“.
„ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის - „რუსთავი 2“-ის - მფლობელობის გარშემო დავამ გამოიწვია სერიოზული შეშფოთება მედიისა და სასამართლოს საქმიანობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ 6 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დეტალურად აღწერს ტელეკომპანიის საქმის განხილვის პროცესის მიმდინარეობას პირველი ინსტანციიდან უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. შეკითხვებისა და ეჭვების დიდი ნაწილი სწორედ ამ პროცესს უკავშირდება და, როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ეუბნება რადიო თავისუფლებას, სურათი არასახარბიელოდ გამოიყურება:
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოსამართლის დედასთან დაკავშირებით გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტი - დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა... კარგად გვახსოვს, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო აპელირება „რუსთავი 2“-ის კონტენტზე და, შესაბამისად, შესაძლებელი იყოეს ცალსახად აღქმულიყო როგორც ჩარევა მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ასევე, პრობლემა იყო ის, თუ როგორ წარიმართა განხილვა სააპელაციო სასამართლოში და როგორ მოხდა, თუნდაც, გადაწყვეტილების გადაცემა მხარისათვის. ასევე პრობლემა იყო ის, რომ ცხრა მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატის მიერ, მხარეთა ჩართულობის გარეშე, დახურულ სხდომაზე ერთ დღეში იქნა მიღებული ამხელა საქმის გადაწყვეტილება - ასეთი ერთსულოვნება აჩენს კითხვის ნიშნებს“.
პრობლემების ჩამოთვლისას გიორგი გოგია ასევე საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, რამდენიმე განცხადების თანახმად, მას ემუქრებოდნენ პირადი ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნებით. ამასთან, პრობლემურად არის მიჩნეული ისიც, რომ სასამართლო პროცესის როგორც დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობისას ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომლებითაც გმობდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას ანდა ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.„ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მიაყენებს სერიოზულ დარტყმას მედიის პლურალიზმს და, შესაძლოა, არსებითად შეზღუდოს წვდომა ოპოზიციის მოსაზრებებზე - ეს კი, არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ.
მესამე სექტორის სახელით სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ მიმართვაზე ხელმომწერთა შორის იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ერთიანი სურათი არასახარბიელოა და, „რუსთავი 2“-ის გარდა, ხელისუფლების ზეგავლენებთან დაკავშირებულ ეჭვებს სხვა ტელეკომპანიების გარშემო განვითარებული მოვლენებიც აჩენს:
„სულ ცოტა ხნის წინ, როგორც მოგეხსენებათ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებრივ მაუწყებელში პოტენციურად ყველა პროგრამის, მათ შორის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი თოქშოუების და სხვადასხვა დისკუსიის სივრცეების შეჩერებისა და გაუქმების წინადადებამ. ამ ეტაპზე - ალბათ, საზოგადოების აქტიურობის შედეგად - ეს მცდელობა შენელდა, თუმცა ბოლომდე საფრთხე არ არის აღმოფხვრილი - სამომავლოდ გარკვეული ცვლილებები იგეგმება და, ალბათ, კიდევ გახდება საჭირო საზოგადოების ძალიან დიდი ჩართულობა... პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მედიაჰოლდინგების შექმნისა და გამსხვილების მცდელობას სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებით... ვფიქრობ, ამ ყველაფერს დიდ, ერთიან კონტექსტში უნდა შევხედოთ“.
როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ გამოჩნდა, ხელისუფლება მედიასივრცეში პრობლემებს ვერ ხედავს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა არსებული შეკითხვებისა და ეჭვების გაქარწყლების მიზნით, მაინც საჭიროდ მიიჩნევს მედიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის ამოქმედებას საქართველოში. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 6 მარტს გახმაურებული ეს ინიციატივა იმავე დღეს მოიწონეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები ახალ ინიციატივას ძირითადად სკეპტიკურად უყურებენ.