უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნამ და არასტაბილურობამ მოსახლეობაში უკმაყოფილების განცდა გააჩინა. ფინანსურად მეტწილად იმ მოქალაქეებმა იზარალეს, რომლებსაც ბანკებში კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. ზუგდიდის ქუჩებში რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტების განცხადებით კი, ბანკებში კრედიტის პროცენტული გადასახადი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, რასაც ემატება ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯები. შესაბამისად, გამოკითხულთა განცხადებით, ლარის არამყარმა მდგომარეობამ ისინი უკვე დააზარალა.
ზუგდიდში მცხოვრები ნანული ვეკუა ყოველთვიური 400-ლარიანი ხელფასიდან კომუნალურ გადასახადებს და კრედიტის პროცენტულ ნამატს იხდის. ამბობს, რომ სურსათის შესაძენად მცირე თანხა თუ რჩებოდა, ლარის კურსის ვარდნის შემდეგ კი შიშობს, ვალის გადახდას გაუძღვეს.
„თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე სახლში ვერაფერი ვერ მიმაქვს. მაღაზიაში შაქარს და პურს, კიდევ კარგი, ის ქალი ნისიად მაძლევს. ყველაფერზე გაზრდილია უკვე ფასები, ახლა კი არა, კარგა ხანია. სწრაფი სესხებიც მაქვს და რა ვქნა, არ ვიცი, დათრგუნული დავდივარ სამსახურში“, ამბობს ნანული ვეკუა.
ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. მათი განმარტებით, ეროვნული ვალუტის ასეთი მერყეობა ძირითადად მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობაზე აისახება - მათზე, ვისაც თითოეული ლარი გათვლილი აქვს:
„ბანკიდან ავიღე 250 მანეთი და ვერ ვიხდი. ხალხს არაფერი არ აქვს არც სოფელში და არც ქალაქში“, - ამბობს ზაურ ნაჭყებია.
„ეკონომიკური სიდუხჭირეა, მაგრამ ეს მარტო ჩვენთან არ არის ასე. საერთაშორისო ვითარებაც მოქმედებს ამაზე. ფასები გაზრდილია და ეს ყველა ოჯახზე მოქმედებს“, - გვითხრა ზუგდიდში მცხოვრებმა ლალი კოზმავამ.
სასურსათო მაღაზიებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ფასების განსაკუთრებული მატება არ შეიმჩნევა და რომ მისი გაზრდა იანვრისთვის უფროა მოსალოდნელი.
ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველი ნინო ჯინჯოლავა ამბობს, რომ ახლა ძირითადად ხდება ძველ ფასებში შეძენილი პროდუქტების რეალიზება, როცა მარაგი ამოიწურება და მსხვილი მომწოდებლებისგან გაზრდილ ფასად მოუწევთ შეძენა, თავადაც იძულებული იქნებიან გასაყიდი სურსათის ღირებულება გაზარდონ:
„როცა საწვავს ემატება, მაშინ თავისთავად ემატება ყველაფერს. ხალხს ძალიან გვიჭირს, ყველას კრედიტები გვაქვს, ყველას გადასახადები გვაქვს. ხალხს ფული არ აქვს და მყიდველიც არ არის. ზოგიერთს ძალიან უნდა იყიდოს თუნდაც 60- თეთრიანი რაღაც, მაგრამ უდევს 50 თეთრი. ზოგს ის 10 თეთრიც კი არ აქვს, რომ შვილიშვილს უყიდოს რამე. ძალიან განვიცდი ამ ამბავს“, - ამბობს ნინო ჯინჯოლავა.
მიუხედავად ლარის ყოველდღიური მერყეობისა, რესპონდენტებს იმედი აქვთ, რომ მისი დასტაბილურება მოხერხდება, თუ არა, ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.