საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ფარული კენჭისყრით თავმჯდომარის პოსტზე მხარი ზაზა თავაძეს დაუჭირა. მოსამართლეებმა მასზე არჩევანი ორ კანდიდატს შორის შეაჩერეს. ზაზა თავაძის კონკურენტი ირინა იმერლიშვილი იყო. კანონის თანახმად, მოსამართლეები თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ, თუმცა, ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა მხოლოდ ოთხი წლით მოუწევს. ამის შემდეგ მას მოსამართლეობის ათწლიანი ვადა ეწურება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე მოსამართლეებმა 13 ოქტომბერს დაასახელეს. ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოში იგი პრეზიდენტის კვოტით დანიშნული კანდიდატია, მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას ირინა იმერლიშვილი მიმდინარე წლის ორი ოქტომბრიდან შეუდგა.
ზაზა თავაძე, 20 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე, ხოლო გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მოვალეობის შემსრულებელი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა. იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებამდე კი მუშაობდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს გენერალური პროკურორის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ხუთ მოსამართლეს შორისაა, რომლებმაც, გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად განსაზღვრასა და გარკვეული საქმეების, ძირითადად, პოლიტიკური კონტექსტის საქმეების ფორსირებულად, დაჩქარებული ტემპით განხილვაში დაადანაშაულეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსის განახლება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების პირობებში მიმდინარეობს, რაც, უმთავრესად, განპირობებულია იმ პროცესებით, რომლებიც, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმეების განხილვას ახლდა. სასამართლოს წინაშე ამ ეტაპისთვის არსებული პრობლემები სამ პუნქტად ჩამოაყალიბა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა სოფო ვერძეულმა. მისი შეფასებით, ახალი თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული შემადგენლობის მთავარი გამოწვევაა სასამართლოს ნორმალურ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება, მაშინ, როდესაც, ბოლო ხანს ჭირდა როგორც სასამართლოს შემადგენლობის შეკრება, ისე ცალკეულ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება. შესაბამისად, მეორე ამოცანა, რომელიც სოფო ვერძეულის აზრით, სასამართლომ უნდა დაისახოს, არის სასამართლოს მიმართ საზოგადოების შერყეული ნდობის აღდგენა, რასაც, განსაკუთრებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა პროგრესირებადი ხასიათი:
„ეს დაიწყო ჯერ კიდევ ღია პოლიტიკური თავდასხმებით, შემდეგ გაგრძელდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით და ბოლოს, უკვე ვნახეთ, საერთოდ, ერთგვარად კრიზისში შესული სასამართლო, რომელიც ვერ ახერხებდა, საერთოდ, მართლმსაჯულების განხორციელებას. ამიტომ მეორე მთავარი გამოწვევა იქნება, რომ აღდგეს ამ სასამართლოს მიმართ ნდობა. ამაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავმჯდომარე ვერ იქნება ერთპიროვნულად პასუხისმგებელი. ის არის, პირველ რიგში, რიგითი მოსამართლე, როგორც დანარჩენი ყველა სხვა მოსამართლე, თუმცა, ამავე დროს, ის არის, რა თქმა უნდა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე და მენეჯერული პოზიციის მქონე და ამიტომ მის მოქმედებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა“.
სოფო ვერძეულის მიერ დანახული მესამე გამოწვევაც სწორედ ისაა, რომ თავმჯდომარემ და სასამართლოს მთელმა შემადგენლობამ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ სასამართლო ვერ უძლებს და მოწყვლადია პოლიტიკური თავდასხმებისა თუ შეტევების მიმართ.
თავის მხრივ, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან რთული იქნება სასამართლოსთვის დაანახოს საზოგადოებას, რომ ის, როგორც ინსტიტუტი, ასრულებს თავის კონსტიტუციურ ფუნქციას და ხელმძღვანელობს არა პოლიტიკურ შტოებთან კომპრომისით, არამედ კონსტიტუციისადმი ერთგულებით. დავით ზედელაშვილი ვარაუდობს, რომ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალ ხელმძღვანელობასაც ექნება ცდუნება, დაეყრდნოს გარე პოლიტიკურ მხარდაჭერას იმისთვის, რომ სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის მართვა შეძლოს:
„რამდენად შეუწყობს ხელს ეს, საბოლოო ჯამში, სასამართლოს პოზიციების აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, საკამათო იქნება. თუმცა დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ განვითარდება, საბოლოო ჯამში, მოვლენები და რამდენად შეძლებს სასამართლო, რომ თავისი გადაწყვეტილებებით რთული გზა, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი ნდობის და, შესაბამისად, ლეგიტიმაციის დაბრუნება, განმტკიცება ან კიდევ უფრო განვითარება, ეს შეასრულოს“.
დავით ზედელაშვილის თანახმად, ხელისუფლების შტოებს შორის სასამართლო ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე სუსტია და, შესაბამისად, ის შესაძლოა, ყველაზე მეტად ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ გავლენას. ის, რასაც ასეთ ვითარებაში, მისი აზრით, შეუძლია სასამართლოს ხსნა, არის მდგრადობა იმ სტიმულებისა და კომფორტის მიმართ, რაც პოლიტიკური შტოებიდან შეიძლება მოდიოდეს. დავით ზედელაშვილი შენიშნავს, რომ ამაზე უარის თქმა საქართველოს მსგავს ინსტიტუციურ სისტემებში იოლი არ არის ხოლმე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე კი თავის პირველივე კომენტარში ამბობს, რომ ლაკმუსის ქაღალდი იმისა, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნება. იგი აღნიშნავს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებაა:
„ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა“.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, ფარული კენჭისყრით პლენუმის რვა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. ზაზა თავაძის არჩევით სასამართლოს კორპუსის განახლების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ამოეწურა, გიორგი პაპუაშვილთან ერთად, უფლებამოსილება შეუწყდა კიდევ სამ მოსამართლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ვაკანტური პოსტიდან სამი უკვე ათვისებულია – პრეზიდენტმა და უზენაესმა სასამართლომ თავიანთი კვოტით მოსამართლეები წარადგინეს. ჯერი პარლამენტზეა – საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრის დამტკიცება ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.