Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჭვები დეპუტატის აფეთქების გახსნილ საქმეში


მანქანის აფეთქების ადგილას მუშაობენ კრიმინალისტები. 2016 წლის 4 ოქტომბერი
მანქანის აფეთქების ადგილას მუშაობენ კრიმინალისტები. 2016 წლის 4 ოქტომბერი

17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დააკავეს ერთი პირი, კიდევ ერთზე კი ძებნა გამოაცხადეს. სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა დანაშაულთან დაკავშირებულ პირთა ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ავტომატები, ხელყუმბარები, ვაზნები და გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების ნახაზები.

17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების ჩამონათვალის გარდა, ასევე გაავრცელა ჩხრეკისა და სპეცოპერაციის ჩატარების ვიდეოკადრები.

გადმოწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თეა პერტაიამ განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო მასალები, დისტანციური პულტები, ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი. და კიდევ:

„დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი – ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვ.“

მახსოვს, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ წარმოებული კამპანია თვითაფეთქების შესახებ, მახსოვს პრემიერის ნაადრევი განცხადება, როცა გამოძიების დასრულებამდე გაიშვირა ხელი უცხო ქვეყნისკენ, ამიტომ, მგონია, რომ ეს გამოძიება წავა იმ მიმართულებით, როგორიც იქნება პოლიტიკური დაკვეთა. შესაბამისად, მე არ ვენდობი ამ გამოძიებას...
ოთარ კახიძე

თეა პერტაიას თქმით, გივი თარგამაძის აფეთქების საქმე გახსნილია. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული მოქალაქე ბ.ჩ. მუხლი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დამზადებას. სამინისტროს ცნობითვე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა 1974 წელს დაბადებულ მოქალაქე დ.ხ-ს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა, რომელსაც არ დაუსახელებია დანაშაულის მოტივი – თუ რატომ ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გივი თარგმაძე იმყოფებოდა, თუმცა, მკვლელობის მცდელობის მოტივთან დაკავშირებით, ვარაუდი გამოთქვა საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, რომლის თქმითაც, არჩევნების წინა პერიოდში, გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამზადებდა ე.წ. „რევოლუციურ სცენარს“, არეულობის, მკვლელობებისა და კრიზისის შექმნის სახით:

„მე ვფიქრობ, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქება“.

საპარლამენტო უმრავლესობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ვერ მოჰფინა ნათელი 4 ოქტომბერის აფეთქებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის კომენტარი:

„ასეთი აბსურდული, პარანიოდალური ბრალდებები როცა ისმის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რა საფუძველი უნდა მქონდეს, რომ ვენდო გამოძიებას. საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა იმყოფებიან არაფორმალური მმართველობის ქვეშ და ემსახურებიან პოლიტიკურ კონიუნქტურასა და ამოცანებს. მახსოვს, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ წარმოებული კამპანია თვითაფეთქების შესახებ, მახსოვს პრემიერის ნაადრევი განცხადება, როცა გამოძიების დასრულებამდე გაიშვირა ხელი უცხო ქვეყნისკენ, ამიტომ, მგონია, რომ ეს გამოძიება წავა იმ მიმართულებით, როგორიც იქნება პოლიტიკური დაკვეთა. შესაბამისად, მე არ ვენდობი ამ გამოძიებას“, – უთხრა ოთარ კახიძემ „რადიო თავისუფლებას“.

საქართველოს პარლამენტის წევრის მკვლელობის მცდელობის საქმე გახსნილად არ მიაჩნია უშიშროების ყოფილ პოლკოვნიკს, საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის თავმჯდომარეს ბესიკ ალადაშვილს, რომლის თქმითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში არ არის ისეთი დამაჯერებელი კადრები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას.

„ვიდეოკადრებში ვერ ვნახე ის უშუალო მომენტი, როდესაც დამნაშავემ დაამონტაჟა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება და ა.შ. ის ნივთმტკიცებებიც, რაც ამოღებულია, საერთო ჯამში, შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ეკუთვნოდეს. აუცილებელია, რომ ეს ნივთმტკიცებები გამყარებული იყოს მოწმეთა ჩვენებებით... ასევე მნიშვნელოვანია ბრალდებულების ჩვენებები... ანუ პროცესი ახლა იწყება. ასე რომ, ჩვენ რომ ბუკი და ნაღარა დავცხოთ, როგორც ამას შსს აკეთებს, იქნება არასერიოზული“, – უთხრა ბესიკ ალადაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე

ბესიკ ალადაშვილის მსგავსად, თავად გივი თარგამაძეც მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვლენებს უსწრებს და ისეთ საქმეს აცხადებს გახსნილად, რომელშიც კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. აი, რა უთხრა გივი თარგამაძემ საინფორმაციო სააგენტო news.ge-ს:

„გახსნილად დანაშაული ითვლება მაშინ, როდესაც ცნობილია დამკვეთი, შემსრულებელი, შესრულების იარაღი. წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის იარაღი და ისიც კი არ უთქვამთ, რომელი ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებით არის შესრულებული, რა მექანიზმით არის შესრულებული. ეს არის უბრალოდ საუბარი. იგივე გაიმეორეს, რაც მაშინ, როდესაც პირველად თქვეს, რომ დანაშაული გახსნილია და დაამატეს ის, რომ ბრალდებულის ნათესავი დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. ამდენად, მე ნამდვილად ვერ მივიღებ ამას, როგორც დანაშაულის გახსნას“ , – განაცხადა გივი თარგამაძემ, რომელიც ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ გამოძიება წარმოებს განზრახ მკვლელობის მცდელობის და არა ტერორიზმის მუხლით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG