რა არის დიპლომატის მისია, როცა ახალ ქვეყანაში ჩადის? რა როლს ასრულებენ საელჩოები საქართველოს ცხოვრებაში? რამდენად იცნობენ ქვეყანასა და ხალხს? როდის ითვლება მათი მისია შესრულებულად? ამიერიდან ამ პრობლემებზე გესაუბრებით გადაცემათა ციკლში „მისია“. დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეგახვედრებთ - ალექსანდრა ჰოლ ჰოლს. ელჩის მისია საქართველოში თითქმის დამთავრდა. ბოლო ვიზიტი პანკისში ჰქონდა...
პანკისში ვართ... დუისის ახალგაზრდულ ცენტრს ვუახლოვდებით.
სასტიკად ცხელა. ხალხი ჯგუფებად შეკრებილა ეზოში - ჩრდილს აფარებენ თავს. მანქანიდან მაღალი, გამხდარი ქალი გადმოდის.
„გამარჯობა!“ - ამბობს ქართულად.
ეს ალექსანდრა ჰოლ ჰოლია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში.
ისიც კი მახსოვს რა თქვა, როცა საქართველოში ჩამოვიდა: “ჩემთვის დიდი პატივია მისი უდიდებულესობის ელჩად საქართველოში დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ამ ლამაზ, მდიდარი ისტორიის ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობსო...“
მას შემდეგ სამი წელი გავიდა...
შენობის ერთ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. საუბრობენ ხეობაში არსებულ ვითარებაზე, ბიჭებზე, გოგოებზე, უხუცესთა საბჭოებზე, ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით შექმნილ საწარმოებზე, და ათას რამეზე...
ელჩი ეკითხება... ისინი პასუხობენ.
და მერე ალექსანდრა მთავარ შეკითხვას სვამს. იმ შეკითხვას, ყველას რომ უჩნდება პანკისში პირველი სტუმრობის შემდეგ: “სულ ორი საათის სავალი ყოფილა თბილისიდან, თქვენ ქართულად საუბრობთ. რატომ არის, რომ ხალხი ისე ლაპარაკობს პანკისზე, თითქოს სხვა სამყარო იყოს?”
ყველა თავისებურად უხსნის ამ ამბავს. შეხვედრის მასპინძელი, იზა ბექაური კი ამას ამბობს: „მისტიკა მართლა არის... რომ შეხედავ თითქოს არაფერი და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი, მაგრამ თბილისიდან 180 კილომეტრის დაშორებით, იმდენად სხვა ცხოვრებაა აქ რომ... სრულიად სხვა სამყაროა მართლა!"
მაგრამ ისინი პანკისელები არიან და ვერ ამბობენ ჩვენს სათქმელს, იმ სხვათა სათქმელს, ვინც „მისტიკის“ ამბავი უკვე იცის, ვისაც წლების განმავლობაში უმეორებდნენ, რომ პანკისში უცხოები ცხოვრობენ, რომ პანკისში ასვლა საშიშია, რომ პანკისი სხვაა...
სწორედ ამის შეცნობას იწყებს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი. ეს მისი პირველი ვიზიტია პანკისში მისიის დამთავრების წინ. და უკვე ნანობს, რომ დუისში აქამდე არ ამოვიდა... - ყოველთვის ვცდილობდი გავსულიყავი თბილისიდან, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებდიო ამბობს.
“პრობლემა ის არის, რომ მე საკმარისად კარგად არ ვლაპარაკობ ქართულად. თარჯიმნის საშუალებით მიწევს ურთიერთობა. პირველ წელიწადს, როცა ჩავდიოდი, ყოველთვის ვხვდებოდი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში როცა გავდივარ, ვცდილობ ვესაუბრო ფერმერებს, მასწავლებლებს, ექთნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, უნებური ფილტრის როლს ასრულებენ, მე კი მინდა, რომ თავად ხალხს შევხვდე. ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა გავდივარ, მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვ, ვეცადოთ, რამდენადაც შეიძლება ახლოს მივიდეთ ხალხთან, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს იყო საქართველოს რიგითი მოქალაქე.“
ეს რიგითი მოქალაქეები უამბობენ ახლა თავიანთ პრობლემებზე. ელჩს უკვირს, რომ ბევრი მათგანი ინგლისურად ესაუბრება. ერთ ახალგაზრდა ქალს ვთხოვეთ წარმოგვიდექი-თქო: „ვერიკო გაგნაშვილი“ - გვიპასუხა ინგლისური გამოთქმით.
საუბარი ჩაიზე გრძელდება. ინგლისურ ჩაიზე, ჩეჩნური ნამცხვრით.
მაგიდის გარშემო უხუცეს ქალთა საბჭოს წევრები სხედან. ნათელა ალდამოვა, ზაიარა თათიევა, სვეტლანა ბორჩაშვილი, ლეილა ბექაური, გულიკო ხანგოშვილი, თამარ მარგოშვილი და რა თქმა უნდა იზა, იგივე თამარ ბექაური. ქალები ყვებიან როგორ შეიქმნა ქალთა საბჭო, რატომ არ ისმოდა მათი ხმა და როგორ უნდა დაეცვათ ქალთა უფლებები. კარგი ლაპარაკი გამოგვივიდა. ეჩქარებოდა ალექსანდრას, თორემ აღარც უნდოდა წამოსვლა. მერე ქართულად უთხრა - კარგად ბრძანდებოდეთო.
და წამოვედით...
გარეთ ახალგაზრდები გველოდებოდნენ. ლამაზები, ლაღები, მოღიმრები - რა ვიცი, აბა, არაფერი ეტყობოდათ „მისტიკური“.
წამოვედით და გზაში ახალგაზრდებზე ვლაპარაკობდით. ალექსანდრამ თქვა, რომ უხარია, რადგან საქართველოში ბევრ კარგ და განათლებულ ახალგაზრდას ხედავს. რომ პროგრესი არის, მაგრამ ძალიან ბევრი გამოწვევაა:
„ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ რომ აგვეხსნა ხალხისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირი, როგორ შეიძლება ევროპასთან ურთიერთობა დაეხმაროს, მაგალითად, მოხუცებს. რატომ შეიძლება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას? ასე რომ, ბევრი გაუგებრობაა ამ თვალსაზრისით. ამისი კარგი მაგალითია ახალი კანონმდებლობა ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც ძველი ავტომობილი აქვს, ძნელი გასაგებია ეს ამბავი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათ ვნებს, მაგრამ ეს ასევე ვნებს მათსავე შვილების ფილტვებს. ძალიან მნიშვნელოვანია უკეთესი კომუნიკაცია ცენტრსა და რეგიონებს შორის და აქ ორმხრივი კომუნიკაცია უნდა იყოს. რატომ ტარდება ესა თუ ის რეფორმა, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ურთიერთობა, ან პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.“
მერე რუსეთზე ვლაპარაკობთ:
„რუსეთი პრობლემებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ეს ნამდვილად არის გამოწვევა საერთაშორისო თანამეგობრობის წესებზე აწყობილი წესრიგისათვის. და ბრიტანეთი ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია უნდა დავიკავოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა კავშირი უნდა გავწყვიტოთ რუსეთთან და, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში რუს ხალხთან. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან კრიტიკულია რუსეთის მიმართ, მისი მოქმედების მიმართ უკრაინაში და ყირიმში, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ, რომ შევინარჩუნოთ ხალხის უერთიერთობა და დიალოგის რაღაც ფორმა“.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი თბილისში ბოგოტიდან ჩამოვიდა, კოლუმბიაში ჰქონდა წინა მისია. ვეკითხები აქ რა მისია აქვს, რა საკეთებელი ნუსხა დაახვედრა წინამორბედმა ელჩმა საქართველოში?
„ჩვენ, ასე ვთქვათ, მყარი ინტერესი და ღირებულებები გვაკავშირებს სამყაროს ამ ნაწილში არსებული ქვეყნების მიმართ. ასე რომ, ისინი დიდად არ იცვლება ელჩიდან ელჩამდე - ეს არის კავკასიის სტაბილურობა და უსაფრთხოება. უცვლელია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც ქვეყანას, სადაც ცდილობენ ეკონომიკა და დემოკრატია განავითარონ, განვიხილავთ სტაბილურობის თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისით, რომ მართლაც კარგი პარტნიორი და მეგობარი იყოს. ეს არ იცვლება ელჩიდან ელჩამდე..."
ამბობს ალექსანდრა და მერე ღიმილით ამატებს:
„რასაც ჩემი წინამორბედნი გრძნობდნენ ამ ქვეყნის მიმართ, ზუსტად ისაა, რასაც ახლა მე ვგრძნობ - ეს არის საქართველოს სიყვარული და ის, რომ ძალიან ძნელია მასთან განშორება...“
და თქვენ რას უბარებთ თქვენს მომდევნო ელჩს? - ვეკითხები ალექსანდრას.
„ჩემი როლი ყოველთვის იყო, რომ ლონდონს კარგად გაეგო, რატომ არის ეს ქვეყანა მნიშვნელოვანი, რატომ არის საჭირო მასში ინვესტირება და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ის, რაც აქ ხდება. და ჩემი მთავარი სათქმელი ამ დროს ყოველთვის იყო, თუ თქვენ მართლა გაღელვებთ ევროპის უსაფრთხოება, უნდა იცოდეთ, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, უდიდეს გავლენას ახდენს მთელ ევროპაზე. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი ჩემი შემცვლელისთვის - ლონდონმა არასოდეს დაკარგოს შეგრძნება, თუ რატომ არის ეს ქვეყანა მნიშვნელოვანი.“
ვიწრო კარში შევდივართ და ძაფებისა და ფერების სამყაროში ვხვდებით. კედლებზე ახლადშეკერილი კაბები კიდია, საკერავი მანქანების ხმა არ წყდება. ჭრიან და კერავენ გოგონები. თავზე ქალი ადგათ. ეს მასწავლებელია - “როზეტა აზნეევა - გროზნოდან…“
ეს სახელოსნოც ბრიტანეთის საელჩომ დააფინანსა. დაასაქმა და დააინტერესა პანკისელი გოგოები. „ძალიან მინდა, რომ გააფართოონ ეს პროექტი. ძალიან ბევრი მსურველია, შეისწავლოს ეს საქმე“, - ამბობს როზეტა.
მერე ბიჭებთან მივდივართ ხის სახელოსნოში. ტრიალებს ჩარხი, მუშაობენ პანკისელი ბიჭები, გამოჰყავთ ჩუქურთმები... თან იმ ხმაურში ლაპარაკობენ. შეიძლება, ქისტურად იმას ეუბნებიან ერთმანეთს, რას დაგვადგა ეს ხალხი თავზეო... რა ვიცი...
ქართული არ გვესმისო, აბდულა მქვიაო... მერე მასწავლებელი მოვიდა და მორიდებით დააზუსტა - რუსულ სექტორზე სწავლობენო და...
მერე მეფუტკრეობის წრეს მივადექით სოფელ ბირკიანში. რომ მივედით, ჩარჩოზე ფიჭის დამაგრებას სწავლობდნენ ბიჭები. წალკოტი იყო ნამდვილი, ბაღი კი არა... და ბაღში იდგა ულამაზესი იმერული ოდა, რიკულებიანი აივნებით.
„ძალიან ლამაზია... ვაიმე, ძალიან ლამაზია...“ - იმეორებდა ქართულად ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი...
სადაც არ მივედით, ელჩის დანახვისას ყველა იმას ამბობდა, მალე მთავრდება დაფინანსება და მერე რა ვქნათო...
არაფერს ამბობდა ელჩი. შესაძლოა ფიქრობდა, რომ გასაკეთებელი საქმეების სიაში დაუტოვებდა ამ ამბავს თავის მემკვიდრეს. შესაძლოა ფიქრობდა, ახლა იქნებ, საქართველოს მთავრობამ მიხედოს ამ ხალხსო...
საქართველოს უახლოეს აუცილებელ საკეთებელ საქმედ კი ეს მიაჩნია: „ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა... ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლა მგონია, რომ ხელისუფლებასაც და წამყვან ოპოზიციურ ძალებსაც ესმით, რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დაეხმაროთ ხალხს დარწმუნდნენ, რომ მათ უსაფრთხო ფინანსური მომავალი აქვთ. რომ მათ შვილებს აქვთ შანსი უკეთესი განათლება მიიღონ და მომავალში მეტი დააბანდონ. და მე მგონია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აქვს პოტენციალი ბაზრები გახსნას საქართველოსთვის. და თუ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მიიღებს (თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ იმედია, ძალიან მალე) ეს შესაძლებლობას მისცემს ხალხს, უფრო თავისუფლად იმოგზაუროს და გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები“.
სულ ევროკავშირს ახსენებდა... და მით უმეტეს, როგორ არ მეკითხა "ბრექსიტის" თობაზე. და ბრიტანეთის ელჩმა თქვა:
„ჩვენი ახალი მთავრობა, და მე როგორც ამ მთავრობის წარმომადგენელი, ძალიან მონდომებული ვართ, რომ ეს წარმატებად ვაქციოთ. წარმატება კი ნიშნავს, რომ განვაგრძოთ პოზიტიური, კონსტრუქციული ურთიერთობა ევროპელ პარტნიორებთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში აღარ ვართ, ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს, ევროკავშირი შევასუსტოთ. ჩვენ ისევ განვიხილავთ ევროპელებს, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს და მეგობრებს. ჩვენ კვლავ ევროპელები ვართ...“
სოფელ ჯოყოლოში ლეილა აჭიშვილთან შევიარეთ, საოცარ ქალთან, რომელმაც ორი ვაჟი დაკარგა სირიაში და პირველმა დაიწყო ამ პრობლემაზე ღიად საუბარი. ახლა პატარა კერძო სასტუმრო აქვს და უნდა, რაც შეიძლება მეტი სტუმარი ავიდეს პანკისში.
ჯოყოლოს სასწავლო ცენტრში ბავშვებმა გვითხრეს მათემატიკა გვიყვარსო. კომპიუტერებით სავსე კლასში ისხდნენ. მერე მათაც ისაუბრეს ინგლისურად. ელჩს კი ქართულის ცოდნა მოუწონეს. „ქართული ძალიან ძნელია“, - თქვა ალექსანდრამ. „ქისტური უფრო ძნელიაო“ - უთხრეს ბავშვებმა.
წამოსვლის წინ რადიოში შევიარეთ. როგორ წამოვიდოდი პანკისიდან გელა მთივლიშვილი რომ არ მენახა. სათემო რადიო „გზა“ ანუ - „Way”. გელამ ჩაუდგა სული ნამდვილ საქმეს და შორენა ხანგოშვილი ამოიყენა მხარში.
შევედით და დაგვხვდნენ პანკისელი რეპორტიორები. ვილაპარაკეთ... დიდხანს და დაწვრილებით პასუხობდა გელა ყველა შეკითხვას. ბოლოს ისევ მითებს მივადექით და ალექსანდრა ჰოლ ჰოლის გაკვირვებას, რატომ არ იცის ხალხმა, სინამდვილეში რა ხდება პანკისში?
„სათემო რადიომ მიიქცია არაერთი საერთშორისო ორგანიზაციის ყურადღება, რომელთა წევრებიც, მათ შორის მაღალი დონის მენეჯერები, ჩამოდიან და თვითონ მოძრაობენ პანკისში. ეცნობიან და რწმუნდებიან, რომ არავინ არავის იტაცებს პანკისში, და არ კლავს, არც ცემს და არ ესხმის თავს. გაჩნდა მექანიზმი, რომლითაც ამ მითის დარღვევას შევუწყობთ ხელს“.
ელჩს რადიო მოეწონა. და მისი ახალგაზრდა თანამშრომლები.
უკანა გზაზე, კვლავ ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაწყებულ პროექტებზე საუბრობდა:
„რითიც ყველაზე მეტად ვამაყობ ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ახალი ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან. ყოველწლიური „უორდროპის დიალოგი“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ინსტიტუციური პროცესი და წელიწადში ერთხელ, ჩვენ ვხვდებით სამინისტროების დონეზე, რომ ვიმსჯელოთ თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოების თუ თავდაცვის საკითხები. წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს, მართლაც ჩაღრმავებული დისკუსია, რა მუშაობს კარგად და რა საქმე შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთად."
ყველაზე მეტად რას ნანობს? თურმე იმას, რომ შატილში ვერ წავიდა, და კიდევ, რამდენიმე ადგილას ვერ წავიდა საქართველოში ყოფნის დროს. თუმცა ახლა მიზეზი მაქვს, რომ ამისთვის დავბრუნდეო... „მე ძალიან განვიცდი. ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს არის ჩემი ბოლო კვირა საქართველოში, I am very sad, ის ისეთი ლამაზია... So beautiful…“