„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უახლოეს დღეებში მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს 11 მოქალაქის სახელით. იგი სასამართლოში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. საჩივარი 2008 წლის აგვისტოს ომში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეში დარღვევის საკითხებს შეეხება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერჯერობით არ ახმაურებს იმ პირთა ვინაობას, ვისი სახელითაც წარიგზავნება საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ამის მიუხედავად, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ, საქმის მოგების შემთხვევაში, დადებითი შედეგით სარგებლობა შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა უფლებებიც დაარღვიეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა და რუსეთის სახელმწიფომ.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაირღვა ჩვენი მოქალაქეების უფლებები, კერძოდ, მათი საკუთრების უფლებები. მათ წაართვეს სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები, სხვა ნაგებობები და შესაძლებლობები, რომ მათ დაემუშავებინათ მიწა ადგილზე. ასევე, მათ არა აქვთ უფლება, რომ გადავიდნენ და ილოცონ იმ სალოცავებში, რომლებიც მოხვდა საოკუპაციო ზოლის იქით. მათ არა აქვთ საშუალება, რომ მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრების საფლავები. ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის კონკრეტული დებულებების უხეში დარღვევა“.
კერძოდ, საუბარია ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევაზე, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებას ადგენს; კონვენციის მერვე მუხლის დარღვევაზე, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას შეეხება, და კონვენციის მეცამეტე მუხლის დარღვევაზე, რომელიც სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას შეეხება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი იურისტის, თეონა ზაქარაშვილის, განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპირების შემდეგ მოსახლეობისთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს სამართლებრივი დაცვის არც ერთი მექანიზმი:
“მაგალითიც გვაქვს, როდესაც ჩვენმა მოქალაქემ მიმართა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლოს და თქვენ წარმოიდგინეთ, წარმოება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, რუსული კანონმდებლობის გამოყენებით, რუსული სამართლებრივი რეჟიმით, რუსული იყო ყველაფერი. კანონებიც, რომელიც გამოიყენეს და ეს იქნება ერთ-ერთი, კიდევ ერთი დამადასტურებელი სტრასბურგის სასამართლოსთვის, რომ სწორედ რუსეთის წინააღმდეგ უნდა ვიდავოთ და არა სხვა ვინმეს წინააღმდეგ“.
თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, არ არსებობს შემთხვევა, რომ საკუთრების, პირადი და საოჯახო უფლებების დარღვევის საკითხებზე დავა ეთნიკურ ქართველს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებში წარმატებით დაესრულებინოს. შესაბამისად, მოსარჩელეები ფიქრობენ, რომ საქმის მოგება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესშიც, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაასაბუთებს, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეალურად რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდება და პრაქტიკულად რუსეთი მართავს მას. თავის მხრივ, პრეცედენტის მნიშვნელობაზე საუბრობს ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა:
ისინი იტაცებენ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, ბაღებს და შიგ შუა ზოლში გაჰყავთ ეგრეთ წოდებული მავთულხლართები. რაც შეეხება ადამიანების გატაცებას, ნუ, თქვენც იცით, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება და ასევეა საქონლის მიტაცებები...ლია ჩლაჩიძე
“ის, რომ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სტრუქტურები რუსული სამართალწარმოებით მოქმედებენ, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ იქ რეალურ კონტროლს და ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს. თუ ეს კომპონენტიც გაზიარებულ იქნა, ბუნებრივია, შემდგომ პროცესებში ვინც დავას დაიწყებს, ეს დიდი ნაწილი, ყველაზე რთული ნაწილი - რუსეთის კონტროლის დასაბუთება - მოხსნილი ექნება. ეს იქნება დასაბუთებული, ეს იქნება პრეცედენტული და მათ მხოლოდ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ რეალურად მათ ჰქონდათ ქონება და შემდეგ ისინი დაზარალდნენ ამ აგრესიის შედეგად. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ 11 ადამიანისთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და, განსაკუთრებით, იმ ხალხისთვის, ვინც იმ ტერიტორიაზე დაზარალდა“.
ოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზი 104 სოფელზე გადის. როგორც ერგნეთის განვითარებისა და რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა ლია ჩლაჩიძემ გვითხრა, მისმა თანასოფლელებმა იციან, სად არის არარსებული საზღვარი და მოსახლეობა ცდილობს ამ არარსებულ საზღვარს არ გადააბიჯოს, რასაც ვერ ვიტყვით სხვა სოფლებზე:
“ვერ გაურკვევია მოსახლეობას, სად გადის, ოსური მხარის მონაცემებით, საზღვარი - რომელია, ვთქვათ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და რომელია ოსური. ისინი იტაცებენ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს, ბაღებს და შიგ შუა ზოლში გაჰყავთ ეგრეთ წოდებული მავთულხლართები. რაც შეეხება ადამიანების გატაცებას, ნუ, თქვენც იცით, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება და ასევეა საქონლის მიტაცებები“.
ლია ჩლაჩიძე ყურადღებას ამახვილებს ასევე პროვოკაციებზე, როდესაც ადამიანებს იტაცებენ და შემდეგ მათ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო ასამართლებენ. 11 საქმე კი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სარჩელმა გააერთიანა, ერთმანეთისგან განსხვავებულ საჩივრებს ასახავს. მოქალაქეთა ნაწილი მცოცავი ოკუპაციის შედეგადაა დაზარალებული და დევნილის სტატუსის მატარებელი არ არის, ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული პირია და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით შეეცდება თავისი დარღვეული უფლებების აღდგენას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 15 აგვისტოს გაგზავნის, მანამდე კი დაზარალებულ მოქალაქეებს კიდევ აქვთ საშუალება ორგანიზაციას მიმართონ და წარადგინონ დოკუმენტები, რომლებიც საქმეს დაემატება.