Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც ერთი ვენახი უმარნოდ


დასასრულს უახლოვდება რთველი კახეთში, ქართლსა და იმერეთში. ყურძენი იკრიფება რაჭასა და გურიაში. ტრადიციულად, რთველს დაასრულებს სამეგრელო, სადაც ოჯალეშის ვენახებს, ჩვეულებრივ, ნოემბერის პირველ რიცხვებში კრეფენ. რა ვითარებაში ჩაირა ყურძნის კრეფამ კახეთში, როგორი მოსავალი მოიწიეს მევენახეებმადა რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები მევენახეობის განვითარების პერსპექტივაზე?

იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ჩინური ჯიშის ვენახი ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული. იქვეა მისივე ღვინის მარანიც, სადაც მხოლოდ ქვევრებში აყენებს ორგანულად მოწეული ყურძნისგან დაწურულ ღვინოს. პირველი პარტია - 600 ბოთლი ჩინური - 2003 წელს ჩამოასხა, ახლა 3-4 ათასამდე ბოთლს ასხამს. იაგოს თქმით, ამინდის წყალობით, წელს კარგი მოსავალი იყო:

„საკმაოდ ხარისხიანი ყურძენი მოვიდა, კმაყოფილი ვარ ჩემი ვენახით. ჩვენ ცოტა სხვანაიარად ვუვლით ვენახებს და, აქედან გამოდინარე, უფრო მეტი რისკი გვაქვს, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ წელს იმდენად ხელსაყრელი პირობები იყო, რომ ნაკლებად დაზიანდა ჩვენი ვენახები. მშრალი და მზიანი ამინდები იყო, რაც უყვარს ვაზს“.

ჩარდახის მსგავსად, რაოდენობრივად და ხარისხობრივად ყურძნის კარგი მოსავალი მოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტო კახეთში 140 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, აქედან სახელმწიფოს კუთვნილებაა 35 პროცენტი, ანუ თითქმის 49 ათასი ტონა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს: ფერმენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ტექნოლოგები გადაწყვეტენ, რა პროდუქტები დამზადდება ნარჩენი ყურძნისგან, თუმცა, ღვინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ქეთო ნინიძის თქმით, 2015 წლის რთველი სხვა რამით იყო გამორჩეული:

ერთ-ერთი მასტიმულირებელი, რის გამოც ღვინის დაყენება დავიწყე, ყურძნის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ყოველ წელს ვიდექი ერთისა და იმავე პრობლემის წინაშე: არ ვიცოდით რა გვექნა ყურძნისთვის...
იაგო ბიტარიშვილი

„წლევანდელი რთველი გარდამტეხი იყო იმ მხრივ, რომ სახელმწიფომ დააანონსა, რომ ყურძნის გადამუშავების პროცესიდან კერძო სექტორსა და ყურძნის მწარმოებლებს შორის ურთიერთობიდან გამოდის, ანუ ის არც ფასების რეგულირებაში აღარ ჩაერევა და მოსალოდნელია, რომ 2016 წელს სუბსიდირებაც აღარ გასწიოს“.

წელს რქაწითელსა და მწვანეზე სახელმწიფო სუბსიდიამ 35 თეთრი, ხოლო საფერავზე 15 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, მევენახეების დიდმა ნაწილმა, რომელმაც მოსავლის გაყიდვა გადაწყვიტა, კილოგრამ ყურძენში, საშუალოდ, 60-85 თეთრი მიიღო, რამაც კახელი მევენახეების დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქმე საპროტესტო აქციებამდე და საავტომობილო გზების გადაკეტვამდეც კი მივიდა. გურჯაანელი მევენახეების მტკიცებით, ყურძნის საფასური ბევრად ჩამორჩება თვითღირებულებას.

ღვინის საინფორმაციო ცენტრმა, მართლაც, დაიანგარიშა ყურძნის თვითღირებულება. ქეთო ნინიძის თქმით, ორგანული მევენახეობის მიმდევრებს რქაწითლის მოყვანა 36-დან 74 თეთრამდე, ხოლო საფერავისა 68 თეთრი უჯდებათ, არაორგანულის მიმდევრებს კი რქაწითელი და საფერავი, შესაბამისად, 17-43 თეთრი და 22-65 თეთრი უჯდებათ.

ქეთო ნინიძე
ქეთო ნინიძე

„ორგანულ მევენახეობას გაცილებით ნაკლები ხარჯი სჭირდება, თუმცა ასევე გაცილებით ნაკლებ მოსავალს იღებენ და, ამდენად, თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე არაორგანულ გამოცდილებაში. შესაბამისად, მივედით შემდეგ დასკვნამდე: ყურძნის თვითღირებულებას ცვლის სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად, ყურძნის ჯიში. საფერავის ვენახში გაცილებით ძვირი ჯდებამუშახელის დაქირავება, ვიდრე რქაწითელის, მწვანეს და სხვა ჯიშების შემთხვევაში. ფასზე გავლენას ახდენს ასევე ვენახის მდებარეობა. ხარჯი მეტია, თუ მაღალტენიან ადგილზეა ვენახი გაშენებული. ბევრი შეწამვლა და მოვლა სჭირდება“, უთხრა ქეთო ნინიძემ რადიო თავისუფლებას.

ყურძნის თვითღირებულებაზე ასევე გავლენას ახდენს ვენახის ფართობი, ასაკი და მევენახის აღჭურვილობა, თუმცა, როგორიც უნდა იყოს ყურძნის თვითღირებულება, მევენახე, რომელიც არ აყენებს ღვინოს და ყურძნის გაყიდვით ცდილობს მოგების მიღებას, მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგანაც ყურძნის ფასი დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე, მათ შორის, კლიმატზე, საერთო მოსავალზე, ღვინის კომპანიების მარაგებსა თუ ნაშთებზე. შესაბამისად, მევენახეს, რომელიც მხოლოდ ყურძნის რეალიზაციითაა დაკავებული, მუდმივად უდგას მოსავლის გაფუჭების, რეალიზაციისა და ზარალის პრობლემა. წლების წინ ასეთ მდგომარეობაში იყო იაგო ბიტარიშვილიც - ახლა უკვე წარმატებული მევენახე და მეღვინე:

„ერთ-ერთი მასტიმულირებელი, რის გამოც ღვინის დაყენება დავიწყე, ყურძნის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ყოველ წელს ვიდექი ერთისა და იმავე პრობლემის წინაშე: არ ვიცოდით რა გვექნა ყურძნისთვის. ხან შეშაში ვცვლიდით და ხან ფქვილში. გაყიდვა ძალიან ჭირდა. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, ამიტომ გადავწყვიტეთ მარნის გაკეთება“.

იაგო ბიტარიშვილის მსგავსად, ყურძნის გაყიდვაზე არც კი ფიქრობს ცნობილი მწერალი კოტე ჯანდიერი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხუთი ჰექტარი ვენახი აქვს გაშენებული ნაფარეულის მიკროზონაში. ყიდიან მხოლოდ ღვინოს, რომელსაც ქვევრებში აყენებენ:

კოტე ჯანდიერი
კოტე ჯანდიერი

„პაპაჩემს იმდენი ვენახი ჰქონდა, რომ ეხვეწებოდნენ, გავყიდოთო, მაგრამ ის ამბობდა, ღვინო როგორ გავყიდოო?! ასეთი კოლიზიები იყო მაშინ. ახლა შეიცვალა ყველაფერი და ღვინის გაყიდვაც ჩვეულებრივი ამბავია. სულ გვაქვს 5 ჰექტარი: ნახევარი - რქაწითელი, ნახევარი - საფერავი. საშუალოდ, ჩვენი მოვლის მეთოდებიდან გამომდინარე, მოსავალი 1 ჰექტარიდან არის 6,5 ტონა, არაუმეტესი, რადგანაც ჩვენ არ ვხმარობთ სისტემურ შხამქიმიკატებს, უზომო რაოდენობით გვარჯილას და ა. შ. ვჯერდებით იმას, რასაც გვაძლევს მიწა. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქტი ხარისხიანია“.

კოტე ჯანდიერი მეზობელ მევენახეებსა და სხვებსაც ურჩევს, რომ ორიენტაცია აიღონ არა ყურძნის, არამედ ღვინის გაყიდვაზე:

„ორიენტაცია იმაზე, რომ მოვიყვანო რაც შეიძლება მეტი ყურძენი ერთ ჰექტარზე და ჩავაბარო რაც შეიძლება მეტი ქარხანას და ასე მივიღო შემოსავალი, მგონია, რომ არაა მთლად შორსმჭვრეტელური. თუ ერთი ოჯახი ვერ სწევს ამ ტვირთს, არ ჯობია, რომ გაერთიანდნენ, იყიდონ ქვევრები, დააყენონ ღვინო და ღვინო გაყიდონ? არაა აუცილებელი, რომ ისეთი ღვინო იყოს, რომ საექსპორტოდ გაიტანონ, მაგრამ არის პერსპექტივა, რომ თბილისის მთელი სარდაფები, სადაც იშვიათად თუ ნახავ კარგ ღვინოს, სრულად მოამარაგონ. ღვინის გაყიდვა ბევრად უფრო შემოსავლიანი საქმეა, ვიდრე ყურძნის ჩაბარება, და ბევრად უფრო სტაბილურიც. არსად ასეთი რამ არ ხდება, მათ შორის, ევროპაში, რომ ადამიანს ჰქონდეს ზვრები და ის არ აყენებდეს ღვინოს. თუ ჭურჭელში არ ჩაეტია, მხოლოდ იმას თუ გაყიდიან“.

კოტე ჯანდიერის მსგავსად, ბევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, მევენახეებისათვის სუბსიდიების გამოყოფის ნაცვლად, უნდა შექმნას პირობები მცირე და საშუალო მარნების განვითარებისათვის. ღვინის კლუბის პრეზიდენტის მალხაზ ხარბედიას თქმით, ლაპარაკია აგროდაზღვევაზე, მელიორაციაზე, იაფ კრედიტებსა და ოჯახური მარნების მოწყობაზე, რათა მევენახეების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა იყოს დამოკიდებული ყურძნის ჩაბარებაზე.

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია

„ძალიან დიდი წყვეტაა ვენახსა და საბოლოო პროდუქტს, ანუ ღვინოს, შორის. ერთ ადამიანს მოჰყავს ყურძენი და სულ სხვა ადამიანი წურავს ღვინოს. პირველი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე მოიშოროს ეს მოსავალი, მეორე კი, პირიქით, დაინტერესებულია რაც შეიძლება მწიფე და კონდიციური, ხარისხიანი მოსავალი ჩაიბაროს. ეს წყვეტა უნდა გაქრეს. ძალიან მალე ყველა დიდ მარანს, ღვინის კომპანიას ექნება (ბევრს უკვე აქვს) თავისი ვენახები, ისინი ყოველთვის იზრუნებენ ზუსტად ისეთი მოსავალი ჰქონდეთ, როგორიც უნდათ ჯიშური შემადგენლობის თუ ხარისხის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს მევენახეები არ უნდა დარჩნენ ჰაერზე. უნდა მიიღონ მკვეთრი გადაწყვეტილებები, აინტერესებთ თუ არა ეს საქმე, რათა ყოველწლიურად ერთი და იმავე საქმით - მოსავლის მოშორებით - არ იყვნენ დაკავებული“, უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ ხარბედიამ, რომლის თქმითაც, წლევანდელმა რთველმა, ღვინის ახალი მარნების მომრავლებამ და ჯიშურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვამ გააჩინა მევენახეობის სწორი მიმართულებით განვითარების იმედი:

„გარკვეული თვალსაზრისით, წლევანდელი წელი რაღაცნაირად გარდამტეხი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. ვენახის ჯიშური სისუფთავეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ძნელია იპოვო ისეთი ვენახი, რომელშიც მხოლოდ ერთი ჯიშის ვაზი იქნება გაშენებული. ხშირ შემთხვევაში არც იციან, რომელი ჯიშები აქვთ. ყველაფერს ერთად წურავენ და ურევენ, რის გამოც არაავთენტური გამოდის. მომხრე ვართ ჯიშური მრავალფეროვნების, მაგრამ არა ვართ მომხრე ჯიშური გაურკვევლობის. გვინდა ძალიან მალე დაიხვეწოს ეს ვენახები, გაირკვეს ზუსტი რაოდენობა - სად, რამდენი და რომელი ჯიშის ვენახია გაშენებული, რომელია სუფთა კახური მწვანე, ხიხვი...“

ბოლო ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ლიბერალური მიდგომაა ამ დარგის მიმართ. ვინმე რომ მოდის და მეკითხება, როგორ დავიწყო საქმე, როგორ ჩამოვასხათ ღვინოო, ხანდახან არც კი სჯერათ, როცა ეუბნები, რომ ამ საქმეს არ სჭირდება არანაირი ლიცენზია...
იაგო ბიტარიშვილი

მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ ფალსიფიკაციასთან ბრძოლასთან ერთად, ჯიშური მრავალფეროვნებით, მცირე და საშუალო მარნებში ხარისხიანი ღვინის დაყენებით მევენახეობა შეიძლება იქცეს მომგებიან ბიზნესად, რომლის ნაწარმი საზღვარგარეთაც გავა და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს. მალხაზ ხარბედიას თქმით, საყურადღებოა ჩარდახელი მეღვინის იაგო ბიტარიშვილის გამოცდილება, რომლის მიერ წარმოებულ ორგანულ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა და გაუყიდავი არ რჩება. თავად იაგო კოლეგა მევენახეებს ურჩევს, გადაიღონ მისი მაგალითი, გააკეთონ მცირე მარნები და დაიწყონ ღვინის დაყენება-გაყიდვა, რაც სულაც არაა ისეთი რთული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ლიბერალური მიდგომაა ამ დარგის მიმართ. ვინმე რომ მოდის და მეკითხება, როგორ დავიწყო საქმე, როგორ ჩამოვასხათ ღვინოო, ხანდახან არც კი სჯერათ, როცა ეუბნები, რომ ამ საქმეს არ სჭირდება არანაირი ლიცენზია, სერტიფიკატი და სხვა რამ. გაკვირვებული მეკითხება, აბა, როგორ, შემიძლია პირდაპირ ჩამოვასხაო? კი, თუ დააფუძნებს შპს-ს ან მცირე მეწარმედ დაფუძნდება, მეორე დღიდან შეუძლია აწარმოოს ღვინო, იმდენად გამარტივებულია საქმის დაწყება და ეს ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება ეს სფერო, მაგრამ იმის გამო, რომ მეღვინეობა ითვლება ჩვენს ტრადიციულ საქმიანობად, ასეთი მიდგომა აქვს სახელმწიფოს და ეს უნდა გამოიყენოს ყველამ“, უთხრა იაგო ბიტარიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG