Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მშობელს და შვილს ერთმანეთს არ დააშორებს


ბავშვთა უფლებების დამცველები ჯანდაცვის სისტემის იმ ნაკლზე საუბრობენ, რომელიც სამედიცინო მომსახურების პროცესში მშობელსა და შვილს ერთმანეთს აშორებს. როგორც ისინი ამბობენ, ამგვარი პრაქტიკა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესზე და არღვევს ბავშვთა უფლებების კონვენციებს. ბავშვთა უფლებების დამცველები კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკობენ და რადიო თავისუფლებასთან აანონსებენ საქართველოში ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის დამკვიდრების კამპანიის დაწყებას.

რამდენიმე ხნის წინ გიორგის 7 წლის შვილი ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მწვავე რესპირატორული ვირუსის გამო ბავშვს გარკვეული დროით საავადმყოფოში დარჩენა მოუხდა. გიორგის ცოლს სამსახურის გაცდენა არ შეეძლო, ბავშვთან მამა უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მას საავადმყოფოში დარჩენაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ თავდგომის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქალებს აქვთ:

„თან გაითვალისწინეთ, რომ პალატა იყო ერთ ადამიანზე გათვლილი. მიუხედავად ამისა, მაინც გააპროტესტა ჩემი დარჩენა ადმინისტრაციამ და მითხრეს, რომ აქ მამაკაცები ნასვამები მოდიან, მერე ამბავს ტეხენ და ა.შ. ვუთხარი, რომ არ ვიყავი ნასვამი და არც ვაპირებდი დალევას, მაგრამ მაინც უარი მითხრეს. ჩავაყენე საქმის კურსში დირექციაც, დებულებაც მოვითხოვე. მითხრეს, რომ დებულება ჰქონდათ, მაგრამ ვერ მანახვებდნენ. საბოლოოდ, მეუღლემ სამსახურში სიტყვიერი საყვედური მიიღო გაცდენილი საათების გამო. მხოლოდ ერთხელ შემიშვეს რამდენიმე წუთით. ბავშვმა ტირილი დაიწყო, უნდოდა ჩემთან ყოფნა. მამაც ხომ მშობელია, არა? ბავშვი მხოლოდ 7 წლისაა“.

თვითონ ავადმყოფობაა დიდი სტრესი და, რა თქმა უნდა, ბავშვს უფრო მეტად შეეშლება ხელი გამოჯანმრთელებაში, თუ ის ავადმყოფობის დროს დაშორდება დედას ან მამას, ან ორივეს ერთად...
ცოტნე ბესელია

როგორც ირკვევა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საავადმყოფოში მამას არ მისცეს შვილთან ღამით დარჩენის უფლება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წერდა სოციალურ ქსელში 29 წლის შორენა, რომლის ქმარსაც, იმ მიზეზით, რომ სხვა ბავშვების თავმდგომი დედები შეწუხდებოდნენ მამრობითი სქესის გვერდში ყოფნით, ბავშვთან ღამის გათენების საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტებს გასულ თვეში სპეციალური განცხადებითა და რეკომენდაციით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო სქესის გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მან თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს მიმართა რეკომენდაციით, დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშაოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები მამებს უზღუდავს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრებაში და დედებთან ერთად გაინაწილონ მშობლის ტვირთი.

მართალია, მანანა ხოჭავას, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს სამეცნიერო კონსულტანტსა და პროფესორს, წერილობითი სახით არ უნახავს სახალხო დამცველის ეს რეკომენდაცია, მაგრამ, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ განცხადების შინაარსი მისთვის ცნობილია. ჩვენ, ცხადია, არაფერი გვაქვს მამაკაცების საწინააღმდეგო, მაგრამ საავადმყოფოს მოძველებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა სქესის თავმდგომებს დისკომფორტი ავაცილოთ თავიდანო, გვითხრა მან:

„ცოტა ძნელია, რომ პალატაში, სადაც თავმდგომებად დედები არიან, მამაკაციც შეუშვა. მამაკაცების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, აბსოლუტურად ისეთივე მშობელია, როგორიც დედა, და ეს ყველაფერი გვესმის. უბრალოდ, ჯერჯერობით ეს საავადმყოფო ძველია, სადაც კარგი პირობები არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს ხანში შეიცვლება, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაცია ისეთია, რომ ღამის განმავლობაში ძნელია შერეული კონტინგენტის გაჩერება“.

ტიროდა, განიცდიდა, უმწეოდ გრძნობდა თავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობა უტოლდება ადამიანის ტანჯვას, რა მდგომარეობაშიც ეს ბავშვი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, თავად დედა ძლიერი სტრესის ქვეშ იყო...
ნათია ხაინდრავა

ანუ, როგორც მანანა ხოჭავა ამბობს, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციად რჩება, სანამ, მისი სიტყვებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი არ მოგვარდება. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს ეხება, როგორც ირკვევა, მხოლოდ სქესის გამო დისკრიმინაციის შემთხვევები არ არის წუხილის მიზეზი. კიდევ ერთი მტკივნეული თემა მკურნალობის პროცესში შვილის და მშობლის დაშორებაა. იმაზე, რომ საავადმყოფოებში მშობლებსა და ბავშვებს, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად უწევთ განშორება, რადიო თავისუფლებასთან საუბრობს ბავშვთა უფლებების დამცველი ნათია ხაინდრავა და იხსენებს ერთ ფაქტს, რომელიც მის კოლეგას შეემთხვა. შემთხვევა კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ოქტომბრის დასაწყისში მოხდა. ორი წლის ბავშვი ინტენსიური ზრუნვის პალატაში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, მშობელს კი მის მოსანახულებლად დღეში მხოლოდ ერთი საათი გამოუყვეს. დედას ბავშვთან დარჩენის უფლება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ნათია ხაინდრავას დახმარებით საქმეში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ჩაერთვნენ:

„ორწლინახევრის ბავშვს, სავარაუდოდ, ჰქონდა განცდა, რომ ის მიატოვა მშობელმა, რადგან მთელი ორი დღის მანძილზე, ის ითხოვდა დედას. ტიროდა, განიცდიდა, უმწეოდ გრძნობდა თავს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობა უტოლდება ადამიანის ტანჯვას, რა მდგომარეობაშიც ეს ბავშვი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, თავად დედა ძლიერი სტრესის ქვეშ იყო. თან იმის შიშით, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ მისი შვილისთვის შესაძლოა სათანადო ყურადღება აღარ მიექციათ, ვერ გადადგა ის ნაბიჯი, რომ თავად შეეტანა საჩივარი საავადმყოფოს ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამიტომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ჩემი თხოვნითა და თავიანთი ინიციატივით დაიწყეს საქმის მოკვლევა. ამის შემდეგ, მეორე დღეს, დედას უკვე მისცეს ბავშვთან ყოფნის საშუალება“.

რამდენად ეძლევა მშობლებს და ბავშვის ახლობლებს ბავშვთან კომუნიკაციის საშუალება უწყვეტად. ხაზს ვუსვამ სიტყვას „უწყვეტად“, რადგან სტანდარტები პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია ბავშვების მარტო განთავსება, მათ შორის, საოპერაციო კაბინეტში და, მათ შორის, რეანიმაციაში და ა.შ...
ანა აბაშიძე

პედიატრი ცოტნე ბესელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს მთელი რიგი სამედიცინო მანიპულაციებისა, როდესაც შესაძლოა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მცირე ხნით მოხდეს მშობლისა თუ ბავშვის დაშორება, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ეს პროცესი ბავშვისთვის საკმაოდ დიდ სტრესთან არის დაკავშირებული და, მეტიც, შესაძლოა, მიღებულმა სტრესმა ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესი გააჭიანუროს:

„თვითონ ავადმყოფობაა დიდი სტრესი და, რა თქმა უნდა, ბავშვს უფრო მეტად შეეშლება ხელი გამოჯანმრთელებაში, თუ ის ავადმყოფობის დროს დაშორდება დედას ან მამას, ან ორივეს ერთად. მე ვფიქრობ, შეიძლება გამოინახოს ისეთი ფორმა, რომ აუხსნა კარგად მშობელს და უთხრა, რომ ახლა მე აქ ვატარებ ისეთ მანიპულაციას, რომელიც არის რთული და უმჯობესია, თუკი ბავშვთან მარტო დავრჩებით“.

თუკი ყურადღებას შევაჩერებთ ბავშვზე მორგებულ ჯანდაცვის სისტემაზე, მაშინ უნდა ითქვას, რომ ის არის ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო სისტემა, რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა. ბავშვზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის არსებობისას ჯანმრთელობის დაცვის ყველა ეტაპზე მთავარი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს. იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემა გახდეს ბავშვზე ორიენტირებული, აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს. კონცეფცია ბავშვზე ორიენტირებული ჯანდაცვის შესახებ, რომელიც კონკრეტულ სტანდარტებს ეყრდნობა, პირველად 1996 წელს წარადგინეს გაეროს ბავშვთა ფონდში. იდეის განხორციელებას ასევე მხარი დაუჭირა გაერთიანებულ სამეფოში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ. 2000 წლის ნოემბერში სტანდარტების პირველადი ვერსია გამოქვეყნდა ჟურნალ Pediatrics-ში. ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის შექმნის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ.

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე არის ერთ-ერთი მკვლევარი საქართველოში, რომელმაც ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემას გამოკვლევა მიუძღვნა და ამ ნამუშევარში სწორედ იმ სტანდარტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ ის დაწესებულებები, სადაც ბავშვები სამედიცინო მომსახურებას იღებენ. სტანდარტებს შორისაა ბავშვზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად შემცირებული ჰოსპიტალიზაცია. სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს ბავშვები უნდა იყვნენ მაქსიმალურად დაცულნი ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან, რომლებიც შეიძლება განიცადონ სხვადასხვა მანიპულაციის დროს. კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომელსაც ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა გულისხმობს, მკურნალობის პროცესში ბავშვი არ უნდა დაშორდეს მშობელს:

„რამდენად ეძლევა მშობლებს და ბავშვის ახლობლებს ბავშვთან კომუნიკაციის საშუალება უწყვეტად. ხაზს ვუსვამ სიტყვას „უწყვეტად“, რადგან სტანდარტები პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია ბავშვების მარტო განთავსება, მათ შორის, საოპერაციო კაბინეტში და, მათ შორის, რეანიმაციაში და ა.შ. მათთან უნდა იმყოფებოდნენ, პირველ რიგში, მშობლები. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ დედას ან მამას, არამედ - ორივეს. და თუ ბავშვს მშობლები არ ჰყავს, ცხადია, მასთან ყოველ წამს უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც ბავშვს აქვს კომუნიკაცია და ის მათ ენდობა. ეს არის ერთ-ერთი პირველი სტანდარტი, რომელიც თვალსაჩინოდ ირღვევა ჩვენს გარემოში. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ თუ ჯანდაცვის სისტემა იქნება ბავშვზე ორიენტირებული, გაცილებით უადვილდება საქმე სამედიცინო პერსონალს და, რაც ყველაზე მაგარია, გამოჯანმრთელების პროცესი ადვილდება“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სტანდარტები, რომლებსაც დღეს საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ეყრდნობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ მათი ფუნქციონირების საკითხებს. კერძოდ, ესენია დაწესებულებების ლიცენზირებასთან დაკავშირებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები, ანუ ის სტანდარტები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება, რომ მას სერვისების მიწოდების უფლება მიენიჭოს.

უცნაურია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თვალს არ ადევნებს იგივე ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის მიერ გადაწყვეტილ რეგულაციებს, რომელიც კარგად აზუსტებს, თუ როგორია ასეთი სისტემა...
ნათია ხაინდრავა

რაც შეეხება მომსახურების მეორე ნაწილს, ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის სტანდარტებს, მაგალითად, მშობლისა და ბავშვის დაშორებას, ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს ნაწილი კანონით არ რეგულირდება და მხოლოდ და მხოლოდ თავად დაწესებულებების შინაგანაწესის საკითხს წარმოადგენს:

„ეს არც დაშვებულია და არც შეზღუდული. შესაბამისად, რაც არ არის შეზღუდული, ის შეიძლება სამედიცინო დაწესებულებების შიდა რეგულაციებით მოწესრიგდეს. საერთოდ, ჩვენ ყველა რეკომენდაციებში ვეყრდნობით ხოლმე დარგობრივი ორგანიზაციებიდან მიღებულ წინადადებებსა და მოსაზრებებს. როდესაც შემოდის რეკომენდაციები ასეთი ორგანიზაციებიდან თუ არასამთავრობო სექტორიდან, ყოველთვის ხდება მათი განხილვა და გარკვეულ დოკუმენტებში ამ რეკომენდაციების ასახვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის დეპარტამენტში მსგავსი ტიპის რეკომენდაციები არ შემოსულა“.

იმის საპასუხოდ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ შესულა რეკომენდაციები ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის სტანდარტების შესახებ, ნათია ხაინდრავა, ბავშვთა უფლებების დამცველი ამბობს:

„ჩათვალონ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, ერთგვარი კამპანია, რომელიც გვინდა, რომ წამოვიწყოთ და რომელიც ეხება ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის დამკვიდრებას საქართველოში. უცნაურია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თვალს არ ადევნებს იგივე ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის მიერ გადაწყვეტილ რეგულაციებს, რომელიც კარგად აზუსტებს, თუ როგორია ასეთი სისტემა. ამიტომ, კი ბატონო, საქართველოში ჩავთვალოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ჩვენ მივმართავთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემა“.

XS
SM
MD
LG