Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური კომპანიები ქართულ ტენდერებში


თბილისი
თბილისი

2014 წელი ინვესტიციების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით აღინიშნა. ამ სიტუაციაში, ცხადია, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი როლი სახელმწიფოს დაეკისრა, რომელიც, სახელმწიფო შესყიდვების სახით, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმან, თუ ვინ არის ამ სახელმწიფო შესყიდვების შემსრულებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუდმივ რეჟიმში აწარმოებს სახელმწიფო ტენდერების მონიტორინგს. ცოტა ხნის წინ კი ამ ორგანიზაციამ საკმაოდ საინტერესო დასკვნა გაახმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე უცხოური კომპანიების რაოდენობა და მათი კონტრაქტების ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, 2011-2014წლებში სახელმწიფო ტენდერებში 150-მდე უცხოური კომპანია ფიგურირებს. ამ კომპანიებმა, სულ, დაახლოებით 250 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა. მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან 130 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.

მხოლოდ 2014 წლის 9 თვის განმავლობაში უცხოურმა კომპანიებმა სახელმწიფო კონტრაქტების გზით 73 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ როცა წინა სამი წლის განმავლობაში მათმა შემოსავალმა, ჯამში, დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა უცხოური კომპანიებიდან შემოსული წინადადებების რიცხვიც.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში 40-ზე მეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათი უმეტესობა ევროპული ქვეყანაა. ყველაზე მეტი თანხა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან თურქულმა კომპანიებმა მიიღეს: უცხოური კომპანიების მიერ მიღებული კონტრაქტების დაახლოებით 35% სწორედ თურქეთზე მოდის. ტენდერებში მონაწილეობის სიხშირის მხრივაც თურქული კომპანიები ლიდერობენ. მათ 40-ზე მეტ ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, აქედან კი 25-ში გაიმარჯვეს. საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნები თურქეთს მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდებიან. აზერბაიჯანისა და სომხეთის არც ერთ კომპანიას არა აქვს საქართველოში ტენდერი მოგებული. რაც შეეხება რუსეთს, რუსულმა კომპანია შპს „ინვესსტროირეგიონმა” 2014 წელს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ორი ტენდერი მოიგო - ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების.

2014 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მსხვილი კონტრაქტები გაფორმდა ავსტრიულ, რუსულ და ჩინურ კომპანიებთან. 2014 წლამდე კომპანიები ამ ქვეყნებიდან იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობდნენ სახელმწიფო ტენდერებში. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანიები - მაგალითად, გერმანიის, დანიისა და ლიტვის - ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ქართულ სახელმწიფო ტენდერებში და მათ მიერ მიღებული შემოსავლებიც დიდია, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში შემოსავლების სიდიდე მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კონტრაქტზე მოდის. მაგალითად, ავსტრიული კომპანიები, მიღებული თანხების ოთხი წლის ჯამური მონაცემებით, მესამე ადგილზე არიან, თუმცა მათ, ჯამში, მხოლოდ ოთხ სახელმწიფო ტენდერში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ყველაზე მსხვილი, 15 მილიონ 380 ათასი ლარის ღირებულების - კონტრაქტი ავსტრიულ კომპანია RMS Ropeway Maintenance Systems-თან გაფორმდა თეთნულდში საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის მონტაჟისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის.

უცხოური კომპანიების სერვისებსა და საქონელზე დახარჯული თანხების დიდი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებსა და სამშენებლო მასალებზე მოდის. დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა სამედიცინო მოწყობილობებმა და ფარმაცევტულმა პროდუქციამაც. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კონტრაქტების რაოდენობა და მასშტაბი სულაც არ არის იმხელა, რომ მათ მიერ ქართული ბიზნესისთვის გაწეული კონკურენცია საგანგაშო იყოს - უცხოური კომპანიების მონაწილეობის მაჩვენებელი სახელმწიფო ტენდერებში მაინც უმნიშვნელოა და ყველა ტენდერის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG