Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის გავლენა შრომის კულტურაზე


"შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში" - ასეა დასათაურებული კვლევა, რომლის წარდგენას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ უმასპინძლა. კვლევის ავტორთა ჯგუფმა სცადა აღეწერა ობიექტური ტენდენციები ეთნიკური ქართველების ყველა რელიგიურ თემში და დაედგინა ურთიერთმიმართება მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ (კერძოდ, კათოლიკე და პროტესტანტ) ქრისტიანთა, ასევე, იეჰოვას მოწმეებისა და მუსლიმთა რელიგიურ ღირებულებებს, მათ შრომის ეთიკასა და ეკონომიკურ ქცევას შორის. როგორი დამოკიდებულება აქვთ შრომასთან რელიგიურ თემებს და რა გავლენას ახდენს კონფესიური კუთვნილება შრომის კულტურაზე?

შრომა - კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, ბიბლიის თანახმად, ღვთისადმი სიყვარულის წარმოჩენის გზაა, ხოლო ისლამი შრომას და ლოცვას ერთ სიბრტყეზე განიხილავს და ორივეს ცხონებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს. პროტესტანტულ ეთიკაში დაუღალავი შრომა წარმოადგენს თვითმიზანს, რომელიც ღვთის მადლად ტრანსფორმირდება, იეჰოვას მოწმეებისათვის შრომა რელიგიური ცხოვრების ერთგვარი ნაწილია, მართლმადიდებლობა კი შრომას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მოვლენას სააქაო, ყოფით ცხოვრებასთან მიმართებაში, თუმცა მისი პირდაპირი კავშირი სულის ცხონებასთან ნაკლებია. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორის, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კვლევა ჩატარდა ეთნიკური ქართველების ყველა მნიშვნელოვან რელიგიურ თემში, საპირწონედ კი გამოყენებული იყვნენ არამორწმუნე ქართველები, როგორც გარკვეულწილად საკონტროლო ჯგუფი:

„კვლევა სტრუქტურულად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ესაა დოქტრინალური შეხედულებები და განსხვავებები და მეორე არის ქართული ემპირიული გამოცდილების და ამ გამოცდილებაში რელიგიური თემების შესწავლა, შრომითი საქმიანობისა და აღმსარებლობის მიმართების თვალსაზრისით: რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, მათ წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით“.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, გავლენა არსებითია, რაც სათანადო ასახვას პოვებს საერთაშორისო კვლევებში გამოყენებულ შრომის რაციონალური ეთიკის ხუთივე ინდიკატორზე, მათ შორის, „მუყაით შრომასა და მასთან დაკავშირებულ წარმატებაზე“, „ფულისა და დროის დაზოგვაზე“, „თავისუფალი დროისადმი უარყოფით დამოკიდებულებაზე“, „შრომაზე, როგორც თავისთავად მიზანზე“:

მუსლიმურ თემში, მართლმადიდებლებთან შედარებით, ძლიერდება ორი მომენტი: ღმერთის წყალობის, ანუ ღმერთის მონაწილეობის როლი შრომის გზით წარმატების მიღწევაში და საერო, ანუ პროფანული შრომის ღირებულება და სულიერ-რელიგიურ მოღვაწეობასთან მისი გათანაბრება...
იაგო კაჭკაჭიშვილი

„მართლმადიდებელი თემისთვის შრომის ყველაზე ლეგიტიმური ტიპია სულიერი მოღვაწეობა, რაც რელიგიურ რიტუალებში ჩართვას გულისხმობს. საერო, ანუ პროფანული შრომა, თანაც დაუღალავი და პატიოსანი, ამქვეყნიური წარმატების საწინდარია, თუმცა სააქაო ცხოვრების მაქსიმუმი მაინც რელიგიური მოღვაწეობაა, მაგალითად, ბერობა. შრომა ადამიანს ცოდვების ჩადენისაგან იცავს და, ამდენად, ამზადებს მას საიქიო ცხოვრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია შრომით განსაზღვროს თავის მომავალი, იღბალს ანუ გამართლებას ადამიანის ცხოვრებაში თავისი გავლენა აქვს“.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მოცემული ინდიკატორის მიხედვით, მართლმადიდებელ თემთან ყველაზე ახლოს დგანან ქართველი კათოლიკეები, რომელთა განწყობები პრაქტიკულად უნაშთოდ ემთხვევა მართლმადიდებლებთან აღწერილ სურათს. რაც შეეხება სხვა რელიგიურ თემებს:

„მუსლიმურ თემში, მართლმადიდებლებთან შედარებით, ძლიერდება ორი მომენტი: ღმერთის წყალობის, ანუ ღმერთის მონაწილეობის როლი შრომის გზით წარმატების მიღწევაში და საერო, ანუ პროფანული შრომის ღირებულება და სულიერ-რელიგიურ მოღვაწეობასთან მისი გათანაბრება, თუმცა მოითხოვება საერო შრომის პროცესში ყურანის მოთხოვნების ერთგულება. ბაპტისტების თემში, მართლმადიდებლებთან შედარებით, უფრო მეტადაა აღიარებული შრომის თავისთავადი ღირებულება, ანუ შრომა როგორც თვითმიზანი, როგორც ამქვეყნიური წარმატების, ასევე სულის ხსნის გარანტია. „იეჰოვას მოწმეები“ დაბალანსებული შრომის ეთიკის მომხრეები არიან. ისინი მოითხოვენ წონასწორობის დაცვას დაუღალავ შრომასა (რომელსაც მატერიალური წარმატება მოაქვს) და არამატერიალურ სიკეთეებს შორის: სულიერება, დასვენება, ოჯახი და ა.შ.“.

ასევე მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს იძლევა რელიგიური თემების დამოკიდებულება ბედისწერასა და თავისუფალ დროსთან. კვლევის შედეგად, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებში გამოიკვეთა პოზიცია, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრების მართვა და ის ბედისწერის ტყვე არაა, შრომის ფაქტორს კი ცხოვრების მართვაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია:

„თუმცა, მეორე მხრივ, მართლმადიდებელთა ჯგუფში შემოდის კონტროლის ექსტერნალური ლოკუსის (როცა პასუხისმგებლობის ცენტრი პიროვნების შიგნითაა) ალტერნატიული ნაკადიც, რამდენადაც ეს ჯგუფი იზიარებს იღბლის, გამართლების ფაქტორის მნიშვნელობას. იღბალია ის, როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები. იღბალზე აქცენტირება ნიშნავს ირაციონალურის, შემთხვევითობის შემოტანას ცხოვრების ნაკადში, რაც არ შეიძლება გაკონტროლდეს ადამიანის მიერ. მართლმადიდებელთა ჯგუფში რელიგიურ რიტუალში მონაწილეობას შრომის უნივერსალურ, ლეგიტიმურ პრაქტიკად მიიჩნევენ: ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესრულებით არის დაკავებული, მათვის მისაღებია. არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფები რელიგიური რიტუალების შესრულებას თავისუფალი დროისთვის რელევანტურ შრომად თვლიან, თუმცა არ მოსწონთ, თუ ვინმესთვის, რელიგიური პირების გარდა, ერთადერთი ან ძირითადი საქმიანობა იქნება“.

მართლმადიდებლებზე მეტად იღბალზე აქცენტირებულია მუსლიმური თემი, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კვლევის ავტორებს უთხრა, რომ სოციალური წარმატება მეორადია, მთავარია ღმერთს უყვარდეო:

უარყოფითი დამოკიდებულება ფულისა და კომერციის მიმართ, რაც თანამედროვე მსოფლიოში ვერ უნდა იყოს მომგებიანი. და ის, რომ სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე საქმეს. ლოცვის აღვლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმის კეთება. ეს კი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმას, რომ არ გვიყვარს შრომა...
გაგა ნიჟარაძე

„წარმატებულობის ხარისხი დამოკიდებულია ჩვენი რელიგიის მიმართ პატივისცემის, მისი მიღების ხარისხზე. ამიტომ ვინმეს წარმატება პირდაპირპროპორციულია რელიგიის მიმართ მისი პატივისცემის. ის, ვინც სრულად სცემს ისლამს პატივს, სრულად წარმატებულიც იქნება“.

კვლევის კიდევ ერთი ავტორიც, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე, ვარაუდობს, რომ დომინანტური რელიგია გავლენას ახდენს ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროზე და, მათ შორის, შრომის კულტურაზე. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მწყობრად ჩამოყალიბებული სახით არ არსებობს შრომის მართლმადიდებლური ეთიკა, კვლევამ კი შემდეგი სურათი წარმოაჩინა:

„მოგეხსენებათ, არსებობს „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ მართლმადიდებლობაშიც და კათოლიციზმშიც, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც ჟღერს როგორც აცედია, სხვადასხვანაირად არის ინტერპრეტირებული: მართლმადიდებლობაში ეს არის უმოქმედობა და სასოწარკვეთა, ანუ ღვთის თუ განგების იმედის დაკარგვა, ხოლო კათოლიციზმში - ელემენტარული სიზარმაცე. ანუ მართლდამდიდებლობაში სიზარმაცე კი იგმობა (ქადაგებებიც არის ამ თემაზე), მაგრამ ზოგადად არ მიიჩნევა ცალკე გამოყოფილ მომაკვიდინებელ ცოდვად“.

გარდა ამისა, გაგა ნიჟარაძის თქმით, მართლმადიდებლობის სოციალური სტრუქტურა ბევრი რამით ჩამოჰგავს სოციალისტურისას. ორივესთვის დამახასიათებელია უმაღლესი ჭეშმარიტების ფლობის მონოპოლია, წმინდა ნაწილების თაყვანისცემა და ა.შ.. გაგა ნიჟარაძე ჩამოთვლის მართლმადიდებლური ეთიკისათვის დამახასიათებელ სხვა ნიშნებსაც: მრევლური კოლექტივიზმი, რომელშიც აბსოლუტურად თანასწორ მრევლს ჰყავს ერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე მოძღვარი. ასევე იერარქიულობა და ეგრეთ წოდებული წარსულის ლოკუსი:

„თუ ნახავთ ქართულ რეკლამას, ძალიან ხშირად მეორდება სიტყვა „ძველი“: ძველი ბორჯომი დაბრუნდა, ძველი ვაკელია და ა.შ. „ახალი“ პრაქტიკულად არ გვხვდება. ესეც მართლმადიდებლური ეთიკიდან მოდის. ორთოდოქსიას იმითი მოაქვს თავი, რომ არ შეუცვლია დოგმატიკა და ერთგულია პირველი მსოფლიო კრებების დადგენილებებისა. უარყოფითი დამოკიდებულება ფულისა და კომერციის მიმართ, რაც თანამედროვე მსოფლიოში ვერ უნდა იყოს მომგებიანი. და ის, რომ სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე საქმეს. ლოცვის აღვლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმის კეთება. ეს კი, საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმას, რომ არ გვიყვარს შრომა და თუ ვშრომობთ, ვშრომობთ ცუდად“.

ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ნაკლებად წარმატებული ხალხი სხდება ვერტმფრენში, დებენ დიდ ხატს და უფრენენ გარშემო თბილისს. რით შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას? და რამდენად არის შესაძლებელი ამ ტიპის რელიგიურობა ადაპტირდეს დემოკრატიასთან, ლიბერალურ გარემოსთან?...
ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილიც მიიჩნევს, რომ შრომისადმი დამოკიდებულებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ რელიგიები, რომლებიც განსხვავებულად შეესაბამებიან დემოკრატიულ პოლიტიკას, სოციალურ სამართლიანობას და განვითარებას. ბექა მინდიაშვილი იშველიებს ცნობილი მეცნიერის ლოურენს ჰარისონის მიერ მოტანილ მაგალითს, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან ერთ კუნძულზე მდებარე დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი:

„დომინიკანელთა რესპუბლიკა კათოლიკე ბერების მიერ შექმნილი სახელმწიფოა და, შესაბამისად, განმსაზღვრელი არის კათოლიკური კულტურა, ხოლო ჰაიტი არის ვუდუს მიმდევართა სახელმწიფო, რომელშიც მნიშვნელოვანია არა პიროვნული პასუხისმგებლობა, არა ცოდნის მიღება, არა პასუხისმგებლიანი შრომა, არამედ მნიშვნელოვანია მაგიური რიტუალების კარგად შესრულება. მაგალითად, თუ გინდა, რომ მიაღწიო წარმატებას ან გაანეიტრალო მტერი, კარგად და ზუსტად უნდა უჩხვლიტო თოჯინას. ამიტომაც ლოურენს ჰარისონს საკმაოდ სასტიკი მაგალითი მოაქვს ცნობილი მიწისძვრის სახით, რომელიც დომინიკანელთა რესპუბლიკას თითქმის არ შეეხო, ჰაიტი კი ლამის მიწასთან გაასწორა. ასე რომ, სრულიად განსხვავებულია ერთ კუნძულზე მდებარე ამ ორი ქვეყნის რეალობა“.

ბექა მინდიაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით სახარბიელო ვითარება არც საქართველოშია:

„ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ წარმატებული და ნაკლებად წარმატებული ხალხი სხდება ვერტმფრენში, დებენ დიდ ხატს და უფრენენ გარშემო თბილისს. რით შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას? და რამდენად არის შესაძლებელი ამ ტიპის რელიგიურობა ადაპტირდეს დემოკრატიასთან, ლიბერალურ გარემოსთან? რამდენად შესაძლებელია, რომ გაუძლოს გლობალიზაციის პროცესს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე განათლებას შეუწყოს ხელი?“

თუმცა, კვლევის შედეგად გამოკვეთილი ზოგადი სურათის მიუხედავად, ავტორები მიიჩნევენ, რომ ვითარება უიმედო არაა. გაგა ნიჟარაძემ მოიტანა ირლანდიელების მაგალითი:

„ირლანდიელები მე-19 საუკუნის დასაწყისში შავკანიანების დონეზე გადიოდნენ. მიიჩნეოდა, რომ მუშაობა მაგათ არ იცოდნენ და ლოთები და უსაქმურები იყვნენ. ახლა ირლანდიელები აშშ-ში არიან ყველაზე წარმატებული ეთნიკური ჯგუფი, ებრაელების ჩათვლით, ანუ არსებული რეალობა არ არის საბედისწერო. რა უნდა ვქნათ? უნდა ვიმუშაოთ!“

მუშაობაში, ცხადია, სამოქალაქო განათლების შეტანაც იგულისხმება. ასევე მუშაობის ნაწილია კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორი, სხვა სამ თანაავტორთან ერთად, გაგა ნიჟარაძეა და რომლის მნიშვნელობის შესახებ, კვლევის შესავალში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს: „კვლევა გვაძლევს საშუალებას, რომ ნათლად აღვიქვათ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფოებრივი მშენებლობისათვის აუცილებელი სტრატეგიის შემუშავება“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG