Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმინდის მოსავლის პროგნოზირების პროექტი


მომავალი წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ხელშეწყობით, ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში განახორციელებს სიმინდის მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდოლოგიის ადაპტირებას. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში შეირჩა სიმინდის ნათესი ფართობები და შეგროვდა მოსავლიანობის პროგნოზირებისთვის საბაზისო ინფორმაცია, კვლევის მეორე ეტაპზე კი მოხდება უშუალოდ მოსავლიანობის წინასწარ განსაზღვრა. ეს ინიციატივა დაეხმარება სამინისტროს სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტიანად შეაგროვოს ინფორმაცია, სწორად განახორციელოს ეკონომიკური ანალიზი და ეფექტიანად დაგეგმოს დარგობრივი ღონისძიებები.

საქართველოში სიმინდსა და ხორბალზე ერთწლიანი კულტურების წარმოების 70 პროცენტი მოდის. სიმინდი მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონშია გავრცელებული. მარცვლეული კულტურების განვითარება განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ექსპერტული დასკვნებით, ამ სფეროში საქართველოს უპირატესობა არ გააჩნია. ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს: 2013 წლის მდგომარეობით, სიმინდის იმპორტმა ქვეყანაში 16,6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 12, 5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის ერთ პროცენტზე ნაკლები). უკანასკნელი წლების განმავლობაში გაიზარდა სიმინდის როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. 2007 წლიდან მოყოლებული, სიმინდის მარცვლის წარმოება არასტაბილური ტენდენციით ხასიათდებოდა, 2013 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მოსავლიანობა - 363.9 ათასი ტონა, ხოლო ყველაზე დაბალი 2010 წელს - 141.1 ათასი ტონა. სიმინდის წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის მონაცემების შეპირისპირებით ნათელი ხდება, რომ საქართველოში სიმინდის წარმოება მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. ამრიგად, დამატებითი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მხრიდან დარგის მხარდასაჭერად მიზანშეწონილი არ არის.

2010 წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო მცდელობა, სიმინდის ხელშეწყობის პროგრამის გატარებით, საქართველო გადაექცია სიმინდის ექსპორტიორ ქვეყნად. პროგრამა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გაუაზრებელი მოსამზადებელი ეტაპის გამო შეუძლებელი გახდა მისი წარმატებით განხორციელება.

ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაფერს ამბობს სიმინდის ხელშეწყობის ახალი პროგრამის ინიცირებაზე, პროგნოზირების პროექტი უფრო მეტად გულისხმობს დაბალმოსავლიანობის ან დაავადების გავრცელების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და ზომების დროულად მიღებას, მაგალითად, სუბსიდიის თანხის სწორად განსაზღვრას. 2014 წლისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სუბსიდიების ოდენობა 25,8 მლნ ლარია, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 9 პროცენტია.

სიმინდის შემდგომ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება ვაშლის მოსავლის პროგნოზირებისთვისაც იგეგმება.

XS
SM
MD
LG