Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვფიქრობდი, ნეტავი მოვკვდე-მეთქი"


ირმა კრატი
ირმა კრატი

ირმა კრატის, მაიდნის აქტივისტისა და ტელეჟურნალისტის, სახელი რუსეთში ცნობილი გახდა ტელეკომპანია „ლაივნიუსის“ რეპორტაჟებითა და რუსეთის ტელეკომპანიის აღვირახსნილი გადაცემით „ასმეთაური კოლგოტებში“, რომელშიც ირმა კრატს „ევროსადისტ ქალად“ და „ეს-ეს-ის გენერლის შვილიშვილად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი სიუჟეტები არცთუ იშვიათად გადაიცემოდა აპრილში, იმ დროს, როდესაც ირმა კრატი, სხვა ათეულობით მძევალთან ერთად, სეპარატისტთა ტყვეობაში იმყოფებოდა ქალაქ სლავიანსკში. უკრაინელი ჟურნალისტი და აქტივისტი ტყვეობის 77-ე დღეს გაათავისუფლეს - მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ქალაქ სლავიანსკზე კონტროლი აღადგინა. ირმა კრატი მთელი თვე არ ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე და არ აძლევდა ინტერვიუს ადგილობრივ მედიას, რის მიზეზადაც მან უკრაინელი ჟურნალისტებისადმი უნდობლობა დაასახელა. გაგაცნობთ ზოგიერთ ნაწყვეტს იმ ინტერვიუდან, რომელიც ირმა კრატთან დიმიტრი ვოლჩეკმა ჩაიწერა.

განთავისუფლების შემდგომ, პირველ დღეებში, მას თან სდევდა მოკვლის შიში - ეშინოდა, რომ მეამბოხეები თავიდან მოიცილებდნენ როგორც ზედმეტ მოწმეს, მოაკვლევინებდნენ დაქირავებულ მკვლელს და მერე ამას დააბრალებდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომელსაც ირმა კრატი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის ყირიმის კრიზისის დროს იქ დარჩენილი უკრაინელი სამხედროების მიმართ პასიურობის იჩენდა:

„მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ყირიმში, ალბათ, ერთი თვე დავყავი. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ნაწილში ვიმყოფებოდი, ჯარისკაცებს მორალურად ვამხნევებდი, ვემუდარებოდი არ ეღალატათ უკრაინისათვის და არ გადასულიყვნენ რუსეთის ფედერაციის მხარეზე. ამას გარდა, სამხედრო ნაწილებიდან პირდაპირ ჩართვებს ვაკეთებდი. ჩემ გარდა იქ არავინ წამოვიდა. „ირმა, კიევიდან, ხელისუფლებიდან არათუ არავინ ჩამოსულა ჩვენთან, არამედ არც კი დაურეკავთო“, მეუბნებოდნენ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებსაც ვესაუბრებოდი. ისინი ძალიან კმაყოფილები იყვნენ, როდესაც რაღაცით მაინც ვცდილობდი მათ დახმარებას“.

რედაქტორს დავურეკე და ვუთხარი, 15 წუთში შემოვალ პირდაპირ ეთერში-მეთქი. ხუთი წუთის შემდეგ მომიახლოვდა „ტოიოტა ლანდ კრუიზერის“ ჯიპი, რომელშიც ავტომატით შეიარაღებული ოთხი პირი იჯდა. დავინახე, რომ ერთმა იარაღის ლულა მომიშვირა. მივხვდი, რომ ამით ჩემი რეპორტაჟი დასრულდა...
ირმა კრატი

ამის შემდეგ ირმა კრატი ყირიმიდან კიევში გაემგზავრა, სადაც „112 ტელეარხზე“ ინტერვიუში განაცხადა, მაიდნის „ქალთა ასეული“ დონეცკში გაემგზავრება, რათა დაარწმუნოს ხალხი, რომ არავინ აპირებს რუსულენოვანი მოსახლეობის დახოცვას, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა არ გაიხლიჩოსო. ტელეარხის ხელმძღვანელმა მას სთხოვა, სლავიანსკიდან პირდაპირი სატელევიზო ჩართვები გაეკეთებინა. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ირმა კრატი აღდგომა დღეს იმ დროს დააკავეს, როდესაც ჟურნალისტი აპირებდა პირდაპირ სატელევიზო ჩართვაში უარეყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სლავიანსკში სამი ადამიანი მოკლეს „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც, სინამდვილეში, იქ ახლოსაც კი არ ყოფილან.

„რედაქტორს დავურეკე და ვუთხარი, 15 წუთში შემოვალ პირდაპირ ეთერში-მეთქი. ხუთი წუთის შემდეგ მომიახლოვდა „ტოიოტა ლანდ კრუიზერის“ ჯიპი, რომელშიც ავტომატით შეიარაღებული ოთხი პირი იჯდა. დავინახე, რომ ერთმა იარაღის ლულა მომიშვირა. მივხვდი, რომ ამით ჩემი რეპორტაჟი დასრულდა. მათ ხელჩანთა ჩამომართვეს და გაჩხრიკეს. ამოიღეს გაზის ბალონი, რომელიც თავის დასაცავად მაიდანზე მაჩუქეს. მამაკაცმა, რომელიც საჭესთან იჯდა, ვიღაცას რაციით მოახსენა, „ირმა კრატი ავიყვანეთ და ვჩხრეკთო“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი და აქტივისტი უშიშროების შენობაში გადაიყვანეს, სადაც სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მან ჩვენება მისცა სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წინააღმდეგ. სლავიანსკის ერთი მოქალაქე იმითაც კი დაემუქრა, რომ პირადად აკუწავდა და მდინარეში დაახრჩობდა. ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაკითხვების შემდეგ, ირმა კრატს თვალები აუხვიეს და სარდაფში ჩააგდეს, სადაც მას მთელი ორი საათის განმალობაში დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ სარდაფში მყოფი უცნობი ადამიანები.

„ერთ კაცს დანის მოტანა დაავალეს. შემეშინდა, მეგონა, დანით ამკუწავდნენ. ხელ-ფეხი ამიკანკალდა, ლამის გონება დავკარგე. ხელების აწევა მიბრძანეს. როდესაც ხელები ავწიე, შარვლის შესაკრავთან დამიწყეს ხელების ფათური, ზედატანი შემომახიეს, შარვალზე ღილი ამაჭრეს. შემდეგ სარდაფში შემოვიდა ვიღაც და გამომიცხადა, რომ ცნობილი ვარ დამნაშავედ, რომ მაიდანზე თავს ვაჭრიდი „ბერკუტის“ რაზმის წევრებს. მე ვუთხარი, ეს გიჟის ბოდვაა, მაიდანზე თავი არავისთვის მოუჭრიათ-მეთქი. ჯერ ვლაპარაკობდი, მერე ყვირილზე გადავედი. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი პილიგრიმობა. სარდაფში ორ-ორი, სამ-სამი კაცი შემოდიოდა და ვისაც როგორ შეეძლო, ისე მლანძღავდა. იძახდნენ, რომ ტურჩინოვი სექტანტია, ლიაშკო კი სხვაგვარი ორიენტაციის პოლიტიკოსი, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ჩუმად ვიჯექი, ხმას აღარ ვიღებდი, რადგან ვხვდებოდი, რომ აზრი არ ჰქონდა ერთსა და იმავე შეკითხვებზე მეპასუხა“.

ირმა კრატი ჰყვება, ღამის დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი დაკავებისა და სარდაფში დამწყვდევის ამბავი მოულოდნელად ჟურნალ „ტაიმის“ კორესპონდენტმა საიმონ შუსტერმა შეიტყოო. ინფორმაცია ჟურნალისტის დატყვევების შესახებ მალე მთელ უკრაინას და მთელ მსოფლიოს მოედო. სლავიანსკში მყოფი სეპარატისტები იძულებულნი გახდნენ ირმა კრატი უშიშროების სამსახურის შენობიდან გამოეყვანათ და ჟურნალისტებისათვის ეჩვენებინათ, რომ იგი ცოცხალია. ეს გრძელდებოდა სულ რაღაც 30 წამს. ამის შემდეგ ირმა კრატი ისევ სარდაფში ჩააგდეს და კვლავ იგივე სცენა განმეორდა: მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მაიდანზე თავს სჭრიდა სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრებს. ირმა კრატმა უშიშროების სამსახურის სარდაფში შიმშილობა წამოიწყო. ამის შემდეგ იგი შენობის მეორე სართულზე აიყვანეს, მოხსნეს თვალსახვევი და რუსეთის ტელეარხ „ენტევეს“ გადამღებ ჯგუფს შეახვედრეს, რომელმაც, როგორც ირმა კრატი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მისი ინტერვიუ დამონტაჟებული გადასცა.

„მესმოდა, რომ ვიდეომონტაჟს გააკეთებდნენ. მათ ამოჭრეს ის ადგილი, სადაც ტურჩინოვზე ვლაპარაკობ, და ისე დაამონტაჟეს, თითქოს იაცენიუკზე ვლაპარაკობდი. მერე ის ნაწილი, სადაც ვამბობ, „რატომ მადარებთ საშა ბელის, თქვენ გინდათ მკვლელად და სადისტად გამომიყვანოთ-მეთქი?“, რუსმა ჟურნალისტებმა ამოჭრეს, დაამონტაჟეს და, საბოლოო ჯამში, გამოვიდა ფილმი, სადაც ვაღიარე, რომ ვარ მკვლელი და სადისტი და ვგმობ მაიდანს. მე მაიდანს არასოდეს უარვყოფ, რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს მოძრაობა და ბოლომდეც ჩვენ უნდა მივიყვანოთ“.

უკრაინის „მეხუთე არხმა“ გადასცა ცნობა: ტყვეობიდან გაათავისუფლეს ირმა კრატი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრთა წამებაში იყო ბრალდებულიო, და არ უხსენებიათ, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე შეთითხნილი იყო და რომ მე ტყვედ ვყავდი მეამბოხეებსა და რუსეთს...
ირმა კრატი

ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ირმა კრატი, ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში ამზადებს სარჩელს რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ, თუმცა ის არ მალავს, რომ რუსეთზე არანაკლებ თავის ქვეყანაზე, უკრაინაზე, და ზოგიერთ იმ თანამემამულე კოლეგაზე ბრაზობს, რომლებიც არ დადგნენ მის მხარდასაჭერად და სარწმუნოდ მიიღეს რუსული მედიით გავრცელებული ფალსიფიცირებული ისტორია მის შესახებ:

„რატომ უნდა ვიყო ნაწყენი რუსეთზე, როდესაც ისედაც ცნობილი იყო, რომ რუსეთში ამ რეპორტაჟებს დაამონტაჟებდნენ? ჩვენ ხომ, უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთის მტრები ვართ. მაგრამ მტკივნეულია, როდესაც საკუთარი ხალხი გაგყიდის. უკრაინელი ჟურნალისტი დაეხმარა „ენტევეს“ ჯგუფს რეპორტაჟის მომზადებასა და მოვლენათა ქრონოლოგიის დალაგებაში. ეს არის თუ არა საწყენი? ამის შემდეგ ტირილი მინდება. ყველა უცხოეთის ქვეყნის - იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის - გამოცემები დადგნენ ჩემ დასაცავად, უკრაინა კი დუმდა. რატომ ჩემმა ქვეყანამ არ დამიჭირა მხარი, არ გააკეთა რეპორტაჟი და არ თქვა, რომ ეს ტყუილია? უკრაინის „მეხუთე არხმა“ გადასცა ცნობა: ტყვეობიდან გაათავისუფლეს ირმა კრატი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრთა წამებაში იყო ბრალდებულიო, და არ უხსენებიათ, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე შეთითხნილი იყო და რომ მე ტყვედ ვყავდი მეამბოხეებსა და რუსეთს“, ამბობს ირმა კრატი და დასძენს, რომ მას ტყვეობაშიც კი არ უტირია ისე მწარედ, როგორც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ტიროდა.

„მეშინოდა ინტერვიუს მიცემისა, რადგან ვშიშობდი, ისევ რაიმე ცუდი არ დაეწერათ ჩემზეო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირმა კრატმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG