Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როდის გავა ქართული ხილ-ბოსტნეული რუსულ ბაზარზე


გავა თუ არა ქართული ხილი და ბოსტნეული რუსულ ბაზარზე, ეს რუსეთის სანიტარიული სამსახურის დასკვნაზეა დამოკიდებული. უკვე მეორე დღეა, 4 რუსი სპეციალისტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქართული ხილ-ბოსტნეულის ხარისხს ამოწმებს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოწეული მოსავალი რუსეთის ბაზარზე გაიყიდება.

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რუსეთის სანიტარიული სამსახურის 4- კაციანი დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. „როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარიული კარანტინის სამსახური ქართულ ხილ-ბოსტნეულს ამოწმებს. უფრო კონკრეტულად: მოწმდება ხილ-ბოსტნეულის მოყვანის წესი და შემადგენლობა - რა დამატებით ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის ხილი. სპეციალისტები იკვლევენ, ხომ არ შეიცავს რომელიმე ხილი ან ბოსტნეული ისეთ მავნე ორგანიზმებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არ არის რეგისტრირებული. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი დენიზ ზინიკოვი ამბობს, რომ შემოწმების პროცედურა 29 ივნისს დასრულდება, შემდეგ კი დასკვნა დაიდება.

„ჩვენი დელეგაციის მთავარი გეგმაა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში განვახორციელოთ ქართული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარიული კვლევა. დახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში მოხდება რუსეთის ფედერაციაში შესატანი პროდუქციის, კერძოდ კი, პომიდვრის, ბადრიჯნის, ახალი კარტოფილის, ატმისა და კენკროვანი ხილის კულტურების შემოწმება. საექსპორტო პროდუქცია ადგილზე მოწმდება. შემოწმების პროცედურა 29 ივნისს დასრულდება, შემდეგ კი დასკვნა დაიდება“, - განაცხადა დენის ზინიკოვმა.

რუსული დელეგაციის ვიზიტს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები იმედის თვალით უყურებენ. ნოდარ ბერულაშვილმა გასულ წელს ატმის სეზონზე საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო, ახლა კი ფიქრობს, რომ ატამს რუსეთშიც გაიტანს, პარალელურად პროდუქტს ფასი ადგილობრივ ბაზარზეც დაედება. კახეთში ატმის სეზონი 20 ივნისიდან დაიწყო და ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე ატმის ფასი 0,40 თეთრიდან ლარ-ნახევრამდე მერყეობს.

„მოსავალი გვიფუჭდება ხოლმე, ლპება! ფასი 10-15 კაპიკზე ჩამოდის და თუ რუსულ ბაზარზე დაიწყება მოსავლის გატანა, აუცილებლად მოიმატებს ღირებულება“.

„აი, მე ახლა ატამი მაქვს გამოტანილი, თუმცა არ იყიდება ეს ოხერი, ესა. 40-50 კაპიკი ღირს, რაც არაფერს არ ნიშნავს. თუ რუსეთის ბაზარი არ გაიხსნა, შარშანდელივით დაგვილპება, ალბათ!“

დიდი ალბათობით, კახელები რუსეთში ხილის რეალიზაციას ერთ კვირაში მოახერხებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის სანიტარიულ სამსახურზეა დამოკიდებული, თუმცა მანამდე - დაახლოებით, ერთი თვის წინ - რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 26 მაისიდან ქართული ხილ-ბოსტნეულის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პროცედურა დაიწყო. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რა პროცედურებია საჭირო, რომ საქმე რეალურად განხორციელდეს.

„ეს სპეციალისტები ძირითადად ამოწმებენ იმას, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ფიტოსანიტარიული ღონისძიებები და კონტროლი. ასევე ნახავენ ბაღებს, პლანტაციებს და დაათვალიერებენ შემგროვებელ პუნქტებს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

რუსულ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის გატანის საშუალება პირდაპირ გლეხებს არ შეეძლებათ. პროცესში შუამავალები ბიზნესოპერატორები იქნებიან. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „გრუზ ექსპრო“. როგორც ამ კომპანიაში განაცხადეს, მათ საქმიანი ურთიერთობა აქვთ როგორც ოფიციალურ რუსეთთან, ასევე ქართველ ფერმერებთან და ძირითადად საექსპორტოდ გამზადებული პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციას აგროვებენ.

„ჩვენი კომპანია, გრუზ ექსპრო“, მომსახურებას უწევს ფერმერებს და ბიზნესოპერატორებს. მათ ვეხმარებით საბუთების შეგროვებასა და მოწესრიგებაში. ამით მცირე მეწარმეებს უადვილდებათ სოფლის მეურნეობის პოდუქტების გატანა რუსეთის ფედერაციაში“.

გასული წლის 28 ივნისიდან, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში ქართული ღვინო, ჩაი, დაფნა და ჩირი შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის ოქტომბრიდან. ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს, ჩამოსული სპეციალისტები მუშაობას ერთ კვირაში დაასრულებენ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გავა თუ არა ქართული ხილი და ბოსტნეული რუსულ ბაზარზე.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG