Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში საოლქო კომისიები საჩივრების განხილვას იწყებენ


"ნაციონალური მოძრაობა" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N4 საარჩევნი უბნის ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა განაცხადა, საჩივრით უკვე მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას. კაკალაშვილის თქმით, თუ ხელახალი დათვლის შედეგად აღმოჩნდება, რომ მისული ამომრჩევლის რაოდენობა ნაკლებია საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან შედარებით, ისინი შედეგებს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

“როგორც ოქმიდან ჩანს, სერიოზული დარღვევებია სოფელ მაწიმში. გაუქმდება თუ არა ამ უბნის მონაცემები, ამის თქმა ჯერ არ შემიძლია, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას დაველოდებით. თუ ჩვენი ეჭვები დადასტურდა და ამაზე საოლქომ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, შემდეგ ზემდგომში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა გურამ კაკალაშვილმა.
ლაგოდეხის მე-15 ოლქის კომისიის თავმჯდომარის ივანე ზურიკაშვილის განცხადებით, კომისია საჩივარს კანონით დადგენილ 2 დღის ვადაში განიხილავს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დაკმაყოფილდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა:

„დარღვევა არის თუ არა, ამას ახლა მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. გავხსნით დალუქულ ბიულეტენებს და ყველაფერი ნათელი გახდება. განხილვის შემდეგ გეტყვით, არის თუ არა შეუსაბამობები მაწიმის უბანზე“.

თელავის მეექვსე უბანზე საჩივარი დაწერა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ლაპარაკია წილისყრის პროცედურულ დარღვევაზე:

„მეექვსე უბანზე ჩვენ მუდმივი დამკვირვებელი არ გვყავდა, თუმცა წარმომადგენელი საღამოს მივიდა და ამ პერიოდში დააფიქსირა პროცედურული დარღვევები. კომისიის ერთი წევრი ენაცვლებოდა მეორე წევრს ისე, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა“.

დედოფლისწყაროს მე-14 ოლქის N7 ხორნაბუჯის საუბნო კომისიის თავმჯდომარე პეტრე მამულაშვილმა და მდივანმა ხმის დათვლის პროცესი მიატოვეს და საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდნენ. ამბის თვითმხილველი ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი გახდა. როგორც ილია ამბობს, უბნის თავმჯდომარემ ეს საქციელი იმით ახსნა, რომ ადგილზე ოქმის დაბალანსებას ვერ ახერხებდნენ და საოლქო საარჩევნო კომისიის კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ოპოზიცია აღნიშნული უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. მათ საჩივარიც დაწერეს.

„საოლქო კომისიის პოზიცია არის, რომ მხოლოდ თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მიატოვა უბანი, მაშინ როცა ამის უფლება არ ჰქონდა. კომისია ამბობს, რომ შედეგებს, სავარაუდოდ, საფრთხე არ დაემუქრება. ამ საკითხზე საჩივრის დაწერას გეგმავენ „ლეიბორისტები“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა.

საჩივრების განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი შეფასებებს აკეთებენ კანდიდატები, რომლებიც, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნებში დამარცხდნენ და 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. თელავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის მზად არის:

„ჩვენი კანდიდატი ლიდერობს ყველა ქალაქში და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც გავიმარჯვებ“.

მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმაც. მას იმედი აქვს, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს:

„ჩვენი გათვლებით, მეორე ტური გარდაუვალი იყო თელავში. მეორე ტურისთვის მე უკვე ვემზადები და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ“.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, კახეთის სამ ქალაქშია მოსალოდნელი მეორე ტურის დანიშნვა. ესენია: თელავი, ახმეტა და ყვარელი. მეორე ტურით უნდა მოხდეს თელავის მერის არჩევაც.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG