Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დარღვევის რა ფაქტები დაფიქსირდა კახეთში


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ პროცესებზე, რომელიც საარჩევნო კოდექსის ნორმებს სცილდება. კანდიდატები და საარჩევნო შტაბები ძირითადად მიუთითებენ, თუ როგორ ანადგურებენ კონკურენტები ერთმანეთის პლაკატებსა და სააგიტაციო მასალებს. იყო შემთხვევა, როდესაც მერობის კანდიდატი მისი დაჭრის მცდელობაზე ლაპარაკობდა.

არჩევნებთან დაკავშირებული ხმაური და შეხლა-შემოხლა კახეთში ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში იყო. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი გამგებლის მოადგილე ელგუჯა გიორგაძის კაბინეტში შეიჭრა და ბოლო დროს პარტიის მისამართით განხორციელებული ზეწოლები გააპროტესტა. გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების საარჩევნო ბანერებს მასობრივად ხსნიან და ამ პროცესში გამგეობაც არის ჩართული:

„გუჯა გიორგაძე ემუქრება ჩვენს კანდიდატებს, რომ მოხსნან კანდიდატურები. გარდა ამისა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის„ არც ერთი ბანერი აღარ არის დარჩენილი. მათ აიძულეს ენერგოდისტრიბუცია ჩამოეხსნათ ბანერები“.

გურჯაანის გამგებლის მოადგილემ, ელგუჯა გიორგაძემ, „ნაციონალური მოძაობის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ „გიორგი ღვინიაშვილი ბრალდებებს უარგუმენტოდ აყენებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს“.
მოვიდა პიროვნება და განმიცხადა, თუ როგორ გავბედე შოთა დემინაშვილზე გამეკეთებინა განცხადება. მე და ჩემი კოლეგა ნიკოლოზ ვარდოშვილი ვიყავით მანქანით. თავდამსხმელმა ამოიღო ცივი იარაღი...
გიორგი მოსიაშვილი


„დამისახელონ ვისზე მოვახდინეთ ზეწოლა. როგორ შეიძლება ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები. ქვეყანას ჩვენ ვანგრევთ და ეგენი აშენებენ? ეგენი ცხრა წელი ანგრევდნენ ქვეყანას“, - განაცხადა ელგუჯა გიორგაძემ.

გურჯაანის მსგავსად, საარჩევნო პლაკატების მასობრივ დაზიანებაზე ლაპარაკობენ კახეთის ყველა რაიონში და თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის, კოალიცია „ქართული ოცნება“.

ქალაქში განთასებული თითქმის ყველა პლაკატი დაუზიანეს თელავის მერობის კანდიდატს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, გიორგი მოსიაშვილს, თუმცა მოსიაშვილი უფრო მძიმე ფაქტზე ლაპარაკობს. კანდიდატის თქმით, პარტიის ოფისთან დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა, თუმცა დაზიანება ვერ მიაყენა. იგი მომხდარს მის მიერვე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. საუბარია ავტოგაზგასამართი სადგურების ბიზნესის მონოპოლიაზე.

„მოვიდა პიროვნება და განმიცხადა, თუ როგორ გავბედე შოთა დემინაშვილზე გამეკეთებინა განცხადება. მე და ჩემი კოლეგა ნიკოლოზ ვარდოშვილი ვიყავით მანქანით. თავდამსხმელმა ამოიღო ცივი იარაღი. დანა მქონდა ყელთან მოდებული და რომ არა ვარდოშვილის მოხერხებულობა, მკვლელობა მოხდებოდა“, - განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.
’ნაციონალური მოძრაობა’ უთითებდა, რომ თითქოს გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ ჩვენ წარმოვადგინეთ დოკუმენტაცია, რომელიც საპირისპიროს ადასტურებდა...
მამუკა ხოლეგაშვილი


საარჩევნო კომისიის წევრ ბესიკ თოდაშვილს კი სახელისუფლებო კანდიდატის აგიტაციისთვის 2 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლომ მიიღო. ბრალდებულმა კომენტარი არ გააკეთა. აღნიშნულ ქმედებაში იგი ,,ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის" გურჯაანის გამგებლობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა ამხილა. შოშიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია:

„მე ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და უნდა იცოდეს კომისიის ყველა წევრმა, რომ მსგავსი აგიტაციის დროს აუცილებლად დაისჯება და მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა“.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ „ქართული ოცნების“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილს, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა.

„’ნაციონალური მოძრაობა’ უთითებდა, რომ თითქოს გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ ჩვენ წარმოვადგინეთ დოკუმენტაცია, რომელიც საპირისპიროს ადასტურებდა“, - განაცხადა მამუკა ხოლეგაშვილმა.
ზემოაღნიშნული ფაქტების გარდა, იყო შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა თავ-თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. ასე მოხდა ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში. ეს შემთხვევები კახეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა. ზოგ შემთხვევას უწყებათაშორისი კომისია განიხილავს, ნაწილზე კი სასამართლო პროცესებია ჩანიშნული.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG