საქართველოს შსს-მ გახსნილად გამოაცხადა სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმე, რომლის გამოც ბრალი დაუმძიმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას. შსს-ს განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო. „ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე შამათავა დამნაშავედ ცნეს ე.წ. ხურჩის ტერაქტის ორგანიზებასა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობაში.
ყველაზე პოპულარული
1