Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ტოლცი - კინოდოკუმენტალისტი


27 აპრილი, კვირა
ღამის პირველის ნახევარია, როცა ვრთავ ტელევიზორს, რომ ვნახო, როგორ ითამაშა ჩემმა “ფრაიბურგმა” ბუნდესლიგაში. მაგრამ ჯერ საკუთარ თავს ვხედავ ეკრანზე. “რუსთავი 2”-ის კინოჟურნალი იხურება სიუჟეტით ჩემი ფილმის - “სრული სვლით დასავლეთისკენ” - შესახებ. ბოლო დღეებში გავიგე, რომ “რუსთავი 2”-ს, ალბათ, პოლიტიკური მიზეზების გამო, არ უნდა ჩემი ფილმის გაშვება. იმედი მქონდა, საქართველო უკვე უფრო წინ იყო წასული დემოკრატიის გზაზე.

ნახა თუ არა ფილმი ბიძინა ივანიშვილმა, ვინც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ჩემს სურათში, არ ვიცი. ჯერ არ დაურეკავს.

დილით კარზე ზარია. ჩემი მანქანა მეზობლებს ხელს უშლის. მათ ვაზის გასხვლა უნდათ, რომელიც ჩვენი სახლის წინ ქუჩას ტალავრად მიუყვება. იქვე არაყზე და “სალაზე” მეპატიჟებიან. ფხიზელი ვაღწევ თავს.

დღე სამუშაო მაგიდასთან. გეგმა უნდა შევადგინო და დავასაბუთო, როგორ ამოიღებენ ჩვენი ფილმის - “მონატრების ფერი” - ინვესტორები ფილმში ჩადებულ თანხას. ამ ფილმის გადაღება იქნება მთელ მსოფლიოში და შეეხება იმ გრძნობას, რომელიც ადამიანებს გვამოძრავებს: თუ როგორ მივდევთ მუდამ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებს რაღაცის მისაღწევად.

ტელევიზორში მიდის “ქართული ოცნების” საარჩევნო კანდიდატების გუშინდელი პრეზენტაციის კადრები. ძალიან მაგონებს სააკაშვილის საარჩევნო ღონისძიებას 2012 წელს “დინამოს” სტადიონზე.

ბოლო-ბოლო დღეს სეტყვა მაინც არ მოდის, როგორც გუშინ, როცა სამაჩაბლოს საზღვართან ახლოს ერთ სოფელსში ვიყავით ჩვენი მეგობრის ბაბუის დასაფლავებაზე. თავახდილ კუბოს ხოშკაკალა ეცემოდა, სამძიმარზე მისულები კი მას მანქანებით მივდევდით უკან. მოშორებით კარგად ჩანს რუსული ბაზა, საიდანაც მთელი დაბლობი მოჩანს. სოფელში შეშის ნაკლებობაა, რადგან აქაურებს აღარ უშვებენ ტყეში, იმიტომ რომ ის “საზღვრის” იქეთა მხარეს დარჩა. არასოდეს მინახავს ქართულ სოფელში ამდენი სახლის ღობეზე წარწერა “იყიდება”.
თავისუფლების დღიურები - შტეფან ტოლცი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:24 0:00

28 აპრილი, ორშაბათი
“მონასტერი” - წარწერა კარზე მიკრულ ფურცელზე. ეს შენობა დიდი სამების უკან არასოდეს შემინიშნავს. დიდი სასახლის კოშკმა ალბათ ამ კორპუსს ისტორიული ელფერი უნდა მისცეს. მაგრამ ჯერჯერობით მოუბათქაშებელია – იმპროვიზირებულია, როგორც მიკრული ფურცელი.

იქ დამიბარეს. უნდა მოვილაპარაკოთ ჩემი ფილმის ჩვენებაზე ქუთაისში - რეზო ჩხეიძესთან ერთად, რომელიც მე ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს, როცა “ქართული ფილმის” დირექტორი იყო. პირველი, ვინც გამოჩნდება, არის ქალი ხალათში, მერე ცრემლიანი ტორტები შემოაქვთ. მისაღები ოთახი ტიპური ახალ-ქართული სტილისაა: ცივი და არაკომფორტული. რატომ ჰქვია ამას “ევრორემონტი”, დღემდე ვერ გამიგია. კედლები თითქმის ცარიელია, მხოლოდ ერთი ხატი კიდია. სწორედ ამ ხატის ქვეშ ჯდება ბატონი რეზო, როცა შემოდის.

ჯერ მცნობს. უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას თავის ხით მოპირკეთებულ კაბინეტში ვხვდებოდი ხოლმე დიღომში. ახლა ვზივარ ორ სკოლის მოწაფე გოგონასთან ერთად, რომლებსაც უნდათ საკუთარი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენონ ბატონ რეზოს. აქვე არიან ერთ-ერთის დედა, მისი მეგობარი, ორი ჟურნალისტი. ღეზო, ეტყობა, ინფორმირებული არ არის, თუ რისთვის ვართ აქ. ნელ-ნელა მეც იგივე კითხვა მებადება.

დაბნეულობისგან რეზო იწყებს საუბარს ქართული კინოს ისტორიაზე. როცა 20 წუთის შემდეგ ჯერ მხოლოდ ოციანი წლების ფილმებზე ვართ, ვხვდები, რომ შემდეგ შეხვედრაზე დამაგვიანდება. რეზო ჰყვება თენგიზ აბულაძესთან თავისი პირველი შეხვედრის ამბავს და იმას, ერთხელ ამერიკელები როგორ ეკითხებოდნენ სან-ფრანცისკოში, რატომ არის სამამულო ომი ქართველებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. თხრობისას რეზო ნელ-ნელა რუსულზე გადადის.

გოგონებს ვეკითხები, რუსული თუ ესმით. თავაზიანად მპასუხობენ, კიო, მაგრამ ლაპარაკი კარგად არ შეგვიძლიაო. წინ თავიანთი სმარტფონები უწყვიათ.

ძლივს ვასწრებ ბარნოვზე მისვლას. რაინერის პიცერიაში დღეს გერმანელები, ავსტრიელები და შვეიცარიელები იკრიბებიან ახალი სავიზო კანონის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ შინაგან და საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებისთვის უცხოელების შეკითხვები მეტისმეტი იყო. ერთმანეთს ხვდება ორი სამყარო. ასე აშკარად ქართველები ჯერ არასოდეს დაფიქრებულან საქართველოში მცხოვრებ დასავლეთევროპელებზე, რომლებიც აქ არ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ზოგმა აქ ბინა იყიდა, ზოგმა სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ზოგი თავისუფალი ხელოვანია, ზოგიც - პენსიონერი. როგორც კი შეკითხვები რთულდება, მოხელეები დისკუსიას ასრულებენ - გრძელი სამუშაო დღე გვქონდაო. დარბაზში იმედგაცრუება იგრძნობა. თუმცა ყველა თავაზიანია: მოხელეებს მადლობის ნიშნად საქართველოში მოღვაწე გერმანელი მეღვინის ღვინოს ჩუქნიან. გაიგეს კი მათ, რომ ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ ის ხალხი, ვისთვისაც დღეს დახმარების გაწევა შეეძლოთ, უცხოელები კი არა, უკვე დიდი ხანია, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილია?

29 აპრილი, სამშაბათი
მრცხვენია. გერჰარდ შრიოდერმა თავისი სამოცდამეათე დაბადების დღე სანქტ-პეტერბურგში, პუტინთან ერთად აღნიშნა. უკრაინელები საკუთარ თავისუფლებაზე დარდობენ, გერმანიის ყოფილი კანცლერი კი რუსეთში წვეულებას მართავს. გერმანიაში ამ კაცს სერიოზულად უკვე არავინ უყურებს, მაგრამ დღეს მეგობარ რეჟისორთან სატელეფონო საუბრის დროს ამ თემას მაინც შევეხეთ.

გოგირდის აბანოში დღეს თვითონ ვისაპნები. ჩემი მექისე ადრე წავიდა, ხოლო რომანს, რომელსაც უნდა გავესაპნე, ბოიკოტს ვუცხადებ მას მერე, რაც მან ერთხელ რუმინელ სტუმარს ოთხმაგი პასი გამოსძალა. შემოსასვლელში ჩემი დალაქი აიდინი შაქარს ურევს ჩემს ჩაის ჭიქაში და რუსულ შოკოლადს მჩუქნის. ორი ადამიანი, ორი სურათი. ორივე აზერბაიჯანელია. ერთი მათგანის მაგივრად შერცხვება კაცს.

შუადღისას ეპისკოპოსი ესაია მოდის სტუმრად. თავისი სამონასტრო საქმიანობით ნიქოზში, სამაჩაბლოს „საზღვარზე“, ის ჩემთვის უფრო გახსნილი მართლმადიდებელი ეკლესიის დადებით მაგალითს წარმოადგენს. თუმცა დღეს ჩვენ ერთი შეხედულებისა არ ვართ. საქმე 17 მაისსა და ტოლერანტობას ეხება. დასანანია, რომ ქართულ ეკლესიას კიდევ ამხელა გზა აქვს გასავლელი იმ ადამიანთა მისაღებად, რომელთაც იმისგან განსხვავებულად უნდათ ცხოვრება, რასაც ეკლესია მართებულად მიიჩნევს.

საღამოს “ბაიერნი” მადრიდის “რეალთან” აგებს 0:4-ს!

30 აპრილი, ოთხშაბათი
მეგობარი დიპლომატი ქალბატონი მესტუმრაკაპუჩინოს ვაკეთებ ქაფიანი რძით. ესეც იმპორტი დასავლეთის სამყაროდან. თეფშზე ჩვენი სააღდგომო პასკის ბოლო ნაჭრებს ვაწყობ. ვსაუბრობთ უკრაინაზე და გერმანიის რეაქციაზე - და იმაზეც, ასოცირების ხელშეკრულება თუ უშველის საქართველოს.

სამუშაო მაგიდასთან მიბრუნებული, ვაგრძელებ მუშაობას ფილმის იდეაზე -„ბონდის გოგონა და გენერალი“, რომელიც გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეხება, 1921 წელს საქართველოდან გაქცევის შემდეგ პარიზში მაწონს რომ ჰყიდდა.

მეგობარი მირეკავს: უსუფაშვილს რაღაც სასიკეთო უთქვამს ევროპულ ორიენტაციაზე, „არაცივილიზებული რუსეთისგან“ ჩამოშორებაზე. რამდენიმე ასეული ადამიანი სასულიერო პირებთან ერთად იკრიბება მიტინგზე ძველი პარლამენტის შენობასთან ანტი-დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ. მათ სერიოზულად სურთ, ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის უფლება ჰქონდეთ. ამისთვის გამოდიან მიტინგზე. როდისმე თუ გაიგებს ეს ხალხი, რომ ქრისტიანობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ეკლესიის დანახვაზე სამჯერ პირჯვრის გადაწერა?!

ჩემი ფილმის სეანსის შემდეგ რუსთაველის კინოთეატრში გამართული დისკუსია ძალზე ცოცხალია. წინა საღამოებთან შედარებით უფრო მეტი ხალხი მოვიდა, რათა ლაშა ბაქრაძესთან ფილმსა და პოლიტიკურ სიტუაციაზე ესაუბრა. ისევ მეკითხებიან, ჩემი აზრით, წავა თუ არა საქართველო „სრული სვლით დასავლეთისკენ“…

დაძინებამდე ინტერნეტს შევავლე თვალი: ედვარდ სნოუდენს არ მისცემენ ბუნდესტაგის კომისიის წინაშე გამოსვლის უფლებას. პოლიტიკური გათვლა სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანია.

1 მაისი, ხუთშაბათი
გერმანელი მეგობარი, რომელიც ოჯახთან ერთად უკვე დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობს, ბრანჩზე მესტუმრა. გერმანიის საკონსულოსთან ტელეფონით უსაუბრია. საქმე ახალ სავიზო წესებს ეხებოდა. მნიშვნელოვან კითხვებზე იქაც ვერავინ უპასუხა. არავინ იცის, როგორ იმოქმედებენ ქართველი მოხელეები. ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ: დავრჩებით თუ არა სამუდამოდ საქართველოში და რა იქნება ეს გერმანიაში მცხოვრები ჩვენი ხანდაზმული მშობლებისთვის.

ნაშუადღევს ჟურნალისტი ქალბატონი ინტერვიუს იღებს ჩემგან ავსტრიული რადიოსთვის. მეკითხება, როგორ ფიქრობ, როდესაც ილია მეორე ამბობს, რომ საქართველო ევროპას უნდა დაუახლოვდეს, ამას მართლა გულისხმობსო? რა ვუპასუხო? ამას გულისხმობს?

ჩემმა გერმანელმა მეგობარმა დღეს სოლოლაკში ბინა იპოვა, რომელსაც ალბად იყიდის. მიყვება, რომ ბევრი ადამიანი ვალებშია ჩავარდნილი, უძრავი ქონების ფასები იკლებს.

საღამოს გერმანიის კინოს პრემიაზე წარდგენილ ერთ-ერთ ფილმს ვუყურებ. მომავალ კვირაში რჩეულს ხმა უნდა მივცე. მაიკლ კეინი თამაშობს მოხუც კაცს, რომელიც ვერ ეგუება ცოლის სიკვდილს და გაუცხოების გრძნობა უჩნდება შვილების მიმართაც, მისგან საკმაოდ შორს რომ ცხოვრობენ.

გერმანიაში გარდაიცვალა ჰაინც შენკი, ჩემი მშობლების თაობის ტელევარსკვლავი.

2 მაისი, პარასკევი
ვკითხულობ, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონი მეორე მოსმენით ერთსულოვნად მიიღეს პარლამენტში. სამწუხაროდ, ამასობაში ის ისე გამოშიგნეს, რომ ისევ რჩება დისკრიმინაციის შესაძლებლობა. ეს არის “სრული სვლით დასავლეთისკენ”?!

დღეს საკმაოდ თბილა აივანზე მწვანილის დასათესად. მაგალითად Schnittlauch-ის, რომელიც Bibiliskäs-ისთვის მჭირდება, ჩემი მშობლიური შვარცვალდური ხარჩოს კერძისთვის. თუ რატომ არ არის საქართველოში ასეთი “მოსაჭრელი ახალი ხახვი”, ჯერ ვერავინ ამიხსნა. იგივე მდგომარეობაა თეთრ სატაცურთან და რეჰანთან დაკავშირებით. აქ ძალიან ნოყიერი მიწაა, მაგრამ არ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ბაზარზე არსებული სიცარიელის ამოცნობას შეძლებდნენ.

სახლის წინ ისევ ამოყარეს ასფალტი. რაღაც გაუგებარი მიზეზით - ისევ ჩვენი სახლის წინ. ასეთ დროს წინდაწინ ვედროებში ვაგროვებთ წყალს, რადგანაც წყალი წყდება და არავინ გვეუბნება, როდის მოვა. ამის შემდეგ ქუჩაზე ისევ ხრეში იყრება და - თუ გაგვიმართლა - რამდენიმე დღეში ასფალტიც დაიგება ხოლმე. თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ ორ თვეში ისევ აიყაროს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ღირდა, ამის შესახებ ქალაქის მმართველობიდან ვინმესთან მელაპარაკა, რათა ამ ადგილის რეაბილიტაცია ერთხელ, მაგრამ საგულდაგულოდ მომხდარიყო. ამასობაში შევეჩვიე იმას, რომ ლოგიკით საქართველოში ფონს ვერ გახვალ და მეზობლების დარად მოთმინებით ვეგუები საკუთარ ბედს.

3 მაისი, შაბათი
გერმანელ მეგობრებთან ერთად თბილისის ზღვასთან ერთი მებაღის “სამოთხის ბაღში” მივდივართ. აივნისთვის გამძლე მცენარეების ასარჩევად. წლევანდელი გაზაფხულის ნაგვიანებმა ცივმა დღეებმა ფანჯრების წინ ცარიელი ადგილები დატოვეს.

შუადღის შემდეგ მწვადზე მივდივართ ოქროყანაში ჩვენი მეგობრის დიზაინის სახლში. შვეიცარიული ღონისძიებაა “დრესკოდით”: შორტები ან ბიკინი. ფრენცის ყველა ღონისძიება იმედგაცრუებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველთვის გაძლებას, პირობითობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას გულისხმობს.

შინ, გერმანიაში, დედა დღეს დაბადების დღეს ზეიმობს. სამოცდაჩვიდმეტი წლის ხდება. მე მისი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი შვილი ვარ. რატომ ვარ ასე შორს? რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი მშობლების წინაშე? რამდენად მინდა და შემიძლია ვიყო დამოუკიდებელი? მამაჩემი წელს ოთხმოცი წლის ხდება. დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ. დღეს გაზაფხულის თაიგული გავაგზავნე შორიდან. ერთ რამეს ვაპირებ - შემდეგ წლებში ნაკლებად ვიყო საქართველოში, უფრო ხშირად კი - მათთან.

“სრული სვლით დასავლეთისკენ” ჯერ კინოთეატრებში გადის.
XS
SM
MD
LG