Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ცივი ომის შემდეგაც გრძელდება საბჭოთა კა-გე-ბეს აგენტების გამოვლენა


საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1992 წლის ბოლოს, საბჭოთა საიდუმლო პოლიციაში, კა-გე-ბეში, 500 ათასიდან 700 ათასამდე თანამშრომელი ირიცხებოდა. სწორედ ეს რიცხვი მოჰყავს რუს ჟურნალისტ ქალს, ევგენია ალბაცს, წიგნში, სახელწოდებით „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რომელიც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ცხოვრებას ეხება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ მათგან კა-გე-ბეს რამდენი თანამშრომელი მონაწილეობდა ადამიანების წამებასა და რამდენი მოხვდა აშშ-ის ტერიტორიაზე. აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

2005 წლის 7 ივნისს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 55 წლის ლიტველი ალფონსას აბელიუნასზე, რომელსაც, უწყების თანახმად, საბჭოთა პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფაში ედებოდა ბრალი. განცხადების მიხედვით, აბელიუნასი, რომელიც აშშ-ში 2000 წელს ჩავიდა როგორც არაიმიგრანტი ვიზიტორი, 2004 წელს სავიზო წესების დარღვევისათვის დააკავეს. აშშ-ის საიმიგრაციო სასამართლომ დაადგინა, რომ იგი იყო ჯაშუშობის სპეციალისტი და ლიტვაში ცხოვრების დროს მონაწილეობდა სხვათა უფლებების დარღვევაში.

კა-გე-ბეს არქივში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიტვის ხელისუფლებას დარჩა, აბელიუნასის შესახებ მოიპოვება ცნობა, რომლის თანახმადაც, იგი საბჭოთა კა-გე-ბეს ოფიცერია და 1980-იან წლებში უცხოელებთან კონტაქტში შესვლა და ამ გზით ინფორმაციის მოპოვება ევალებოდა.

აშშ-ის საიმიგრაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აბელიუნასი უთვალთვალებდა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს, რათა მოსკოვში მათი ჩასვლა და სამოგზაურო დოკუმენტების მიღება აღეკვეთა. გამოძიების მსვლელობაში აბელიუნასი არათანმიმდევრული იყო, როდესაც საბჭოთა ჰოსპიტალში მისი მივლინების დროს დისიდენტებისათვის გამომფიტავი წამლების მიცემაზე საუბრობდა.

ჩვენი რადიოსათვის კომენტარზე აბელიუნასის მოხელთება წარუმატებელი აღმოჩნდა.

გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, თუ სამხედრო დამნაშავე მალავს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აშშ-ის ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და საიმიგრაციო წესების დარღვევისათვის ეჭვმიტანილი პირის დეპორტაციას ითხოვს.

ასე მოხდა აბელიუნასის შემთხვევაშიც, თუმცა მისი თავიდან მოცილება აშშ-ის მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ გამარჯვებად გამოაცხადა.

„ის, ვინც საკუთარ წარსულს დამალავს, კანონის მთელ სიმკაცრეს იწვნევს და აშშ არასოდეს გახდება თავშესაფარი ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის“, - განაცხადა კეიტ პერნიკარიომ, მაიამის მიმართულებაზე პასუხისმგებელი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც 2005 წელს აბელიუნასის დეპორტაცია გამოაცხადა.

თუმცა წასულში საბჭოთა კა-გე-ბესა თუ სხვა რომელიმე უცხოურ საიდუმლო პოლიციაში სამსახური ავტომატურად არ ართმევს პირს აშშ-ის ვიზის მიღების უფლებას, - ამბობს ალენა შაუცოვა, ნიუ-იორკში მცხოვრები საიმიგრაციო საკითხების იურისტი:

„ცხადია, თქვენ უნდა ელოდოთ, რომ ამ ყველაფერზე შეკითხვებს დაგისვამენ, მაგრამ თუკი ეს იყო იმგვარი მონაწილეობა, რომ სხვათა დევნის მიზეზი არ გამხდარა, მაშინ მე ამაზე დიდად არ ვინაღვლებდი“.

მაგრამ ვინც კა-გე-ბე-ს რიგებში მუშაობის ფაქტს დამალავს, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ადამიანის უფლებების დამრღვევთა და სამხედრო დანაშაულის შემსწავლელი დეპარტამენტების, ანუ იმ სამსახურების გულმოდგინე დამუშავების ობიექტი გახდება, რომლებიც ღია სახის დიდძალ ინფორმაციას ფლობენ იმის დასადგენად, ხომ არ მუშაობდა ანდა ხომ არ თანამშრომლობდა ეჭვმიტანილი პირი საბჭოთა საიდუმლო პოლიციასთან. ამ მასალებს შორის არის როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1980 წელს მომზადებული ანგარიში, ისე უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ, 2004 წლიდან მოყოლებული, 250 პირი დააპატიმრა და ისინი დაექვემდებარნენ დეპორტაციას სხვა 640 პირთან ერთად, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ანდა დაუმტკიცდათ ადამიანის უფლებების დარღვევის დანაშაულში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG