Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროექტები


2014 წლის ზაფხულიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად მიწის აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროექტების განხორციელებას დაიწყებს. ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის დასრულებისა. რა ძირითადი პრობლემები არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რატომ არის მიწების 75-80 პროცენტამდე დაურეგისტრირებელი? მიმოვიხილოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა.

მიწის პირველი რეფორმა საქართველოში 90-იან წლებში განხორციელდა, როცა მიწა სოფლის და ქალაქის მცხოვრებლებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. ამით იმ ეტაპზე გარკვეული სოციალური პრობლემების გადაჭრა მოხერხდა.

მიუხედავად ბოლო 20 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოსი და სახელმწიფოსა და დონორების ძალისხმევისა, საქართველოში ჯერ კიდევ რთულია იმის გარკვევა, თუ რა მოცულობის მიწა ეკუთვნის კერძო სექტორს, რამდენია ამ ნაკვეთების ჯამური ფართობი და რაოდენობა. დაინტერესებული პირისათვის მეტისმეტად გაძნელებულია ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ნაკვეთი, რომელიც შესაძლოა ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო იყოს. უფრო მეტიც, თავად სახელმწიფო ორგანოებსაც კი უჭირთ ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის რა ფართობი რჩება მის საკუთრებაში. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ არსებობს მიწის ნაკვეთების მნიშვნელოვანი ფართობები ეგრეთ წოდებულ ,,რუხ ზონაში“, ანუ მიწის ფონდი, რომელიც, შესაძლოა, არც სახელმწიფოს მფლობელობაში იყოს და არც კერძო სექტორისა, ან იყოს სადავო კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის

პრობლემის მასშტაბზე წარმოდგენას ქმნის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, როგორც აღვნიშნეთ, მიწების 80 პროცენტამდე ფორმალურად დაურეგისტრირებელია. პრობლემას ის ართულებს, რომ, სავარაუდოდ, ამ მიწის დიდ ნაწილს ჰყავს მფლობელი, რომელსაც სხვადასხვა დროს გაცემული სხვადასხვა საბუთი აქვს, თუმცა საჯარო რეესტრში ეს ნაკვეთები არ დაურეგისტრირებია, არც აზომვითი ნახაზებია გაკეთებული და არც, ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობითი საკითხები დარეგულირებული. ამის გამო, შესაძლოა, მიწის მფლობელმა ერთხელაც საჯარო რეესტრს მიაკითხოს და საკუთარი ნაკვეთი სხვის საკუთრებაში აღმოაჩინოს. ასეთი ფაქტები უკვე არაერთხელ მომხდარა და რაც უფრო ჭიანურდება სრულმასშტაბიანი რეგისტრაციის პროცესი, მით მეტია დამატებითი პრობლემების შექმნის ალბათობა.

მსოფლიო ბანკის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტების ფარგლებში, სულ დაგეგმილია 60,000 ჰექტარამდე სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების არსებული 20-25 პროცენტიდან 23.3-28.8 პროცენტამდე ზრდა.

აღნიშნული საპილოტე პროექტების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაგეგმილია რეგისტრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა. ეს პროცესი საკმაოდ ძვირია, თუმცა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებული თანხები შედეგობრივი თვალსაზრისით უფრო ეფექტიანი იყოს, განსაკუთრებით კი, თუ რეგისტრაციის პროცესი მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის ხელშემწყობ მექანიზმებთან ერთად კომბინაციაში წარიმართება.
XS
SM
MD
LG