Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური ეკონომიკური დისბალანსი


დაახლოებით თვე-ნახევარში საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი არჩევნების წინ ყოველთვის ძალიან აქტუალურია რეგიონალური ეკონომიკური განვითარების თემა. დღეს ჩვენ ზოგადად შევეხებით საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. სტატისტიკა გვამცნობს, რომ რეგიონალური ეკონომიკური განვითარების კუხით ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური დისბალანსია.

2013 წლის ბიზნესის განვითარების რეგიონალური სტატისტიკის თანახმად, თბილისი საქართველოს მთავარი ეკონომიკური ქალაქია და ქვეყანაში არსებული ბიზნესის 2/3 სწორედ აქ არის თავმოყრილი.

რეგიონების მიხედვით ბიზნესის მთლიანი ბრუნვის გადანაწილება ასეთია: ქ. თბილისი – 72.7 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.2 პროცენტი, აჭარის ა. რ. – 5.9 პროცენტი, იმერეთი – 4.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი.

ანალოგიური ტენდენცია ნარჩუნდება გამოშვებული პროდუქციის თვალსაზრისით: რეგიონების მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში კვლავ ქ. თბილისია პირველ ადგილზე: ქ. თბილისი – 65.3 პროცენტი, ქვემო ქართლი – 8.8 პროცენტი, აჭარის ა. რ. – 6.8 პროცენტი, იმერეთი – 5.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2 პროცენტი.

ქვეყანაში არსებული ასეთი რეგიონალური ეკონომიკური დისბალანსი მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის. ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაქმების პრობლემა, რომელიც, თავის მხრივ, საფუძველია შიდამიგრაციული პროცესების. როგორც ზევით აღვნიშნეთ, დასაქმების ძირითადი წილი, ცხადია, თბილისზე მოდის.

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ლოგიკურ ბმაშია კერძო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელთან. თუმცა, ამას გარდა, ეს მაჩვენებლები ძალზე საინტერესო ინფორმაციას იძლევა რეგიონებში არსებულ რეალურ სოციალურ სიტუაციაზე. მართალია, მოსახლეობის აღწერა საქართველოში მხოლოდ ახლა ტარდება, მაგრამ შრომისუნარიანი მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული ბიზნესსექტორში, ამაზე წარმოდგენას შეგვიქმნის დასაქმებულთა შეფარდება ამომრჩეველთა რაოდენობასთან. მაგალითად, აჭარაში, რომელიც რეგიონებში, კერძო სექტორის ბრუნვის მიხედვით, მეორე ადგილზეა (ქვემო ქართლის შემდეგ), ცესკოს მონაცემებით, დარეგისტრირებულია 289 196 ამომრჩეველი; ამ დროს ბიზნესსექტორში, 2013 წლის ბოლო მონაცემებით, დასაქმებულია, სულ, 44,039 ადამიანი, ანუ, სულ, სადღაც 17 პროცენტამდე; გურიის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული იყო 113 304 ამომრჩეველი, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი სულ 3574 ადამიანია, რაც 5 პროცენტზე ნაკლებია და ა.შ.

ასეთი შედარება ნათელყოფს, რომ ბიზნესსექტორი დღეს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის, ფაქტობრივად, მიზერული მაჩვენებლის დასაქმებას უზრუნველყოფს. დასაქმების ოფიციალური სტატისტიკის არცთუ მაღალი მაჩვენებლის ძირითად ტვირთს კი აქ ინაწილებს საჯარო სექტორი (ანუ ისევ ბიზნესისგან ამოღებული შემოსავალი) და თვითდასაქმებულები, რომელთა შორისაც არიან სოფელში მიწის ნაკვეთების მფლობელები, რომლებსაც ოფიციალური სტატისტიკა თვითდასაქმებულებს მიათვლის.
კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ასევე არსებული სტატისტიკიდან გამომდინარეობს და, არსებითად, ასევე შეესატყვისება ეკონომიკურ ლოგიკას: რაც ნაკლებია რეგიონში დასაქმებული, მით ნაკლებია ანაზღაურება, რომელსაც ადამიანები ამ რეგიონებში ბიზნესსექტორისგან იღებენ. რა თქმა უნდა, აქ კვალიფიკაციასა და სხვა ფაქტორებთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს თანაბარ კვალიფიკაციასაც შეეხება. მაგალითად, თუ თბილისში ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი, 2013 წლის მაჩვენებლით, 1019 ლარამდეა, იმავე გურიაში ეს ხელფასი 472 ლარია, რაც, სხვათა შორის, რეგიონების მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია; აჭარაში საშუალო შემოსავალი კერძო ბიზნესში დასაქმებულებისთვის 725 ლარია, იმერეთში - 561 ლარი, კახეთში - 550 ლარი; მცხეთა-მთიანეთში - 866 ლარი და ა.შ.

შესაბამისად, ეს სტატისტიკაც ადასტურებს, რომ აუცილებელია მუშაობა ეკონომიკურ დეცენტრალიზაციაზე და ამ მიმართულებით საქართველოში ჯერ კიდევ არაერთი თანმიმდევრული ნაბიჯია გადასადგმელი.
XS
SM
MD
LG