Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი, ლავროვი და იანუკოვიჩის ხმა არსაიდან


პრორუსული ძალების საგუშაგო, სლავიანსკი
პრორუსული ძალების საგუშაგო, სლავიანსკი
აღმოსავლეთ უკრაინიდან, სადაც დასავლურ მედიას სულ უფრო უჭირს ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება, კვლავაც განსხვავებული ცნობები ვრცელდება ქალაქ სლავიანსკის ერთ-ერთ საგუშაგოზე 20 აპრილს მომხდარი თავდასხმის შესახებ. უკრაინის მთავრობის განცხადებით, შაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებულ გამშვებ პუნქტზე მიტანილი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. რუსეთის სახელმწიფო მედია კი აცხადებს, რომ მოკლულია ხუთი ადამიანი - სამი პირი გამშვები პუნქტის დამცველი ძალებიდან და ორი თავდამსხმელებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის დაჯგუფება „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უფრო შორს წავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქ სლავიანსკში შაბათს მომხდარ სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ძალადობის გზით კიევში ხელისუფლებაში მოკალათებული პირების“ მხარდამჭერებს დააკისრა:

„ეს არის დანაშაული, რომელიც აძლევს ხელს იმათ, ვისაც სურს ხაზი გადაუსვას ჟენევის შეთანხმებებს. და ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ კიევის ხელისუფლება უუნაროა ანდა არ სურს აკონტროლოს ექსტრემისტები, რომლებიც აგრძელებენ და აგრძელებენ მუსიკის შეკვეთას“.
შენობები, რომლებიც ძალადობრივი გზით იქნა დაკავებული კიევში მიმდინარე მოვლენების დასაწყისში, არ არის განთავისუფლებული, გზებზე არ არის მოხსნილი ბლოკადა და მაიდანი, მომიტევეთ ამ ტერმინის გამოყენებისათვის, განაგრძობს გაფურჩქვნას...
სერგეი ლავროვი

რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერნციაზე დიპლომატიურად აუარა გვერდი საუბარს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუსულ ძალებზე, რომლებსაც, ჟენევის დეკლარაციის თანახმად, უნდა დაეყარათ იარაღი და გაეთავისუფლებინათ დაკავებული შენობები. სამაგიეროდ, სერგეი ლავროვმა ჟენევის დეკლარაციით მიღწეულ შეთანხმებათა დარღვევაში, პირველ ყოვლისა, უკრაინის დროებითი ხელისუფლება დაადანაშაულა:

„შენობები, რომლებიც ძალადობრივი გზით იქნა დაკავებული კიევში მიმდინარე მოვლენების დასაწყისში, არ არის განთავისუფლებული, გზებზე არ არის მოხსნილი ბლოკადა და მაიდანი, მომიტევეთ ამ ტერმინის გამოყენებისათვის, განაგრძობს გაფურჩქვნას. მეტიც, ხელმძღვანელობა, რომელიც ვერხოვნა რადამ დანიშნა, აცხადებს, რომ ჟენევის შეთანხმება მაიდანზე არ ვრცელდება“.

ლავროვმა ასევე გადაჭრით უარყო ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსული წარმოების იარაღის არსებობის თაობაზე და, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ 20 აპრილს სლავიანსკის სიახლოვეს საკონტროლო პუნქტზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები „ამერიკულ იარაღს“ იყენებდნენ.

ამერიკულ კვალსა და ვაშინგტონის ჩარევაზე ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავად არიან ამერიკისა და ევროპის სანქციათა სამიზნე უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის.
ახლა უკრაინის რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება უპატიოსნო საქციელი იქნებოდა...
ბობ კორკერი

მოსკოვის ასეთი დესტრუქციული ქმედებების გამო, ორი ამერიკელი სენატორი - რესპუბლიკელი ბობ კორკერი და დემოკრატი ქრის მერფი -რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღების ინციატივით გამოვიდა.

ბობ კორკერმა, რომელიც სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს კომპანია „გაზპრომისა“ და მისი საბანკო სექტორის წინააღმდეგ.„ახლა უკრაინის რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება უპატიოსნო საქციელი იქნებოდა“, - განაცხადა კორკერმა. რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ემხრობა იმავე კომიტეტის წევრი, სენატორი მერფი, რომელმაც განაცხადა, თუ რუსეთს ნებას დავრთავთ იგივე ქმედებები განაგრძოს, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში, არსებობს „პოტენციური შესაძლებლობა, რომ შემდეგი სამიზნე ნატოელი მოკავშირეები გახდნენო“.

ჯერჯერობით უცნობია გაიზიარებენ თუ არა სანქციების თაობაზე ორი ამერიკელი სენატორის ინიციატივას კონგრესი და თეთრი სახლი, თუმცა ვაშინგტონი კვლავინდებურად მტკიცედ განაგრძობს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დროებითი ხელისუფლების მხარდაჭერას.

ამ მხარდაჭერის დასტურია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ორდღიანი ვიზიტი უკრაინაში, რომელიც დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბაიდენი 22 აპრილს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში იმსჯელებს საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და გაძლიერების ხელშეწყობაში, ენერგეტიკის საკითხებზე და ვითარებაზე უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური და შეიარაღებული ჯგუფები კვლავ უპირისპირდებიან უნიტარული უკრაინის იდეას და ფედერალიზაციის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

მათ მოთხოვნებს ორშაბათს მხარი დაუჭირა უკრაინის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასით“ გავრცელებულ განცხადებაში იანუკოვიჩი ქვეყნის ფედერალიზაციისა და რეგიონების უფლებამოსილების თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ექს-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა მოითხოვა. „იანუკოვიჩი პუტინის ხელში, უბრალოდ, პაიკად გადაიქცა“, - განაცხადა რუსულ ტელეარხ „უკრაინასთან“ ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა. გასულ კვირაში ალექსანდრ ტურჩინოვი ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან ერთად გამოვიდა ინიციატივით სრულმასშტაბიანი და ფართო საკონსტიტუციო რეფორმის გატარების შესახებ, რაც რეგიონებს ეკონომიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას მიანიჭებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG