Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირების ახალი თემა ჩნდება


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დააკავა 25 უკრაინელი მოქალაქე, რომლებსაც 14-17 მარტის შუალედში თავდასხმები როსტოვში, ვოლგოგრადში, ტვერში, ორიოლში, ბელგოროდში, კალმიკეთისა და თათრეთის რეგიონებში უნდა მოეწყოთ.

ეჭვმიტანილებმა, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ სამი წევრიცაა, რუსეთის ხელისუფლების კონტროლირებადი ტელეკომპანია „ენტევეს“ ცნობით, იარაღი და აღჭურვილობა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან მიიღეს. აღნიშნული ბრალდება უარყო და „სისულელე“ უწოდა უკრაინის უშიშროებამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავად დასდო ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებს, კიევში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციების დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდნენო.

მხოლოდ 18-20 თებერვალს კიევში, დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკების დროს, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ სისხლისღვრიდან ორი დღის შემდეგ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაინაც დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც კიევის ბრალდებას გამოეხმაურა, განაცხადა, რომ „არსებობს დიდი რაოდენობით მტკიცებულება“, რაც უკრაინის ხელისფლების განცხადების საწინააღმდეგოს ადასტურებს:

„მე ახლა არ ვაპირებ განვსაჯო, თუ რამდენად სანდო და საფუძვლიანია მათ მიერ გაკეთებული განცხადებები. ყოველ შემთხვევაში, ისინი ეწინააღმდეგება იმ უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებებს, რომლებითაც საპირისპირო დასტურდება“.

როგორც ლავროვმა უთხრა ჟურნალისტებს, „სიმართლე სნაიპერების თაობაზე გამჭვირვალედ უნდა დადგინდეს“.
ჩვენ არ დაგვირღვევია რომის დეკლარაცია. და მე ნამდვილად გაოცებული ვარ, თუ როგორ შეუძლია ნატოს დადანაშაულება რუსეთს, რომელიც ყველა პრინციპსა და თავის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს...
ანდერს ფოგ რასმუსენი

რუსეთმა მანამდე არაერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ სნაიპერების უკან უკრაინელი ულტრანაციონალისტები იდგნენ.

ამ თემისგან დამოუკიდებლად, ხუთშაბათსვე, რუსეთმა ნატო დაადანაშაულა აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხების დარღვევაში და მოსკოვში კონსულტაციებზე დაიბარა ალიანსში მისი სამხედრო წარმომადგენელი. რუსეთის მხრიდან მსგავს ბრალდებას „პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ უწოდა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა:

„ჩვენ არ დაგვირღვევია რომის დეკლარაცია. და მე ნამდვილად გაოცებული ვარ, თუ როგორ შეუძლია ნატოს დადანაშაულება რუსეთს, რომელიც ყველა პრინციპსა და თავის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს“.

გენერალური მდივნის ასეთი მკაცრი განცხადების მიუხედავად, როგორც ნატოს წარმომადგენლებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო და სამოქალაქო კონტაქტების გაწყვეტა გავლენას არ მოახდენს ნატოს სარდლობით მოქმედი სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე რუსეთის ტერიტორიის გამოყენებით. სატრანსპორტო ოპერაციებისათვის „მომარაგების ჩრდილოეთის მარშრუტის“ გამოყენება არა ნატო-რუსეთის საბჭოს, არამედ რუსეთისა და კომერციული კომპანიების კონტროლის ქვეშ იმყოფება, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ნატოს შტაბბინაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG