Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გზა და ღვარსადენი – საპარლამენტო დედაქალაქის პრობლემა


ქუთაისი
ქუთაისი
მკაცრი ზამთრის შემდეგ ქუთაისში გზები განსაკუთრებით დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საპარლამენტო დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი შიდასაქალაქო გზების მოსაწესრიგებლად იხარჯება, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან ერთად შესაკეთებელია და კაპიტალურადაა მოსაწყობი ათეულობით შიდასაუბნო გზა, შესახვევი და ჩიხი.

სატრანსპორტო საშუალებების, ტაქსებისა და მსუბუქი ავტომობილების მფლობელებთან ერთად გზის მოუწესრიგებელი საფარი და ღვარსადენების არარსებობა ძლიერი წვიმის დროს პრობლემებს უქმნის ფეხით მოსიარულეებსაც. ავტომობილების მფლობელები მიიჩნევენ, რომ გასული ზამთრის ძლიერი ყინვები ერთ-ერთია, რამაც შიდასაქალაქო გზები დააზიანა. ქუთაისელთა აზრით, გზის საფარის ხშირი დაზიანება მის ხარისხთან არის დაკავშირებული.

ქუთაისში გზის საფარისა და ღვარსადენების კაპიტალური მოწყობისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს ეტაპობრივად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა 44 ქუჩის ასფალტო-ბეტონითა და ბეტონით მოსაპირკეთებლად. როგორც ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს, გზის საფარის მოწესრიგება ძვირად ღირებული პროცესია, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნოდარ მიქიაშვილის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს მხოლოდ გზების ორმოული შეკეთებისთვის გამოიყო თანხა და 900 ათასი ლარი წლის პირველ ნახევარში დაიხარჯება, დაახლოებით 300 ათასი ლარი კი - მეორე ნახევარში. ვიცე-მერის განმარტებით, ქალაქში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად, დაგეგმილია გზების მოწესრიგება, თუმცა რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის გაჭრა აუცილებელი იქნება წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 2016 წლისთვის.

ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, შესრულებული სამუშაოების მოცულობას მერიის შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს, ხარისხს კი, მერიის დაკვეთით, შერჩევითი პრინციპით, დამოუკიდებელი საექსპერტო ბიურო შეამოწმებს.
XS
SM
MD
LG