Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ლომოური - ისტორიკოსი


23 მარტი, კვირა
“თავისუფლების დღიურების” დაწერა მაინცდამაინც მაშინ მთხოვეს, როდესაც განსაკუთრებით ცუდ განწყობაზე ვარ, რაც არცთუ ისე ხშირად ხდება.
წინა თვეებიდან მოყოლებული ამბები - ყირიმის ოკუპაცია და დასავლეთის სამაგალითო პასიურობა, საყდრისის თემა, ვაკის პარკში ხეების მორიგი გაჩეხვა…

რუსეთის მცოცავი ოკუპაცია ხომ საერთოდ უკვე ჩვენი ყოველდღიურობა გახდა; ჩვენი უსუსურობის შეგრძნება მაცოფებს, მაგრამ დვანში ერთხელაც არ ვყოფილვარ, იქაურების მხარდასაჭერადაც კი. კიდევ ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ, რაც მინდა და ალბათ რასაც უნდა ვაკეთებდე. არადა, თითქოს სულ რაღაცას ვაპროტესტებ! კვირა არ გავა, რამე აქციაზე არ წავიდე - ხან რუსთაველზე, მხატვრის სახლის ადგილას იმ გრანდიოზული კოშმარის აშენებას ვაპროტესტებ, ხან ვაკის პარკში ვარ, ხან გუდიაშვილზე, ხან უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე. აღარ მთავრდება ამ ქვეყანაში გასაპროტესტებელი ამბები. დღეს მორიგი “შედევრი” გავრცელდა ინტერნეტში, “თბილისის პანორამა” ჰქვია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომდევნო 10 წელიც ქუჩაში, მიტინგებზე უნდა გავატარო, არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა! და რამდენ პეტიციაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვინ დათვლის… მიუხედავად ამისა, ისიც ვიცი, რომ მაინც არ ვაკეთებ საკმარისს. ვცდილობ, ანასაც მივაწოდო ინფორმაცია ამ ყველაფერზე და თან წავიყვანო ხოლმე - სამოქალაქო ატიურობისთვის მოტივაცია რომ გავუჩინო, მაგრამ ხანდახან მგონია, ამ ბავშვებს სამშობლოს უცნაური აღქმა აქვთ… იმ დღეს სანდრო ბაგრატიონი იძახდა, ზაფხულში ჩვენი შვილები შევყაროთ და მთელი საქართველო მოვატაროთო, სხვანაირად არაფრისადმი ერთგულების გრძნობა არ ექნებათო; სანდროს, როგორც იდეალისტ და მაქსიმალისტ ადამიანს, სჯერა, რომ ერთი 50 კაცი შევიკრიბებით და მთელი თვე ვივლით ასე აღმართ-დაღმართ, ტაო-კლარჯეთშიც კი გადავალთ. ეს ენთუზიაზმი პრაგმატისტმა მეგობრებმა ცოტა გავუფერმკრთალეთ, არადა, ზუსტად ვიცი, რატომაც უნდა ამის გაკეთება! განსაკუთრებით მეექვსე სკოლელებმა კარგად ვიცით, რატომ უნდა იარო დაუსრულებლად ფშავში, ყაზბეგში, ბირთვისსა და რკონში! სანდროს მარშრუტის მეოთხედის განხორციელებაც თუ შევძელით ამ ზაფხულს, დიდი დღესასწაული გველოდება და მეც მგონია, რომ ამის შემდეგ ჩვენი შვილები უფრო აქტიურად შეეცდებიან ხეების, ქალაქის იერსახის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

ეს კვირადღე მაინც გამორჩეული აღმოჩნდა - პოლიტიკური ვნებებისგან თავისუფალი. რადგან კვირას გუდაურში გავიღვიძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. მხოლოდ მოთხილამურეს შეუძლია გაიგოს, თუ რამხელა მასშტაბის ტრაგედია იყო ეს უთოვლო წელიწადი! იმედგადაწურული ადამიანისთვის მოულოდნელი თოვლი ისეთი ბედნიერება იყო, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე გუდაურში აღმოვჩნდი!
თავისუფლების დღიურები - ნატა ლომოური
please wait

No media source currently available

0:00 0:13:17 0:00
გადმოწერა

24 მარტი, ორშაბათი
მეგონა, რამდენიმე დღე მაინც შემრჩებოდა სრიალისგან და გუდაურისგან გამოყოლილი სილაღის შეგრძნება, მაგრამ ორშაბათს დილით ფეისბუკის პირველივე გახსნაზე სოსო ჯაჭვლიანი შემომეფეთა. ბედი არ გინდა?!..

არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩემი გარემოცვა სრულიად არის მოცული ჯაჭვლიანის შეტევით და „ასავალ-დასავალის“ უკვე ზღვარგადასული უზნეობით. ვინც იტყვის, რომ ჟურნალისტიკას და ამ პასკვილებს შორის რამე კავშირია, გიჟი მეგონება! ჟურნალისტების ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი ისედაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მგონია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. ჩემი მეგობრები და ის ხალხი, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, ერთსულოვანი არიან ამ საკითხში. ახლაც, ამ ტექსტს ვწერ და პარალელურად სულ მცირე 20 ადამიანთან ფეისბუკის ჩეტში ვსაუბრობთ, რა გავაკეთოთ ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად. ჯერჯერობით ასე, ვირტუალურად დაიგეგმა მწერალთა სახლში უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის ჩატარება. ამასობაში პენცენტრმაც გაავრცელა ძალიან კარგი განცხადება, შოთა იათაშვილმა დაწერა მაგარი ბლოგი, სხვებმაც, სადაც ხმა მიუწვდებოდათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუხატეს ზურაბ ქარუმიძეს; ასეთი სოლიდარობა, ჩემი დაკვირვებით, მწერლებში დღეს, სამწუხაროდ, იშვიათობაა! ამ ბოლო დროს სულ მარტინ ნიმიოლერის ეს ფანტასტიკური სიტყვები მახსენდება:

“როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან არ ვიყავი პროფკავშირელი. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო”.

ეს ჭეშმარიტება ალბათ ჩვენი ყოველდღიური მოტოც უნდა იყოს.
საღამოს 2013 წლის „თავისუფლების დღიურების” პრეზენტაცია იყო ჩვენთან, სამსახურში. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ბევრი საინტერესო ხალხი იყო, თითქმის ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა, ყველა ერთსულოვანი იყო, მაგრამ სახლში მაინც ყურებჩამოყრილი და ძალიან დაღლილი დავბრუნდი, იმის შეგრძნებით, რომ ეს ხალხი, სამწუხაროდ, აბსოლუტურ უმცირესობაშია!

ღამე ანა ჩამოვიდა მესტიიდან - ოთხი დღით იყო სასრიალოდ წასული. ჩამოვიდა ბედნიერი და გადარეული, ემოციებით გადავსებული - პირველად იყოს საერთოდ სვანეთში! გაბრაზებული ვიყავი ანაზე (მისი თინეიჯერობის წლებში ეს სამწუხაროდ ჩემი თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაა), მაგრამ ისე გამიხარდა, როცა მივხვდი, რომ ყოველი წამი და სანტიმეტრი შეიგრძნო და შეირგო იმ ადგილის, სადაც იყო, ბრაზმა მაშინვე გადამიარა. სხვა რამისთვის თუ არა, იმისთვის მაინც ხომ მეტყვის მადლობას როდისმე, რომ სრიალი და მთა შევაყვარე და ამით სიხარულის ამხელა წყარო ვანახე!

25 მარტი, სამშაბათი
11 საათზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა - „ქართუ ფონდის“ დირექტორთან, ნიკო ჩხეტიანთან ვიყავი, მწერალთა სახლის რემონტის დაფინანსების საკითხებზე. ამ ფონდს უკვე მეორეჯერ მივმართე დასახმარებლად. მომეჩვენა, რომ ეს შეხვედრა უფრო წარმატებული იყო პირველთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში, შენობის გეგმებისა და ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალის მიწოდება მომთხოვეს. რაც შემეძლო, ყველაფერი მოვყევი, მათ შორის, ჩვენი გრანდიოზული და არაჩვეულებრივი გეგმების შესახებაც, შენობის ფოტოებიც ვანახე - გაკეთებული და გასაკეთებელი სივრცის კონტრასტი მართლაც შთამბეჭდავია.

ამ ფონდის გარდა სხვა ორგანიზაციებთან და ბანკებთანაც ვაგრძელებ ურთიერთობას ამავე თემაზე. მე იდეალისტურად მჯერა, რომ ნებისმიერი შეძლებული კომპანიისთვის, თუ კერძო პირისთვის საპატიო და საშური ამბავი უნდა იყოს სარაჯიშვილისეული სახლის აღდგენა. რეალობა სულ სხვანაირია, მაგრამ მე მაინც ჯიუტად გავაგრძელებ ამ გზით სიარულს. აბა, სხვა რა გამოსავალი მაქვს, როცა სახელმწიფოსთვის ეს საკითხი სულაც არ არის პრიორიტეტული?! მარტო ეკლესიების მშენებლობაა ქველმოქმედება და ეროვნული საქმის კეთება?... როცა ჯერ კიდევ ლიტერატურის მუზეუმში ვმუშაობდი, რამდენ ადამიანს ვუყვებოდი, რომ აკაკის, ილიას, გალაკტიონის უნიკალური ხელნაწერები ლპებოდა მუზეუმის საცავებში. ვისაც ეს ამბავი ანერვიულებდა, იმას არაფრის საშუალება არ ჰქონდა, ვისაც დახმარება შეეძლო - მას სწორედაც რომ არაფერი ამდაგვარი არ ანაღვლებდა. მე თუ მოვახერხებ ვინმეს დარწმუნებას, რომ სარაჯიშვილის საქმის გაგრძელება და განათლებაში ფულის ჩადება ძალიანაც ეროვნული საქმეა, შეიძლება ვიფიქრო, რომ რაღაცის გაკეთება მაინც შევძელი!


26 მარტი, ოთხშაბათი
დილით სიღნაღში წავედი. ანა მარგველაშვილმა დამპატიჟა კონფერენციაზე - “სიღნაღი - კულტურისთვის”. ჩემთვის ბევრი საინტერესო თემაა, განსაკუთრებით, მუზეუმების განათლების ცენტრებად გადაქცევა და კულტურის პროექტებისგან ეკონომიკური სარგებლის მიღება. სიღრმისეულად მაინც ვერ ვერთვები დისკუსიებში, რადგან პარალელურად ისევ ზურას მხარდასაჭერი განცხადების ტექსტის გამო პირდაპირ ხაზზე ვარ ცალკე ჩემს თანამშრომლებთან, ცალკე მწერლების ერთ ჯგუფთან.

სამუშაო დღის შემდეგ ყველა მოეშვა, ღვინო მოვწრუპეთ, მწვადი მივაყოლეთ… ანა ყოველთვის ძალიან კარგ ხალხთან ერთად აკეთებს ძალიან კარგ საქმეებს! ამჯერადაც ცდილობენ, სიღნაღს და მის გარშემო არსებულ სოფლებს განვითარების სტრატეგია დაუსახონ და ადგილობრივ თვითმმართველობებს შესთავაზონ. სიღნაღი მოჩვენებების ქალაქი გახდა, ყველგან სიცარიელეა. ბევრი ბანკი და მარკეტი... რესტავრირებული ფასადების მიღმა კი - არაფერია. არადა, თურმე მაგარი ცოცხალი ქალაქი იყო. ვაჭრობით და ხელოსნობით განთქმულ სიღნაღში და მის გარშემო სოფლებში, განსაკუთრებით ქვემო მაჩხაანში ადრე კინო და თეატრი სულ გადავსებული ყოფილა. 2007 წელს კი მთავრობას უნივერსიტეტი დაუხურავს და ერთბაშად 700 სტუდენტს დაუტოვებია ქალაქი! აი ასე, ერთი ხელის მოსმით დაცალეს სტუდენტებისგან ეს ადგილი, და “სიყვარულის ქალაქად” გადააქციეს, რამაც რასაკვირველია არ იმუშავა, იმდენად ხელოვნური და გამოგონილი ამბავი იყო...

მალე კახური იუმორისთვის დამახასიათებელი ისტორიების მოყოლა დაიწყეს ჩვენმა მასპინძლებმა; თელავს რომ მიადგნენ, ბაადურ ბალარჯიშვილიც ახსენეს. არ იცოდნენ, რომ მას ვიცნობდი. ბადურა დიდი ტატოს მეგობარი იყო, მისი ერთი მაგარი ლექსის დასაწყისიც გამახსენდა: “მე ლამაზი უკვე ვიყავ, ახლა მშვენიერი ვარ…“ ბადურას სახელმა ტატოსთან წამიყვანა...

27 მარტი, ხუთშაბათი
სიღნაღიდან 12 საათზე წამოვედი, უფრო ადრე, ვიდრე ვაპირებდი. რაღაც ვეღარ მოვისვენე. გზაში მარტო ვიყავი და ათას რამეზე ვფიქრობდი. კახეთში მოგზაურობას არაფერი მირჩევნია, რაც მე საქართველოს რეგიონებში მიპროწიალია, ყველაზე მეტად კახეთი მიყვარს! ჩემი სოფელი შიდა ქართლში, არბოშია, ცხინვალთან ახლოს, მაგრამ სამწუხაროდ იქ არ დავდიოდით. ვფიქრობდი, არჩევის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად კახეთში ავირჩევდი სოფელს, ალბათ სადმე, ნაფარეულთან ახლოს.

მერე გამახსენდა, რომ 5 დღეში 1 წელი გადის, რაც მწერალთა სახლი გავხსენით. ახლა რომ ვიყურები უკან, ვერ ვიჯერებ, 1 წელიწადში რამდენი რამე გადაგვხდა თავს. ჯერ მარტო ის რად ღირდა, გახსნის პირველივე დღეს რეზო მიშველაძე რომ დაგვადგა ორი მაგიდით და შუა დარბაზში მინიკაბინეტი მოიწყო! ვაიმე, რამდენს ვნერვიულობდი, განსაკუთრებით პირველ თვეებში. არა მარტო ამის გამო! თითქმის არ ვიცნობდი იმ ხალხს, ვისთვისაც ამ ყველაფერს ვაკეთებდით - მწერლები, პოეტები, მთარგმნელები, გამომცემლები. ამდენი ხალხის გაცნობა და თან გულის მოგებაც აუცილებელი იყო. ადვილი საქმე არ იყო - თითქოს ყველას უხაროდა ამ სახლის ხელმეორედ გახსნა, თან სწორედ ასეთი ფორმით, მაგრამ ბევრს ძველ ისტორიასთან კავშირი არ სიამოვნებდა, ბევრისთვის ნეგატიური სტერეოტიპის დანგრევას დრო დასჭირდა.

ახლაც მზარავს, როცა ვიხსენებ, პირველად რომ შევედი მაჩაბლის 13-ში. შენობის გეგმაც კი არ არსებობდა, რომ არაფერი ვთქვათ რესტავრაციის, ელექტროობის, წყალგაყვანილობის გეგმებზე! ვინ რას აკეთებდა, არავინ იცოდა… ვიარე რამდენიმე დღე მუშებთან ერთად და მერე, რასაკვირველია, გუგას ვუხმე, როგორც ჩემს მუდმივ და მთავარ დამხმარეს ცხოვრებაში! დავდიოდით ასე მე და გუგა რესტავრატორებთან, მუშებთან, ხელოსნებთან და ამ პროცესს ბოლო არ უჩანდა. მერე ნანა ნიბლაძე შემოგვიერთდა. ცოტა ხნის წინ გამომიტყდა, პირველად რომ მიმიყვანე მაჩაბელზე, პანიკის დიდი შეტევა მქონდაო, მაგრამ ფინანსისტი აუცილებელი იყო საქმის დასაწყებად და მანაც ზურგი აღარ შემაქცია. შემდეგ უკვე ლელა შუბითიძემ გამაცნო ის არაჩვეულებრივი ხალხი, ვისი წყალობითაც ეს სახლი ისევ საყვარელი და მყუდრო ადგილი გახდა. რამდენი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი და შევიყვარე ამ ერთი წლის განმავლობაში. რამდენ ამბიციურ “გენიოსს” და გრაფომანს ვუსმინე, რამდენი ჰომოფობი და აგრესიული მწერალი გავანაწყენე… რამდენი არაჩვეულებრივი ხალხისთვის და ღონისძიებისთვის ძალიან ფართოდ გავაღეთ ამ სახლის კარი. მგონია, რომ ერთი წლისთვის ცოტა არაა. ადრე, როცა გეგმებზე ვსაუბრობდი, სულ ვნერვიულობდი - მოვახერხებდი თუ არა მათ ასრულებას. ახლა აღარ მეშინია, თამამად ვაკეთებ ამბიციურ განცხადებებს, რადგან უკვე ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და რომ კიდევ მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ ჩემს პატარა, მაგრამ გადასარევ გუნდთან ერთად. მთავარია, სახლის რესტავრაციის საქმე დაიძრას!

სამსახურში მშვიდობა დამხვდა. რამდენიმე საინტერესო მხატვართან და ავეჯის დიზანიერებთან მქონდა ლაპარაკი სამომავლოდ მწერალთა სახლში რამე ექსტრავაგანტური გამოფენის მოწყობაზე. საღამოს დისკუსია გვქონდა ფამუქზე - “სენტიმენტალური და გულუბრყვილო რომანისტი”. „ფამუქიზაციის“ საყოველთაო ტალღას ჩვენ ასე გამოვეხმაურეთ და ერთი მეორეზე საუკეთესო სპიკერები გვყავდა - მისი მოწინააღმდეგეებიც და თაყვანისმცემლებიც: გიორგი ლობჟანიძე, ლაშა ბუღაძე, ირმა ტაველიძე. დათო გაბუნია, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო და უნაკლო მოდერატორი იყო. მაგრამ აუდიტორია მაინც ვერ ჩავრთეთ განხილვის პროცესში. ამასაც ალბათ დრო სჭირდება!

სამსახურიდან სახლამდე დიდი მანძილი მაქვს გასავლელი. სოლოლაკიდან ბაგებამდე თითქმის მთელი ქალაქი უნდა გავიარო. ბოლო თვეებია ყოველდღე მგონია, რომ მანქანა რომელიმე „აკოპში“ დამეშლება! ქალაქში მანქანით მოძრაობა ინდიანა ჯონსის თავგადასავალს დაემსგავსა. არ ვიცი, მერიისა და საკრებულოს დაპირისპირების ბრალია, თუ “ასფალტი ვჭამოთ?”-ის გამო გვსჯიან, ფაქტია, რომ თუ გადარჩენა გვინდა, უზარმაზარი ორმოების ყველა განლაგება უნდა დავიზეპიროთ. დილით კი, სახლიდან სამსახურში თუ ფალიაშვილის ან ბარნოვის ქუჩებით მომიწია წასვლა, იმ დღეს დანა პირს არ მიხსნის. პატარა, აგურისსახლებიანი მყუდრო ქუჩები სულ რამდენიმე წელიწადში უსახო, მახინჯი, მაღალსართულიანი მონსტრების ქუჩებად გადააქციეს და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს.

28 მარტი, პარასკევი
მთელი დღე მწერლების მობილიზებასა და განცხადების ტექსტზე მუშაობას მოვანდომეთ. ისევ გულისტკივილით მიწევს იმის აღნიშვნა, რომ სოლიდარობის და დახმარების აღქმა ქართველებს მაინც არატრადიციული გვაქვს.

საღამოს მოვასწარი და ჩემი მეგობრების ჩემს საყვარელ კაფე “მოდა მოდაში” შევირბინე, გოგოები ამ კვირის განმავლობაში პირველად ვნახე.

29 მარტი, შაბათი
„დღიური“, საბედნიეროდ, ისევ გუდაურით მთავრდება! დღეს განსაკუთრებით კარგია გუდაურში ყოფნა, იმიტომ რომ “სუხიას” შეჯიბრებაა. სუხია ერთი ძალიან მაგარი ბიჭი იყო, რომელიც აფხაზეთის ომში ლევან აბაშიძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად დაიღუპა! თან მაგარი მოთხილამურეც იყო და მისი სახელობის შეჯიბრი ყოველთვის ყველაზე კარგ ხალხს აერთიანებს მთაში!

უკვე 30 წელიწადია, ყოველ ჯერზე, როდესაც მლეთის „ტეკს“ გავცდები, სრული შეგრძნება მაქვს, რომ შავ-თეთრ ზღაპარში შევდივარ და შესვლისთანავე იქვე ვტოვებ ყველანაირ პრობლემას და დარდს. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ამ ბავშვობის საუკეთესო წლებმა გუდაურში გაიარა. აქ ყველა თავისუფლად სუნთქავს, ყველა ლაღია და ბედნიერი, და, რაც მთავარია, ყველა ერთმანეთს უნაწილებს ამ ემოციებს - ასეთი რამე საქართველოში სხვაგან არ მეგულება. ბავშვობის ოცნებებიდან მგონი, ერთი უცვლელი და ძალიან გამოკვეთილი ოცნება მრჩება - გუდაურში ჩემი სახლი მინდა.
XS
SM
MD
LG