Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ ემზადებიან პარტიები არჩევნებისთვის კახეთში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
კახეთში პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით მხოლოდ შიდაპარტიული კონსულტაციები და საარჩევნო შტაბების ფორმირება მიმდინარეობს. მიუხედავა იმისა, რომ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო დარჩა, საზოგადოებისთვის უცნობია გამგებლობის, მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და სოფლის დეპუტატობის კანდიდატთა სახელები.

ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერი შოშიაშვილი ამბობს, რომ აპრილის დასაწყისში ოფიციალურად განაცხადებენ კანდიდატთა ვინაობას და საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებენ. შოშიაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო გურჯაანში მშვიდია. იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან არათანაბარ პირობებში არიან:

„ჯერჯერობით არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორები არ არის. რაც „ნაციონალური მოძრაობის“დროს იყო, ცემა და დაშინება, ახლა მსგავსი არ ხდება, თუმცა არათანაბარ პირობებში რომ გვიწევს ბრძოლა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს“.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის ორგანიზაცია განახლებაზე მუშაობს – ამ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე აკეთებს. გაგა ღამბაშიძის თქმით, სულ მალე რაიონული კონფერენცია გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს და ახალ წევრებს წარადგენენ. ამ ეტაპზე მათ ვინაობას ღამბაშიძე არ ამჟღავნებს:

„ხდება რაიონული ორგანიზაციის განახლება. გვინდა, რომ პარტია უფრო გავამაგროთ. ახალი სახეებიც გამოჩნდებიან პარტიაში, შემდეგ კი პარტიის ცენტრალურ ოფისთან ერთად დაიწყება შტაბის ჩამოყალიბება და კანდიდატების დასახელება. ამჟამად ვემზადებით კონფერენციისთვის“.

წინასაარჩევნო კამპანია და კანდიდატთა წარდგენა ამომრჩევლისთვის ჯერ არ დაუწყია არც კახა კუკავას პარტიას „თავისუფალი საქართველო“. ორგანიზაციის დედოფლისწყაროს თავმჯდომარე თამილა გურაშვილი ამბობს, რომ მათ კანდიდატები კახეთის ყველა რაიონში ეყოლებათ. გურაშვილი ხარვეზებზეც ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ საარჩევნო სიები მოუწესრიგებელია:

„ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე უკვე გვაქვს ლაპარაკი. ახლა რაც მაწუხებს, ამომრჩეველთა სიებია. სიები იგივე დარჩა, რაც იყო ზვიად გამსახურდიას დროს. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, მასობრივი მიგრაცია მოხდა და ეს სიები აღარ უნდა შეიცვალოს?!“

პირველი აპრილიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ ლაგოდეხში. ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი გვეუბნება, რომ ახლა მაჟორიტარ კანდიდატებს არჩევენ და პარტიულ სიას ადგენენ. კაკალაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზეწოლას არ განიცდიან, თუმცა ის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს:

„ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზეწოლას არ განვიცდით, თუმცა ქვეყანაში არის ზოგადად ცუდი სიტუაცია. როცა ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ციხეში ჰყავთ და პარტიის თავმჯდომარეზე დღეს ან ხვალ ძებნას გამოაცხადებენ, ეს, ბუნებრივია, ძალიან ცუდად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე“.

ჯერ არც პოლიტიკურ პარტიებს დაუწყიათ აქტიური საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველსაც თვითმმართველობის არჩევნებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს:

„იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ მაინც იქნებ როგორმე დალაგდეს სიტუაცია. სხვა შემთხვევაში გლეხისთვის არაფერი შეიცვლება“.

„მე, მაგალითად, არაფრის მოლოდინი არ მაქვს და ვერც ვერაფერს გეტყვით“.

„არჩევნები როდის არის? ეგეც არ ვიცი! მე ვიცი, რომ გამგებელს ნიშნავენ“.

„ეს თვითმმართველობა რაღა არის? ვინ უნდა მართონ, რა უნდა მართონ?“


არჩევნები ივნისში გაიმართება. არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ახალი კოდექსი შევა ძალაში. ამ კოდექსის მიხედვით, კახეთში მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტი გახდება თვითმმართველი ქალაქი.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG