Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პოლიტიკური ვითარება გორში


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დრო რჩება. გორში ადგილობრივმა მოსახლეობამ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ჯერ ბოლომდე არ იციან, ვის და როგორ ირჩევენ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქალაქი ცალკე თვითმმართველი ერთეული იქნება პირდაპირი გზით არჩეული მერით, მაგრამ გაურკვეველია თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხები. პარლამენტი ამ თემაზე აპრილის დასაწყისში იმსჯელებს, გაურკვევლობა კი როგორც ამომრჩეველს, ისე პოლიტიკურ პარტიებს აზარალებს.

პარტიულ ოფისებში შემოვლისას ადგილობრივი ლიდერები მხრებს იჩეჩავდნენ და მხოლოდ ზოგად კომენტარზე თანხმდებოდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ახლა საარჩევნო პროგრამაზე მუშაობენ. ადგილობრივ ორგანიზაციაში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ჩაატარებენ თუ არა შიდა პარტიულ პრაიმერს. “ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ტოლიაშვილი ამბობს, რომ პარტია მოსახლეობის წინაშე რეალური დაპირებებით წარდგება.

ქალაქის მერობის და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია კოალიცია “ქართულ ოცნებას“. პარტია „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად კოალიციის შიგნით ხდება კანდიდატურების განხილვა.

გორის მერობის კანდიდატი, იურისტი მამუკა ნოზაძე ყველაზე ადრე ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოძრაობამ” დაასახელა. პარტიის ოფისში ახლა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რათა საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვა დაიწყონ. “დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კოდოშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა პარტიას დაბრკოლებებს უქმნის.

გორის მერობის სურვილი გამოთქვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ კანონმდებლობა მას ამის საშუალებას არ აძლევს იმის გამო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია. ოქრუაშვილმა საარჩევნო შტაბი მაინც გახსნა და დაპირებებს უხვად არიგებს, ადგილობრივ მედიასთან კი ურთიერთობას ერიდება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოქრუაშვილის შტაბში რადიო თავისუფლებამ კომენტარი ვერავისგან მიიღო.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ დრო ცოტა დარჩა, ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიები კი დაბნეულები არიან, რადგან ვერ გაურკვევიათ, როგორი ადმინისტრაციული მოწყობა იქნება ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საუბარია იმაზე, რომ, თვითმმართველი ქალაქის გარდა, სოფლების ბაზაზე ერთი დიდი მუნიციპალიტეტი შეიქმნას ან ეს სოფლებიც მინიმუმ 5 ახალ მუნიციპალიტეტში გადანაწილდეს. ტლაშაძის აზრით, პარტიების ცაიტნოტში ჩაყენება სასურველი არ არის.

პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ სწრაფად გადაჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, რათა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველამ სრულფასოვნად მოასწროს.
XS
SM
MD
LG