Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 25 მარტი


„საქართველო ნატოს ჰაერს, ზღვასა და რკინიგზას შესთავაზებს“ - ამ სათაურით გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე, შესთავაზოს საკუთარი ტერიტორია ნატოს სარდლობას 2015 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, უკრაინის კრიზისის გამო, შეჩერდა თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის.

სტატიის თანახმად, წინასწარი შეთავაზების მიხედვით, რომელიც თებერვალში ნატოს სამხედრო კომიტეტის თბილისში სტუმრობისას გაკეთდა, ყურადღება გამახვილებულია ფოთისა და ბათუმის პორტების გამოყენებაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიღწეული წინასწარი შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ახალი რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. გარდა ამისა, საქართველოს მხარე ნატოს სარდლობას ასევე სთავაზობს აეროპორტების მომსახურებასაც. „იზვესტიის“ მიხედვით, შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს თბილისსა და მარნეულში მდებარე აეროდრომები.

„იზვესტია“ ქართველი სამხედრო ექსპერტების დახმარებით ასკვნის, რომ საქართველოს ხაზინა ტრანზიტის საშუალებით 100 მილიონამდე ამერიკულ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, შესაძლოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ნატოს მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები იყენებდნენ.

ნატოს გეგმებზე უკრაინის კრიზისის გავლენის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის ვარაუდითაც, რუსეთის ქცევამ ალიანსის წევრ ქვეყნებს მეორე სუნთქვა გაუხსნა. სტატიაში ციტატის სახით მოტანილია კარნეგის ფონდის ექსპერტის ჯუდი დემპსის შემდეგი გამონათქვამი: „ავღანეთის შემდეგ ალიანსს შეუძლია კვლავ დაკავდეს ევროპით - კრემლმა, მისდა უნებურად, ნატოს ახალი სიცოცხლე აჩუქა“.

„კომერსანტი“ ესაუბრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს, რომლის თქმითაც, ალიანსის შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება რუსეთის ქცევაზე. შესაძლოა, მთლიანად გადაიხედოს ალიანსის სტრატეგია.

გაზეთის თანახმად, ამ მოსაზრებას დასავლეთში ბევრი ანალიტიკოსი იზიარებს. მათი ვარაუდით, ამერიკის შეერთებული შტატები ეცდება აღმოსავლეთ ევროპაში განალაგოს მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები. გარდა ამისა, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა შეცვალონ დამოკიდებულება ამერიკის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიმართ, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, განთავსებულია ნიდერლანდში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიასა და თურქეთში. უკრაინის კრიზისამდე ამ ქვეყნების საზოგადოებები ითხოვდნენ „ანაქრონიზმის დასრულებას“ ამერიკის ბირთვული იარაღის ევროპიდან გატანის სახით, ახლა კი ამაზე საუბარიც კი აღარ არის.

„კომერსანტის“ სტატიაში ასევე მოტანილია ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით:

„ჩვენ არ შეგვიძლია განვაგრძოთ განიარაღება მაშინ, როცა მთელი დანარჩენი სამყარო მარაგს ზრდის, ზოგიერთი კი ჩვენს საზღვრებთან აჟღარუნებს იარაღს. ნატოს უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა დაიცვას ჩვენი ტერიტორიები და ხალხები, ამისათვის კი გვჭირდება შეკავებისა და მოგერიების ყველა საშუალება“.

„კომერსანტის“ სტატიაში რასმუსენი ყირიმის მიერთებას „რუსეთის გლობალური სტრატეგიის ნაწილად“ მიიჩნევს და შიშობს რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არ შეიჭრას. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, სამყაროში, რომელიც ყირიმის მიერთების შემდეგ შეიცვალა, რუსეთი იქცევა როგორც ნატოს მოწინააღმდეგე და არა როგორც პარტნიორი.

სტატიას ნატო-რუსეთის ურთიერთობის სირთულეების შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG