Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ როვნოში მოკლეს "მემარჯვენე სექტორის" წევრი "საშკო ბელი"


უკრაინის ქალაქ როვნოში სამშაბათს ღამით მოკლეს ნაციონალისტური ორგანიზაციის - „მემარჯვენნე სექტორის“ წევრი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელიც „საშკო ბელის“ სახელითაც არის ცნობილი. ეს ცნობა „ფეისბუკით“ გაავრცელა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეს დონიმ. მისი ინფორმაციიით, ავტომანქანას, რომელშიც მუზიჩკო იმყოფებოდა, ორმა ავტომანქანამ გზა გადაუღობა. მუზიჩკო ერთ-ერთში გადასვეს, შემდეგ ხელბორკილდადებული გადმოაგდეს და გულის არეში ორი სროლით მოკლეს. „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტმა იაროსლავ გრანიტნიმ ერთ-ერთ გამოცემას დაუდასტურა მუზიჩკოს მკვლელობის შესახებ ცნობა და განაცხადა, რომ ნახა გვამი, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. გრანიტნის ვერსიით, მუზიჩკოს მკვლელებს სურდათ დაწმუნებულიყვნენ, რომ მას ჯავშანჟილეტი არ ეცვა და ამის შემდეგ ესროლეს. ამასთან, “უაპრესი“, როვნოში „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტ სერგეი პონურკოზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მუზიჩკო თავის არეში ნასროლი ორი ტყვიით არის მოკლული და რომ მისი გვამი ქალაქის განაპირა რაიონში იპოვნეს. როვნოს ერთ-ერთი საიტის ინფორმაციით კი, მუზიჩკო ერ-ერთ ადგილობრივ კაფეში მოკლეს და რომ თავდამსხმელებმა კაფეში მყოფი ექვსი პირი, მათ შორის - „მემარჯვენე სექტორის“ სამი წევრი გაიტაცეს. მუზიჩკოს მკვლელობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია უკრაინის სამართალდამცავ უწყებას. მანამდე ალექსანდრ მუზიჩკომ ინტერნეტში განათავსა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი განადგურების, ან „შეპყრობისა და რუსეთისთვის გადაცემის“ შესახებ, რომ შემდეგ „ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურებს დაბრალდესო“. მუზიჩკო რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეჭვმიტანილი იყო 1994-2000 წლებში ჩეჩნეთში რუსი სამხედროების წამებასა და მკვლელობაში. რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, მარტში კი სასამართლომ მუზიჩკოს დაკავებაზე სანქცია გასცა. დიდი ინტერესი გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერებმა, რომლებზეც ასახული იყო როვნოს საოლქო საბჭოში ავტომატით შეიარაღებული მუზიჩკოს მისვლა, აგრეთვე ის, თუ როგორ დაარტყა მან როვნოს პროკურორს ქალის მკვლელობის საქმის ცუდად გამოძიებისთვის. „უკრაინსკაია პრავდას“ თანახმად, ამის შემდეგ „საშკო ბელის“ სახელის გამოყენება დაიწყეს რუსმა ჟურნალისტებმა უკრაინელი რადიკალების შესახებ დამაშინებელი ამბების მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG