ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ბერლინის კინოსკოლაში სარეჟისორო განხრით სწავლობს, ლიტერატურაზე ვსაუბრობდით და გაოცებული დავრჩი, როდესაც მან გულისტკივილით მითხრა, რომ ძალიან ბევრ მის კოლეგას თომას მანის სახელი არც კი გაუგონია.
თომას მანი ჩემი უსაყვარლესი მწერალია და ამიტომ ეს ინფორმაცია ჩემთვის ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, "ბიბლიოთეკაში“ ხანდახან არა უბრალოდ ახალ გამოცემებზე ვისაუბრო, არამედ მკითხველს ჩვენი ორიგინალური თუ მთარგმნელობითი ლიტერატურის ის მიღწევებიც შევახსენო, რამაც დიდწილად თუნდაც ჩვენი მწერლობის დღევანდელი დონე და მიმართულებები განსაზღვრა.
ასეთ მიღწევათა რიგში, უპირველესად, დალი ფანჯიკიძის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებული თომას მანის ძირითადი რომანები - "ბუდენბროკები“, "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება“ და, რა თქმა უნდა, "ჯადოსნური მთა“ გვეგულება.
თომას მანის თარგმანი საკუთარ თავზე შესანიშნავად მეტყველებს და ისიც სავსებით კმარა, რომ აგერ ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს თავის მნიშვნელობას. 70-იანი წლების დასასრულსა და ოთხმოციან წლებში ეს თარგმანი პირველად დაისტამბა ორ წიგნად, 2011 წელს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, "მსოფლიო კლასიკის“ სერიით, ერთი ვეებერთელა ტომის სახითაც გამოვიდა. სწორედ ამ გამოცემის წყალობით, "ჯადოსნური მთა“ მე პირადად მეხუთედ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვიყურყუმელავე ამ არაჩვეულებრივი რომანის საოცარ, მართლაც, ჯადოსნურ სიღრმეებში.
ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ თომას მანის "ჯადოსნური მთა“ ევროპული ინტელექტუალური რომანის მწვერვალად არის აღიარებული. წიგნის დაწერისას, ანუ 1924 წელს, გერმანიის ქალაქ ლუბეკში 1924 წელს დაბადებული თომას მანი უკვე 49 წლის იყო. შესაძლებელია, ამიტომაც "ჯადოსნური მთის“ ლაიტმოტივს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიის, ქცევისა და მოტივაციის კვლევა წარმოადგენს.
თვითონ თომას მანი აღნიშნავდა, რომ ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი მის პაროდიადაც.
ამ წიგნისათვის დამახასიათებელია აზრობრივი სიღრმე, მრავალპლანიანობა, დინჯი, აუჩქარებელი თხრობა, გამოკვეთილი ხასიათები და მწერლის ჰუმანური, ირონიანარევი დამოკიდებულება გმირების მიმართ.
რომანში უამრავი სამეცნიერო სფეროდან გამოყენებულ დიდძალ ინფორმაციას რომ თავი დავანებოთ, თვითონ სტილისტური მონაკვეთები ისე ოსტატურად გადადის ერთმანეთში, ისე ძალუმად ხმიანებს გერმანული ენის თითქმის ყველა შრე, რომ ამ ენობრივი სიმფონიის სხვა ენაზე გადატანა თითქმის შეუძლებელი ჩანს. თითქმის იმიტომ, რომ ზოგჯერ, საბედნიეროდ, არსებობს დალი ფანჯიკიძე, ვისაც შეუძლია ყველაფერი ლამის დედნისეული სიცხადითა და თრთოლვით გაიმეოროს სხვა, ზოგჯერ მწერლის ენისაგან დიამეტრულად განსხვავებულ, ენაზე.
თვითონ ქალბატონი დალი ფანჯიკიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავისი მთარგმნელობთი მეთოდისა და, საერთოდ, თომას მანთან მისი დამოკიდებულების შესახებ აღნიშნავს:
"ჩემთვის მნიშვნელოვანია სტილის დაცვა. მე ძალიან მაღიზიანებს, ვინმე რომ მეტყვის ხოლმე, რა კარგი ქართულით გითარგმნიაო. ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი შეფასება და ასევე შურაცხმყოფელი კითხვა, იმიტომ რომ თუ გამართული ქართულით არ შეგიძლია წერო, იქ წარმოუდგენელია, რომ სტილზე იფიქრო. ჩემთვის კი უპირველესი ამოცანაა, რომ გადმოიცეს სტილი, ამიტომ, თუ პატივმოყვარულ განცხადებად არ ჩამომართმევთ, ნამდვილად მივაღწიე ამას ,,ბუდენბროკებშიც“, შემდეგ ,,ჯადოსნურ მთაშიც“ და მესამედ ,,ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარებაში“, რომელიც სტილისტურად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და განსხვავდება თომას მანის შემოქმედებაში“.
ამავე საკითხს შეეხო ჩვენთან ინტერვიუში კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე, რომელმაც დალი ფანჯიკიძის თარგმანებზე საუბრისას აღნიშნა:
"ქალბატონი დალი ფანჯიკიძის დამსახურება ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის წინაშე უზარმაზარია: როგორც რაოდენობით არის დიდი მისი შემოქმედება, ასევე ხარისხითაც. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე გამოწვლილვით შემესწავლა მისი ნამუშევრები, დედანთან შემედარებინა, მოხსენებებიც წამეკითხა, მერე გამომექვეყნებინა და ეს იყო არაჩვეულებრივად სასიამოვნო პროცესი, იმის გამო, რომ ენობრივი თვალსაზრისით სასწაულებს ახდენს ქალბატონი დალი თავის ამ თარგმანებში. ბარემ აქვე გავიხსენებ ერთ რამეს: თომას მანთან განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი - ენის საკითხი, იმიტომ რომ მას ერთგან უწერია: ყოველი ახალი რომანის დაწერა ჩემთვის გერმანული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება არისო. არ არის საკამათო, რომ ასევე თარგმანებიც ამ რომანებისა უნდა იყოს იმ ენის - ანუ, ჩვენ შემთხვევაში, ქართული ენის - შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება. და აი, ამ არაჩვეულებრივად რთულ ამოცანას ქალბატონი დალი ასრულებს სწორუპოვარი ოსტატობით“.
ცხადია, ეს სწორუპოვარი ოსტატობა სათარგმნი მასალის, ტექსტის სიღრმისეული ანალიზის შედეგია. დალი ფანჯიკიძე ჯერ საფუძვლიანად სწავლობდა ტექსტებს და შემდეგ გადმოჰქონდა ის შესამაბისი სტილური ხერხების მეშვეობით.
ოღონდ არსებობს ბევრი რამ, რასაც მხოლოდ ანალიზით ვერ მიაღწევ და ნიჭის სახით უნდა გქონდეს მომადლებული, რათა ისეთი სასწაულები "ჩაიდინო“, რაზეც ჩვენთან საუბრისას კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ მიუთითა:
"ერთი მაგალითი სამუდამოდ დამამახსოვრდა, ჩამრჩა მეხსიერებაში. თომას მანის ამ რომანის ერთ-ერთ ქვეთავს აქვს ორსიტყვიანი სახელწოდება გერმანულად. ეს ასე ჟღერს: Ehrbare Verfinsterung, რაც ქართულად როგორ გადმოვიტანოთ? მე დარწმუნებული ვარ, ათი კარგად მცოდნე - ორივე ენის კარგად მცოდნე - მთარგმნელი რომ დასხა, ათივე სხვადასხვანაირად გადმოიტანს ამ შესიტყვებას და ზოგი იმასაც იტყვის, რომ, რა ვქნა, არ გამოდის და ვერ ვთარგმნიო! არაჩვეულებრივად რთული გადმოსატანია ეს ყველა ენაზე და, მათ შორის, ქართულადაც და რის გამო? ახლა თვითონ ეს ehrbar ნიშნავს "პატივისცემის ღირსს”, Verfinsterung, ცალკე აღებული, ეს არის "დაბნელება”. ეს სათაურია, მაგრამ ტექსტშიც იხსენიება და თანაც სამჯერ, და, ცხადია, სამივეგან ერთნაირად უნდა იქნეს თარგმნილი და როცა ტექსტში, ფრაზაში წავიკითხავთ ამ გამოთქმას, მაშინ ვხვდებით, რა იგულისხმება. იგულისხმება ის, რომ ამ ორისტყვიანი გამოთქმით პერსონაჟის გამომეტყველება არის დახასიათებული. ქალბატონ დალი ფანჯიკიძის ქართულ თარგმანში Ehrbare Verfinsterung-ს შეესატყვისება ,,დარბაისლური მოღუშულობა.“ ეს არის ისეთი მიგნება, რომელიც ძალიან იშვიათად შეგხვდებათ თარგმნილ ლიტერატურაში“.
ცხადია, ეს მხოლოდ მაგალითისათვის, თორემ დალი ფანჯიკიძის თარგმანები, შეიძლება ითქვას, სავსეა ასეთი შემოქმედებითი მიგნებებით. ამის წყალობით, 965 გვერდიანი ტექსტი გაუნელებელი ინტერესით იკითხება და მკითხველს ერთი წამითაც არ ტოვებს აღტაცების განცდა, ერთი მხრივ, მწერლის, მეორე მხრივ კი, მთარგმნელის ნიჭიერებით რომ არის აღძრული.
თუმცა თვითონ დალი ფანჯიკიძე ამას თომას მანის დამსახურებად მიიჩნევს და აღნიშნავს: "შესანიშნავად ფლობს თომას მანი რიტმის პრობლემას. რიტმი იცვლება სიტუაციების მიხედვით და თითქოს ადამიანმა დაისვენა. ასევე აღსანიშნავია მისი ენის მუსიკალობა, რაც მე მგონი, ქართულ თარგმანშიც არის შენარჩუნებული“.
ქართულ თარგმანში შენარჩუნებულია, საერთოდ, თომას მანი, რომელსაც თავის დროზე შეეძლო თამამად განეცხადებინა, სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არისო და ამით არა მხოლოდ ფაშისტებისათვის მოეგო ნიშნი, რომელთაც აიძულეს სამშობლო დაეტოვებინა, არამედ, უბრალოდ, აღენიშნა ის ობიექტური გარემოება, რომ მისი წიგნების გარეშე თანადროულ გერმანულ და, შესაბამისად, ევროპულ კულტურას გამოეცლებოდა ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი.
ამდენი ხნის მერე ამ საყრდენის გარეშე ეს კულტურა დღესაც სავსებით წარმოუდგენელია და სასიხარულოა, რომ ქართულად გვაქვს თომას მანის თითქმის ყველა ძირითადი ნაწარმოები. ამაში კი ლომის წილი არაჩვეულებრივი დალი ფანჯიკიძისაა.

შესანიშნავად ფლობს თომას მანი რიტმის პრობლემას. რიტმი იცვლება სიტუაციების მიხედვით და თითქოს ადამიანმა დაისვენა. ასევე აღსანიშნავია მისი ენის მუსიკალობა, რაც მე მგონი, ქართულ თარგმანშიც არის შენარჩუნებული...დალი ფანჯიკიძე