Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არაფორმალური განათლების ცენტრები გორში


ბოლო დროს გორში არაერთი არაფორმალური განათლების ცენტრი გაჩნდა. „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელმა“ მუშაობა ორიოდე კვირის წინ დაიწყო. ცენტრში ახალგაზრდები კონკურსის წესით შეირჩნენ. 64 ახალგაზრდა ახლა სხვადასხვა სახის სატრენინგო მოდულებს ესწრება. 6 თვის განმავლობაში 18 ტრენინგი ჩატარდება. სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, პროექტების წერა, სოციალური მედია - ეს იმ ტრენინგების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლიდერთა ქსელში როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ასწავლიან. „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ დამფუძნებელი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის იმ განათლების მიცემა, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ვერ იღებენ. მისი აზრით, დამატებითი საგნების სწავლით მოქალაქეებს ცხოვრებაში გააზრებული არჩევანის საშუალება მიეცემათ.

გორში 18 წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ არსებობს. თავიდან ამ ორგანიზაციის მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იყო, ახლა კი „ბილიკი“ რეგიონის ბავშვებისთვის განათლების გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციაში მედიასკოლა შეიქმნა, სადაც უფროსკლასელები ჟურნალისტიკის საფუძვლებს ეუფლებიან. „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი აცხადებს, რომ მოზარდები არა მარტო ჟურნალისტიკას, არამედ სამოქალაქო აქტიურობასაც სწავლობენ.

„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ მეორე წელია საქართველოში ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების განათლებას დემოკრატიის სკოლებში. გორის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სკოლებში პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთის გვერდით დემოკრატიის საფუძვლებს სწავლობენ. „ნიმდის“ გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ, არაფორმალური განათლების გარდა, აქ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს შორის კომუნიკაცია მყარდება და ურთიერთობები უმჯობესდება.

„ნიმდის“ დემოკრატიის სკოლა, „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელი“ და „ბილიკის“ მედიასკოლა კურსდამთავრებულებთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებენ. აქტიურ კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ კონკრეტულ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და თვითონ დაიწყონ სხვა ადამიანების დახმარება.
XS
SM
MD
LG