Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიხარბის ტრაექტორია


ამ ბლოგპოსტის წერა ცხელ გულზე და გაბრაზებულმა დავიწყე სტამბოლის აეროპორტში. გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საყდრის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო სინამდვილეში უძველესი ოქროს მაღარო არ არის. გუშინ კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კომპანია RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება ისევ მისცა. ეს გადაწყვეტილება გამართლდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევით, რომლითაც დადგენილა ის, რაც გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა თქვა.

მეგობარმა თვითმფრინავში წასაკითხად გამომატანა ჟურნალ “ტაიმის” ნომერი, სადაც დალაი ლამასთან ინტერვიუ არის დაბეჭდილი. ჟურნალისტი ეკითხება, აშშ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევას ყურადღებას იმიტომ აღარ უთმობს, რომ პეკინი უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალააო? დალაი ლამა უპასუხებს: „მე ასე არ ვფიქრობ, თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანობა - ესენი ამერიკული პრინციპებია. ზოგიერთი ადამიანისთვის ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვანია. ეს შეცდომაა. შეხედეთ აფრიკას, სირიას. მორალური პრინციპის გარეშე ადამიანური ცხოვრება არ ღირს. მორალური პრინციპი, სიმართლე ძირითადი ფაქტორია. თუ ჩვენ ეს დავკარგეთ, მომავალი აღარ გაგვაჩნია.“ ამ სიტყვებმა პრემიერ-მინისტრის განცხადება მომაგონა იმავე შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრმა თქვა: „კულტურულ მემკვიდრეობას და ეკონომიკას შორის ჭიდილი ყველგან მიდის, მათ შორის საქართველოშიც.“ მაგრამ მას არ უსურვებია განემარტა, თუ რამდენად შეიძლება ეკონომიკა ეწოდოს იმას, რასაც RMG Gold-ი წარმოადგენს. ნუთუ ის ეკონომიკაში გულისხმობს რუსი მილიარდერების კომპანიას, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, Eurasianet.org-ის თანახმად, სწორედ ის ადამიანია, ვინც თავის დროზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გასცა და შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ადგილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოხსნოდა? ე.ი. თუკი ფინანური მოგების მიღებით დაინტერესებული ხალხი გვეტყვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ინტერესს ეკონომიკური ინტერესი გადაჯაბნის, უნდა დავუჯეროთ? როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა მათ უკვე დაუჯერა, მაგრამ ეს ქვეყანა მისი არ არის და არც კულტურული მემკვიდრეობა არის მისი კერძო საკუთრება. ამ ყველაფერს ჭიდილი მაშინ დაერქმეოდა, თუ კომპანია სამართლიანი თამაშის წესებით ითამაშებდა, თუმცა მისი სიხარბის ტრაექტორია ცნობილია და კულტურული მემკვიდრეობის და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის განადგურების გზაზე გადის.

ამას წინათ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ერთმა სტუდენტმა ევროპულ და ერვოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს RMG Gold-ის გაფიცული მუშების შესახებ დაუსვა კითხვა. მან - არც მეტი, არც ნაკლები - უპასუხა, რომ ადრე (წაიკითხე: წინა ხელისუფლება) რომ გაფიცულიყვნენ, ციხეში ხომ ჩასვმამდნენო. ალექსი პეტრიაშვილმა ამ დისკუსიაზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ამ სიტყვებმა სრულ შოკში ჩამაგდო. პრემიერ-მინისტრმაც ალბათ ბევრი ჩააგდო შოკში და მოაგონა არცთუ ისე შორი წარსული.

ალბათ ყველას ახსოვს მიხეილ სააკაშვილისა და სტუდენტების სასაცილო შეხვედრები და ამის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გამბედაობა, ცივილიზებულად შეგებებოდა სამართლიან კრიტიკას, ნამდვილად დასაფასებელია. მაგრამ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მთავრობის, განსაკუთრებით კი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უპასუხიმგებლო ქმედებები სწორედ ნაციონალური მოძრაობის ტრადიციის სრულყოფილი გაგრძელებაა. კერძოდ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ტრადიციაა ყველა სამართლებრივი ბარიერის გაუქმება ნებისმიერი ვანდალიზმისა და ზიანის გასამართლებლად. მათ კიდევ ერთი ცინიკური მეთოდი ჰქონდათ, მაგალითად, ძველ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ჯერ დანგრევის პირამდე მიიყვანდნენ და, ძეგლის გადარჩენა უპერსპექტივო რომ ხდებოდა, შემდეგ მის დაღუპვას ბუნებრივ ხდომილებებს აბრალებდნენ. წინა მთავრობა ლოგიკასთან და საღ აზრთან შეუთავსებელ ბევრ რამეს აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, ისიც სიამოვნებით დაშვრებოდა არტეფაქტების საბადოში (!) ძიებით და უძრავ ძეგლს ისიც მარტივად გადააქცევდა მოძრავ ძეგლად. რატომ? იმიტომ რომ ამის უფლებას მისცემდა თავს და იმიტომ, რომ გაუვიდოდა.

ხელისუფლება მუდმივად იმეორებს (და რა გასაკვირია, რომ პრემიერ-მინისტრმაც ეს სულისკვეთება გაიმეორა): ““ხალხთან სამუშაოა“, „ხალხი დასარწმუნებელია“, „ხალხის პრობლემა მოსაგვარებელია“. ამ მიდგომის ნაკლოვანება ის არის, რომ ხელისუფლება პრობლემას ისევ ხალხში ხედავს. და დროა, ამ ხალხმა ხმა ამოიღოს და უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც თვითონ უხდის ხელფასს, რომ ხალხში კი არა, ხელისუფლებაშია პრობლემა. სხვანაირად ხელისუფლება არც კი დაეჭვდება, თვითონ ხომ არ აკეთებს რაღაცას არასწორად. და სანამ პრემიერ-მინისტრი ფრესკებზე და ხეებზე დამცინავი ტონით გაგვაქილიკებს, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ კულტურულ მემკვიდრეობას თავისთავადი ღირებულება გააჩნია, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აფასებს მას რომელიღაც ხარბი ბიზნესმენი. ის არ არის და ვერ გახდება ცალკეული პირის საკუთრება და გრძელვადიან პერსპექტივაში მას შეუძლია უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლის მოტანა, ვიდრე საეჭვო წარმომავლობისა და რეპუტაციის ინვესტორს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG