Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 13 მარტი


„ეკონომიკასთან ერთად უმუშევრობაც იზრდება“ - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე. გაზეთის თანახმად, ეკონომიკური ზრდის ფონზე ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მატულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 9 000 ადამიანით შემცირდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ სამუშაო ადგილების შემცირებამ ტენდენციის სახე მიიღო, ის მთლიანად ბაზარზე ცუდად იმოქმედებს.

დღესვე „რეზონანსი“ ინტერესდება თემით, დაზარალდებიან თუ არა ქართველი მშენებლები არაბი ინვესტორის გამოჩენით. საქმე ეხება თბილისური „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟის მიზნით არაბი ინვესტორების სამშენებლო ბაზარზე შემოსვლას. სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისინი ვერ გაუძლებენ კონკურენციას და პოზიციის დათმობა მოუწევთ. „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რის გამოც, შესაძლოა, რამდენიმე კომპანია თამაშგარეშე სიტუაციაში აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფასს, არაბული ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ვახტანგ რჩეულიშვილის აზრით, მათ მიერ აშენებულ კორპუსებში 1 კვადრატული მეტრის ფასი 500 დოლარზე მეტი არ იქნება, რაც მასობრივ რეალიზაციას შეუწყობს ხელს და, საბოლოოდ, მომხმარებელი დარჩება მოგებული.

„ვიდრე რუსეთი ტორებს იქნევს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია“, - უთხრა გაზეთ „ პრემიერს“ საქართველოს საზღვაო ძალების შტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო ექსპერტმა გოჩა ვეტრიაკოვმა. მისი აზრით, ნატოში, როგორც სახელმწიფომ, რაღაც ფუნქცია უნდა შეასრულო. როცა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები მიიღეს, მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო: „ყირიმი შეიძლება დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ სანამ რუსეთის სამხედრო ბაზები დგას უკრაინაში, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. ასე ვართ ჩვენც: სანამ საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე რუსული ბაზები იქნება, ნატოს ვერც მივუახლოვდებით. სიმართლე უნდა ითქვას და ეს არის“, - უთხრა სამხედრო ექსპერტმა გოჩა ვეტრიაკოვმა გაზეთ „პრემიერს“.

„პუტინმა მთავარი იმპერიული ინტერესი წააგო“- ინტერვიუს უკრაინა-რუსეთისა და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე „სახალხო ფრონტის“თავმჯდომარე ნოდარ ნათაძესთან გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. ნოდარ ნათაძის აზრით, სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ბირთვული ომის ძალიან პატარა შესაძლებლობა გაუჩნდა. რუსეთს თავის გაწირვისთვის მიზეზი არ აქვსო, ამბობს ნოდარ ნათაძე, თუმცა შესაძლოა თავად პუტინს ჰქონდესო ამის მიზეზი: „ ის, რომ უკრაინამ ზურგი აქცია რუსეთს და ყალიბდება როგორც რეალურად დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ამას ვერავინ შეცვლის. ეს, რა თქმა უნდა, შეუთავსებელია პუტინის ეგრეთ წოდებულ იმიჯთან - პუტინის სახესთან, როგორც მაგარი დიქტატორისა. ის რჩება როგორც გალახული დიქტატორი“. ნოდარ ნათაძე ფიქრობს, რომ თავისი ისტორიული როლისთვის პუტინს ურჩევნია რუსეთმა წააგოს ბირთვული ომი, ვიდრე გალახული წავიდეს. ნოდარ ნათაძის აზრით, თუ ნათლად გამოჩნდება, რომ პუტინი ამას გააკეთებს, მას რუსი გენერლები მოკლავენ.
XS
SM
MD
LG