Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინკლუზიური განათლება ბავშვთა კავკასიურ ქსელში


ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თათია კახეთელიძე ჩაქვში ინკლუზიური განათლების კონფერენციაზე როცა მიდიოდა, ინკლუზიური განათლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ეგონა, თუმცა მალე შეიტყო, რომ ეს ტერმინი უფრო მეტს გულისხმობს.

ჩაქვში, არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა“ და საზოგადოება „ბილიკის“ - ორგანიზებით, სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ინკლუზიური განათლება იყო. საქართველოში ინკლუზიურ განათლებაზე საუბრისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას წარმოიდგენენ ხოლმე, თუმცა ინკლუზიური განათლება მხოლოდ ამ მიმართულებას არ მოიცავს. ინკლუზიური განათლება გულისხმობს მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში, თანატოლებთან ერთად, იმის მიხედვით, ვის რა ტიპის სპეციალური განათლება სჭირდება. განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აცხადებს, რომ, ბოლო კვლევების თანახმად, ქალაქის სკოლების მოსწავლეები წიგნიერების საკითხში 40 ერთეულით უსწრებენ სოფლის სკოლების მოსწავლეებს. მისი აზრით, ხარისხიანი განათლება თითოეული მოსწავლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

კავკასიაში 15- მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა „ბავშვთა კავკასიური ქსელი“, რომელშიც გაერთიანებული არიან ბავშვები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. ქსელის ხედვაა, კავკასიის მასშტაბით, ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს განათლება. ქსელი უკვე ახორციელებს პროექტებს კავკასიის მასშტაბით ადგილობრივი ძლიერი ინიციატივების წასახალისებლად, რაც სიღარიბეში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული, განსხვავებული რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას ითვალისწინებს. საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი ამბობს, რომ ქსელის მისიაა გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა უფლებების დაცვა, რათა კავკასიის რეგიონში ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვთა კავკასიური ქსელი არა მარტო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, არამედ სამშვიდობო პოლიტიკაზეც ზრუნავს, რამდენადაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ბავშვები გარკვეულ დროს ერთად ატარებენ.

ჩაქვის კონფერენციაზე სკოლების დეცენტრალიზაციის, მასწავლებელთა კვალიფიკაციის, ქვეყანაში არსებული განათლების პოლიტიკისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებაც იმსჯელეს. სპეციალისტებმა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
XS
SM
MD
LG