Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები დაამტკიცა


80 მომხრე, 0 წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც კვლავაც რჩება სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის სამიზნედ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენის პროცედურამ და კენჭისყრამ 7 მარტის სხდომაზე მშვიდად ჩაიარა, მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, კვლავაც უკმაყოფილო რჩებიან კოალიცია ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები, თუმცა, მმართველი გუნდის შეფასებით, ამ ეტაპისთვის გაკეთდა მაქსიმუმი საარჩევნო კოდექსის დასახვეწად.

”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები დამტკიცებულია, თუმცა მუშაობა კვლავ გრძელდება, მაგალითად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირების წესის გარშემო. ამის შესახებ 7 მარტის სხდომაზე საზოგადოებას საკითხის მომხსენებელმა - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა - ზვიად ძიძიგურმა ამცნო:

”ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს გარკვეული ტიპის შენიშვნები. ეს შენიშვნები გულისხმობს, თუ რა შემთხვევაში უნდა მიეცეს ბიულეტენი ამომრჩეველს და რა შემთხვევებში არ უნდა მიეცეს. ამ შენიშვნების გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, უბრალოდ, ინფორმაცია ჰქონდეთ კოლეგებს, რომ ვერიფიკაციის თაობაზე საარჩევნო კოდექსში დამატებით იქნება ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც შემოვიტანთ”.

არც საარჩევნო კოდექსში და არც თვითმმართველობის კოდექსში არაფერი არ შეიცვალა ისეთი, რაც ხაზს გაუსვამდა იმას, რომ უმჯობესდება ვითარება, ეს ერთი... და მეორე...
გოკა გაბაშვილი
7 მარტს პარლამენტის სხდომაზე მწვავე კამათი აღარ გამართულა, თუმცა მანამდე მრავალი კვირის განმავლობაში სადავო იყო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი და, მათ შორის, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებშიც. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბარიერის პრობლემა მოიხსნა და, ხელისუფლების ინიციატივით, ბარიერი 50%-მდე გაიზარდა, პოლიტიკური ოპონენტების ყურადღება სხვა ძირითად სადავო საკითხებზე გადანაწილდა. ასე მაგალითად, საპარლამენტო ოპოზიციური ძალა ”ნაციონალური მოძრაობა” ბოლომდე ითხოვდა თანაბარ პირობებს, რომ საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატების დასახელების საშუალება მერებისა და გამგებლების არჩევნების შემთხვევაშიც შეძლებოდათ, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების დასახელების უფლება საკრებულოს არჩევნებისთვისაც მისცემოდათ.

ამ საკითხის მსგავსად, საარჩევნო კოდექსის 7 მარტს დამტკიცებულ ვარიანტში ”ნაციონალური მოძრაობის” არც მეორე მოთხოვნა აისახა. ის გულისხმობდა შეზღუდვის მოხსნას იმ პირებისთვის, ვისაც სურს, რომ კანდიდატად დასახელდეს როგორც საკრებულოს არჩევნებში, ასევე მერებისა და გამგებლების არჩევნებში. ალტერნატიულ პროექტში ასახული ამ მოთხოვნების გარდა, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციას, სხვა არაერთი პრეტენზიაც ჰქონდა, მაგალითად, ბიომეტრიულ სიებთან თუ არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლის სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსის დამტკიცების დღეს მედიის წარმომადგენლებთან უკმაყოფილება გამოხატა საპარლამენტო უმცირესობის არაერთმა წარმომადგენელმა და მათ შორის იყო დეპუტატი გოკა გაბაშვილიც:

რამდენიმე ფაქტი იყო, რაზეც ”ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს, თუმცა ეს არ არის ტენდენცია და შეიძლება ცალკეული შემთხვევები კითხვის ნიშნებს აჩენდეს და პრობლემური იყოს, მაგრამ ამას არა აქვს სერიოზული გავლენა ზოგადად წინასაარჩევნო გარემოზე - ამ ეტაპზე...
ლევან ნატროშვილი
”არც საარჩევნო კოდექსში და არც თვითმმართველობის კოდექსში არაფერი არ შეიცვალა ისეთი, რაც ხაზს გაუსვამდა იმას, რომ უმჯობესდება ვითარება, ეს ერთი... და მეორე - რეალური მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდება, პრაქტიკულად ყველგან, სადაც უკვე ცნობილია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველას პირდაპირ პროკურატურით, ფინანსური პოლიციით, სასამართლოთი, გამოძიებით ყველგან დევნიან.”

პოლიტიკური დევნის ტენდენციებზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მომავალი არჩევნებისთვის შექმნილ ფონს ვერც კი შეადარებს, მაგალითად, იმავე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ მდგომარეობას:

”რამდენიმე ფაქტი იყო, რაზეც ”ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს, თუმცა ეს არ არის ტენდენცია და შეიძლება ცალკეული შემთხვევები კითხვის ნიშნებს აჩენდეს და პრობლემური იყოს, მაგრამ ამას არა აქვს სერიოზული გავლენა ზოგადად წინასაარჩევნო გარემოზე - ამ ეტაპზე, ცხადია, რადგან კიდევ 3 თვეა არჩევნებამდე დარჩენილი და რა მოხდება, არავინ იცის. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შენარჩუნდება სიწყნარე, რაც არის”.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ლევან ნატროშვილის ორგანიზაციის შეფასებით, განხორციელებული ცვლილებების დიდი ნაწილი არაარსებითია. ამასთან, კვლავაც გადაუჭრელი რჩება საარჩევნო სისტემის პრობლემები, რომელზეც უკვე წლებია მიგვითითებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

”ეს არის მრავალმანდატიანი ოლქების შემოღების საკითხი, რაც არ იქნა გათვალისწინებული და ისევ ერთმანდატიანი ოლქები იქნება, სადაც არ იქნება დაცული თანაბარი წარმომადგენლობითობის პრინციპი, რაზეც ძირითადად ეუთოს დასკვნებში იყო აღნიშნული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ. როდესაც სოფელს, სადაც 100 ადამიანი ცხოვრობს, ერთი წარმომადგენელი ჰყავს საკრებულოში და ასევე ერთი წარმომადგენელი ჰყავს საკრებულოში სოფელს, სადაც 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ეს, სამწუხაროდ, არ უწყობს ხელს სამართლიანი გარემოს შექმნას და სათანადო შედეგების დადებას არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ისევ რჩება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ნატროშვილმა.

”საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოსა” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო სისტემის ხარვეზები მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG