Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 11 მარტი


„რუსეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ის ვაშლი უკვე შეჭამა, რისი გასინჯვაც აკრძალული იყო. ამას იქით თავს შებოჭილად აღარ გრძნობს და აკეთებს იმას, რაც უნდა. შესაბამისად, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ჯერ არც ანექსია მოხდება და არც აღიარება და რუსეთი დაიწყებს ვაჭრობას ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნატოში: „შემოერთება მხოლოდ ბოლო ნაბიჯია, რომელსაც შეიძლება სამხედრო ინტერვენცია მართლა მოჰყვეს და ამ ომში უკრაინა მარტო არ დარჩება. ევროპა და ამერიკა აუცილებლად ჩაებმება, თუმცა რა ფორმით, ესაა საკითხავი“. კახა გოგოლაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ უკრაინასთან ომი არც რუსეთისთვის იქნება მარტივი, მით უმეტეს, თუ ის თავის ნავთობს და გაზს ვეღარ გაყიდის. „რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით დასავლეთს ნავთობი გაუძვირდება“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი, - „თუმცა ამის კომპენსაციას ამერიკა მოახდენს“. ეს, კახა გოგოლაშვილის აზრით, იქნება ლოგიკური შედეგი, რასაც რუსული ეკონომიკის დანგრევა მოჰყვება.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის თანახმად კი, არცთუ შორეულ მომავალში, სულ რაღაც ორიოდ თვეში, ვიგრძნობთ რუსული ეგრეთ წოდებული „რბილი ძალის“ შემოჭრას საქართველოში. ინტერვიუს სოსო ცისკარიშვილთან გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, რუსეთის ეგრეთ წოდებულ „რბილ ძალებში“ სოსო ცისკარიშვილი გულისხმობს არა ბომბებს, არამედ ფულს: „ რას მოიმოქმედებს ეს ფული, ცხადია, გაწერილი იქნება არა თბილისში, არამედ მისგან ორი ათასამდე კილომეტრის მოშორებით. თუ გადახედავთ ზოგიერთი პრესის უკანასკნელ ნომრებს და მათ შეფასებებს, თუნდაც ყირიმთან დაკავშირებით, მათ უკიდურესად უზრდელ გამონათქვამებს ევროპისა და ამერიკის ლიდერების მიმართ, მიხვდებით, საიდან უბერავს სიო“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი, რომლის აზრითაც, რუსეთს საქართველოსთან პრობლემების ფულით მოგვარება უკვე დაწყებული აქვს და გამოდგება თუ არა ეს ხერხი, მალე გამოჩნდება. სოსო ცისკარიშვილის აზრით, საფრთხე ისაა, რომ თუ რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ არ მოიცალა საქართველოსთვის ურთიერთობების გასარკვევად, მაშინ ბელადთა მაამებლური ფენა უფრო უხეში და მიუღებელი გზებით შეეცდება, რომ საქართველოსა და მოლდოვას მიმართ სრულიად არაადეკვატური ნაბიჯები გადაიდგას.

„არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მზაკვარი სახელმწიფოა“, - პოლიტიკური ექსპერტის თენგიზ ფხალაძის „For.ge”-სთან გამოთქმულ მოსაზრებას კი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე წაიკითხავთ. თენგიზ ფხალაძის თანახმად, ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოების გარემო და ვითარება მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში. ეს, თენგიზ ფხალაძის თანახად, არის როგორც სამხრეთ კავკასია, ისე უკრაინა: „იგივე პროცესები განვითარდება მოლდოვაშიც. ყველაფერი მაინც რუსეთისკენ მიდის. ფაქტია, რუსეთი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კლანჭებიდან არ გაექცეს სახელმწიფოები, რომლებიც, ფაქტიურად, უკვე გასულნი არიან მისი ზეგავლენის ზონიდან. ამიტომ, როგორც წესი, ინტერვენციის ფინალური აგონია ყოველთვის საშიშია ხოლმე“. -თენგიზ ფხალაძის აზრით, სწორედ ამ ფინალური აგონიის ეტაპზეა ახლა რუსეთი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG