Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 25 თებერვალი


„ვინ აიძულა ხატიაშვილი ონიანი ადვოკატთა ასოციაციაში მიეღო?“-გაზეთ „ალიას“ ამ სტატიის თანახმად, „ადვოკატთა ასოციაციის“ ნაწილი უკმაყოფილოა თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, განცხადებებით და ფიქრობენ, რომ მისი გადარჩევა იმპიჩმენტის წესით მოუწევთ. ამ ინფორმაციას ავრცელებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდეს. ამის მიზეზი კი არის ზაზა ხატიაშვილის მიერ ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების ფორმის გაპროტესტება. „შენზე ამბობენ, რომ დამნაშავეს ხელს აფარებ?“ - „ალიას“ ამ კითხვაზე ზაზა ხატიაშვილი პასუხობს: “გოგა ონიანი დააკავეს საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე, რა შუაშია მიტინგების დარბევა და რა შუაშია ის, რაც ხდება? მე ვარ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე და გოგა ონიანის დაცვით ვიცავ ყველა ადვოკატს ძალადობისაგან. თუ ამ ადამიანმა რამე დანაშაული ჩაიდინა, დაუმტკიცონ და ისე დააკავონ, ეგ რომ ადვოკატი არ ყოფილიყო, არავინ დააკავებდა“, უთხრა გაზეთ „ალიას“ „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.

„ბეწვის ხიდზე გასავლელი დრო ასოცირებამდე, ანუ „ქვეყნის სტაბილურობას საგარეო და საშინაო საფრთხეები ემუქრება“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, აღნიშნულია, რომ 2014 წელს საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეები იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ხელის შეშლის მცდელობები და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, რომელსაც ქვეყნის მტრები სათავისოდ გამოიყენებენ. „რეზონანსის“ ერთ-ერთი რესპონდენტი, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი, ამბობს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სხვა ეპოქასა და სხვა საუკუნეში ცხოვრობს და ურთიერთობების სრულიად განსხვავებული, თავისებური აღქმა და წესები აქვს“. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ცივილიზებური სამყაროს ერთიანი და მტკიცე პოზიცია რუსეთს აიძულებს თავის მიდგომებს გადახედოს და შეცვალოს. რაც შეეხება საყრდენს, რომელიც, რუსეთმა ქვეყანაში დესტაბილიზაციისათვის შიდა ძალებს შორის შეიძლება პოვოს, პოლიტოლოგის აზრით, ასეთი ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კი გაუთვითცნობიერებელ ფენაში. თუმცა იგი მაინც იმედოვნებს, რომ საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს.

„ადგილობრივი არჩევნები-საჯილდაო ქვა“ - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ დღევანდელი სტუმარი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაა. შეკითხვაზე, თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში რის გაკეთებას გეგმავს, მინისტრი პასუხობს: „ხელისუფლებაში ყოფნამ, ასევე მანამდე მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხალხს იმაზე მეტს არ უნდა დავპირდეთ, რისი შესრულებაც რეალურად შეგვიძლია. ამაო მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ. ამიტომაც ის 41 პუნქტიანი პროგრამა, რომელსაც აპრილში თბილისის მერის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის შემდეგ წარვადგენთ, სწორედაც დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების რეალურად გადასაჭრელ გზებზე იქნება ორიენტირებული“.
XS
SM
MD
LG