Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუკი გაიგონებ...


ეთერ თათარაიძის ახალი და განსაკუთრებული წიგნი, ,,ჩიტ რო იძახს, წიავ“, შარშან გამოსცა გამომცემლობა ,,საუნჯემ“.

კაცმა რომ თქვას, ამ პოეტის ყოველი ახალი კრებული განსაკუთრებულია და მაშ, რატომღა დაგვჭირდა პირველივე ფრაზაში ასეთი ეპითეტის მოხმობა ახალ წიგნთან დაკავშირებით?

საქმე ისაა, რომ მართლაც მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დასტამბული ეს კრებული, სინამდვილეში, პოეტის ხელნაწერების ფაქსიმილეს წარმოადგენს, რომელიც მისი ქალიშვილის, მარიამ (თუთი) არაბულის, ნახატებით არის გაფორმებული. ამდენად, წიგნი, შინაარსისაგან დამოუკიდებლადაც, უკვე ხელოვნების ნიმუშია და მკითხველს, რომელიც მას ხელში აიღებს, პირველივე შეხედვისთანავე უქმნის განწყობას, რომელიც, რა თქმა უნდა, ლექსების კითხვასთან ერთად, სულ უფრო და უფრო უმძაფრდება.
მე როცა გონზე მოვედი, როცა გავაცნობიერე, რომ რა ფორმით ვაკეთებ ამას, უკვე დიდი ხანი იყო გასული. როცა მივხვდი, რას ვაკეთებდი და რატო ვერ მივხვდი. იმიტომ რომ რაც მტკიოდა და რისი თქმაც მინდოდა, ყველაზე ადვილად ეგ იყო ის, რაშიც მე გავიზარდე...
ეთერ თათარაიძე

პირადად მე თუ რამეზე შემიძლია გითხრათ, თავზარდამცემი შთაბეჭდილება მივიღე-მეთქი, ალბათ, ბოლო ხანს სწორედ ამ საოცარი კრებულიდან, სადაც პოეზია ისე იბრუნებს თავის ნამდვილ საზრისს, როგორც დიდი ხნის წინათ ოკუპირებულ ტერიტორიებს. პოეზიის ეს ტერიტორიები ხომ კარგა ხანია უამრავი რამის მიერ არის ოკუპირებული: ხან პროზის, ხან ჟურნალიზმის, ხან ფილოსოფიით გატაცებისა თუ, რა ვიცი, კიდევ რამდენი რამის მიერ, რაც თავის თავს აღარ სჯერდება და მაინცდამაინც პოეზიის სამოსელში გამოწყობა მოუნდომებია. არადა, პოეზიის სამოსელი მხოლოდ უბრალოებაა, რომელიც სათაურიდანვე მოგანათებს და ამ წიგნის სათაურიც ხომ უკვე მშვენიერი ლექსია, შენს წარმოსახვაში თავს რომ ათასნაირი განწყობითა და ფიქრით გაგაგრძელებინებს.

ეთერ თათარაიძეს სწორედ ასე - ერთი ფრაზით - შეუძლია შექმნას ის, რაც ზოგჯერ ,,დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში თალხნად იყო“. ჩვენი ხალხური ზღაპრების ეს ჯადოსნური ოქსიმორონი თავის გამართლებას სწორედ პოეზიაში, კერძოდ, ეთერ თათარაიძის ლექსებში პოულობს. ზოგჯერ ორი სტრიქონით ის იმდენ რამეს გვეუბნება, ისეთი დატვირთულია ეს სტრიქონები, რომ მთელ რომანს ან ფერწერულ ტილოს იტევს. მაგალითად, ეს ლექსი: ,, ოო, რა მწიფე ჰაერ წევს, ათას სურნელგარეულ...“ ან კიდევ ეს: ,,ნიავს ეციგლიგები, შენამრეშალ ცირცელო...“ ანდა ეს: ,,თავ მყავს დიდხნის დაკარგულ, ვეღარსი შევხვდ ეთეროს...“

ვგრძნობ, დროზე თუ არ შევწყვიტე ციტირება, ალბათ, მთელი წიგნის გადმოწერა მომიწევს. ეთერ თათარაიძის არც ერთი ლექსი არ არის უბრალო საბაბით შექმნილი, ყველა, თუნდაც ძალზე ყოფითი და ჩვეულებრივი სიტუაციის პირმშო სტრიქონიც კი, მასთან დიდი ემოციით, არაჩვეულებრივი სიღრმით არის დატვირთული.

აი, თუნდ ამ მწიფე ჰაერზეც, რომელსაც ათასი სურნელი გარევია, დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მით უმეტეს, ეს ჰაერი ,,წევს“ და რა ზუსტად შერჩეული ზმნაა, რა შეუმცდარად გვეპატიჟება ამ ლექსის მთელ სურნელებებში.

მაგრამ თვითონ ეთერ თათარაიძის ლექსების მთავარი არომატი პოეტის მშობლიური თუშური კილოკავია, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი თავის გამოსახატავად მან თავიდან სრულიად არაცნობიერად აირჩია და მერე, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, გასაოცარი მოთმინებითა და სიჯიუტით უერთგულა. საქმე ის არის, რომ მთის პოეზიისათვის არსებობს ერთი კლასიკური საზომი, რომელზეც ჩვენი ხალხური პოეზია შეიქმნა, და ეს საზომიც, უფრო ზუსტად, მთლიანად სალექსო ფორმა იმდენად ტრადიციულია, არავის ყურს არ სჭრის, პირიქით, ყველას ძალიან ემშობლიურება. ეთერ თათარაიძე კი თავისი თუშურით იმთავითვე გაემიჯნა ამ შეჩვეულ საზომს და ფორმის თვალსაზრისითაც სრულიად ახალი ტიპის პოეზია შექმნა. მსოფლიო ლიტერატურამ იცის დიალექტზე შექმნილი დიდი მწერლობის მაგალითები.
ნუ ვიკითხავთ, რატომ აირჩია პოეტმა ეს დიალექტი და გამართლებულია თუ არა მისი არჩევანი. კითხვა უქმია, რადგან ამგვარი არჩევანი ყოველთვის ირაციონალურია. ის ჭკუაზე არ არის დამყარებული, რომ განსჯის საგანი შეიქნეს. მას "ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“...
ზურაბ კიკნაძე
ჩილელ პოეტს გაბრიელა მისტრალს 1945 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში იმისათვისაც მიენიჭა, რომ მან თავის ლექსებში გააცოცხლა და გადაარჩინა მშობლიური ჩილეს ერთი დიალექტი. სწორედ ასე იყო ნობელის პრემიის კომიტეტის დასკვნა ფორმულირებული მისტრალის შემოქმედებასთან დაკავშირებით.
ეთერ თათარაიძეს კი - პრემიას ვინ ჩივის - უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა თავისი პოეტური მანერის გამო, იმიტომ რომ ის ტრადიციას მისი კიდევ უფრო არქაული ეპისტემით გაემიჯნა. 1974 წელს ფილარმონიაში გამართული ხალხური პოეზიის საღამოს შემდეგ, მიუხედავად ერთგვარი საერთო სახალხო ეიფორიისა, სინამდვილეში, ალბათ, მაშინვე თითებზე ჩამოსათვლელი იყო იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა, რეალურად რა რევოლუციური გარდატეხა მოიტანა ქართულ სიტყვიერებაში მაშინ სრულიად ახალგაზრდა ეთერ თათარაიძემ.

ვახუშტი კოტეტიშვილმა მაშინვე განაცხადა: ,,ეთერ თათარაიძის პოეზია არის დიალექტზე შექმნილი ლიტერატურის უიშვიათესი შემთხვევა“ - და ამ ერთ ფრაზაში პრინციპულად სწორი მარკერი მოგვცა თათარაიძის ლექსის გასაგებად: გვითხრა, რომ ეს არის არა, უბრალოდ, ხალხური სიტყვიერების მორიგი ნიმუში, არამედ დიალექტზე შექმნილი ლიტერატურა. ზურაბ კიკნაძემ კი გაგვაფრთხილა: ,,ნუ ვიკითხავთ, რატომ აირჩია პოეტმა ეს დიალექტი და გამართლებულია თუ არა მისი არჩევანი. კითხვა უქმია, რადგან ამგვარი არჩევანი ყოველთვის ირაციონალურია. ის ჭკუაზე არ არის დამყარებული, რომ განსჯის საგანი შეიქნეს. მას ,,ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“. რაკი არჩევანი მომხდარია და მისი შედეგი პოეზიაა, იგი არ საჭიროებს გამართლებას, ის ადასტურებს თავის ერთადერთობას და ამით ობლობასაც, როგორც ,,ამ დალოცვილ მიწისა ერთ სამარით მკობარ“.

გამოჩენილი ფოლკოლრისტის ამ გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გავკადნიერდი და ეთერ თათარაიძეს თავისი არჩევანის შესახებ ვკითხე. თათარაიძემ გვითხრა:

,,მე როცა გონზე მოვედი, როცა გავაცნობიერე, რომ რა ფორმით ვაკეთებ ამას, უკვე დიდი ხანი იყო გასული. როცა მივხვდი, რას ვაკეთებდი და რატო ვერ მივხვდი. იმიტომ რომ რაც მტკიოდა და რისი თქმაც მინდოდა, ყველაზე ადვილად ეგ იყო ის, რაშიც მე გავიზარდე. მე რაც შეგრძნება მაქვს ბავშვობიდან (აი, ვერ ვიტყვი, ვერ დავიწყებ ახლა, რომ ამბობენ, რომ მე რაღაცები მახსოვს, თვეებისასო), მე რაღაცეები მახსოვს, პირველი სურათები, მაგრამ მე მახსოვს გაუთავებელი ურთიერთობა მოხუცებთან. ამას, შემთხვევით, არც ვინმეს გასაოგნებლად ვამბობ, არც გასაკვირვებლად. აი, ვგიჟდებოდი, რო ლაპარაკობდნენ თუშურად. მე იქ ვიზრდებოდი, ნამდვილ გარემოში და შემეძლო მშიერი ვყოფილიყავი არაცნობიერად, რო ამათთვის მესმინა. არ მწყინდებოდა: აი, დამიძახებდა დედა: აი, რამდენჯერ ყოფილა:

ეთერ თათარაიძე
ეთერ თათარაიძე
„მოშავდიო’დ მობნელდი, სიდ დი’კარგეო!“ არ იცოდა კესომ წყევლა, მაგრამ ხანდახან, ეტყობა, ზღვარს იქით წავიდოდი და, ეტყობა, მართლა უგონო რაღაც მქონდა, აი, ამათ სმენაში ვიყავი უბედნიერესი. სხვა გასართობიც ახლა ჩვენს ბავშვობაში რა იყო? ფეისბუკები გვქონდა თუ კომპიუტერები პირველი კლასიდან? გონში არაფერი, ამათ მონაყოლით უნდა გავზრდილიყავით, ამათ მონაყოლი ზღაპრით, ამათ მონაყოლი ამბით და ეგ, შენდაუნებურად, აი, ამაში გადუღებდა“.

სამწუხაროდ, ჩვენი არასწორი დამოკიდებულების გამო, ბევრ სნობ მკითხველს, თათარაიძეს ვინ ჩივის და, რევაზ ინანიშვილიც კი სოფლური ყაიდის მწერალი ჰგონია. მრავალი ადამიანი მინახავს პრეტენზიულად ტუჩაბზუებული, ვერ ვიგებთ ამ დიალექტს, ჩვენი არ არისო. სასაცილოა, რომ ამ ფონზე მრავლადა გვყავს ჯეიმს ჯოისის ,,ულისეს“ მკითხველები. თავისთავად ცხადია, აქ ირონია ჩვენს ორმაგ სტანდარტს, ჩვენს თვალთმაქცურ სიყეყეჩეს ეხება და არა ჯეიმს ჯოისს, რომლის წესიერად გამგები, ალბათ, მის მშობლიურ გარემოშიც ცოტაა, მაგრამ ამით ჯოისს ნამდვლად არაფერი აკლდება.

რაც შეეხება თუშურ დიალექტს და, საერთოდ, დიალექტისა და სალიტერატურო ენის ურთიერთმიმართების საკითხს, ეთერ თათარაიძე ამბობს:

,,მე რა ფორმაც დამჭირდა ჩემი ფიქრისათვის, რა განწყობაც რა სიტყვისთვის უნდა მიმესადაგა, ეგ ყველაფერი მზამზარეულად დევს თუშურ დიალექტში და მაგით, იცი, რა შევიგრძენი, რო როგორი მდიდარია საერთოდ ქართული ენა და როგორ ზუსტად ვიცი, ცხრა ჯალათი რო დამადგეს, მაინც ვიტყვი, რო აი, ნებისმიერ დიალექტს - იმდენად მდიდარია, ქართული, რომ არა ლიტერატურულ უმდიდრეს ქართულს, ახლა სქემებად და უბედურებად ქცეულს, არა, ნებისმიერ დიალექტს შეუძლია ცალკე დიდ ენად განვითარება. აი, იმდენად მდიდარია, კარგი გაგებით, ოღონდ, რა თქმა უნდა..."

,,მზამზარეულად დევსო“, ამბობს, არადა, ეთერ თათარაიძე უნდა იყო, რომ ეს მზამზარეული დაინახო და ასეთი სიფაქიზით გააცოცხლო, უფრო სწორად, ახალი სიცოცხლე, სრულიად ახალი მასშტაბი შესძინო, თორემ „ჩიტ, რო იძახ, წიავ,“ - ისიც პოეზიაა, თუ ეთერ თათარაიძე ხარ და ამას გაიგონებ...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG