Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტი გრძელდება


საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ის მონაწილეობის მიღებას არც პარასკევის სხდომაზე აპირებს. უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება და რეაქციები 11 დეკემბერს სხდომათა დარბაზში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით.

”პროტესტი გაგრძელდება. დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ 13 დეკემბერს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავესწრებით პარლამენტის სხდომას”, - უთხრა ხუთშაბათს რადიო თავისუფლებას უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტის დარბაზი, პროტესტის ნიშნად, ოთხშაბათს ჩხუბის შემდეგ დატოვა:

”ვუყურებდი და პირდაპირ გეტყვით, რომ თავზარდამცემი იყო ჩემთვის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არჩეულები არიან საქართველოს მოქალაქეების მიერ, დარბოდნენ დარბაზში, იგინებოდნენ, პანღურებს ურტყამდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ... და ეს ნამდვილად არ არის ის ვითარება, როდესაც შესაძლებელია რაიმე სახის საკანონმდებლო საქმიანობაზე საუბარი”.

გავიხსენოთ, რომ დეპუტატებს შორის მასობრივი ფიზიკური დაპირისპირება უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლას მოჰყვა, როდესაც მან გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მართალია, დეპუტატი ჯაჭვლიანი მოგვიანებით განმარტავდა, რომ მისი რეაქცია დეპუტატ ბარამიძის გარკვეულ შეურაცხმყოფელ ჟესტებს მოჰყვა, მაგრამ ამ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის საფუძვლად საპარლამენტო უმცირესობა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას მიიჩნევს. როგორც ნუგზარ წიკლაური ამბობს, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო დეპუტატ ჯაჭვლიანის შეფასებები აფრასიძეების ოჯახთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაზე, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მწვავე რეაქცია ადრესატის მხრიდან და ეს ადვილად გასათვლელი იყო.

არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად ჭკვიანური ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ საბაბი მივცეთ უმცირესობას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვონ დარბაზი და ამით ბოლომდე გაექცნენ პასუხისმგებლობას...
დავით უსუფაშვილი
პირველი რეაქცია, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან სხდომათა დარბაზში გამართულ მუშტი-კრივს მოჰყვა, მოიცავდა საყვედურს უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების მისამართით, რომ მათ მისცეს საბაბი უმცირესობას, დაეტოვებინა სხდომა:

”არ არის მაინცდამაინც მოსაწონი ქმედება უმრავლესობის მხრიდან, თუ უმცირესობას აძლევს საბაბს იმისას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დარბაზი დატოვოს. არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად ჭკვიანური ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ საბაბი მივცეთ უმცირესობას, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვონ დარბაზი და ამით ბოლომდე გაექცნენ პასუხისმგებლობას”.

სხდომის ბოლოს, გვიან საღამოს, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ დაუბრუნდა ჩხუბის თემას. მან დეპუტატებს დამშვიდებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ წლის ბოლო პერიოდი საკანონმდებლო ორგანოში განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს და რომ პარლამენტში ცენზურას ვერავინ დააწესებს:

ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდებოდა მისი გუნდის მხრიდან და განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს ”ქართულ ოცნებას”, ასევე მას უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარე...
ნუგზარ წიკლაური
”სიტყვის თავისუფლება თუკი სადმე უნდა ყვაოდეს, ეს არის პარლამენტი - იგულისხმება მათ შორის ტონალობა, მათ შორის ინტონაცია, მათ შორის გამონათქვამები... მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ სხვისი მხრიდან მკვეთრად და მკაფიოდ წარმოჩენილ რაღაცასაც სათანადო მოთმინებით შევხვდეთ ყველანი. მაგრამ არის კიდევ ზღვარი, რომლის მიღმაც უკვე შეუძლებელია წესების დაცვა. უბრალოდ, გთხოვთ, თუკი ერთმანეთს არ დავეხმარეთ ამ საკითხებში, მაშინ ის საქმე დაგვრჩება უკან, რისთვისაც ვართ შეკრებილი”.

პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია არასაკმარისი აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობისთვის. ”მას არ ჰქონდა საკმარისად პრინციპული პოზიცია”, მიაჩნია ნუგზარ წიკლაურს, რომლის თქმითაც, დეპუტატ ჯაჭვლიანის დასჯა თვითმიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ რეაგირება აუცილებელი იყო:

”ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდებოდა მისი გუნდის მხრიდან და განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს ”ქართულ ოცნებას”, ასევე მას უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ის მოიქცა და რა კომენტარიც გააკეთა ამ შემთხვევაზე, ეს კარგად ადასტურებდა იმას, რომ ის უფრო მეტად მძევალია იმ ვითარების, რომელიც მის გუნდშია”.

უმცირესობის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ოთხშაბათის ჩხუბის შემდეგ სხვადასხვა სახით ჰქონდათ საუბარი, თუმცა საერთო ენის გამონახვა ჯერ ვერ მოხერხდა. ისევე როგორც უკრაინის მხარდამჭერი განცხადება და სახელმწიფო ბიუჯეტი იქნა დამტკიცებული 11 დეკემბერს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გარეშე, 13 დეკემბერს ასევე მათ გარეშე განიხილავენ პარლამენტის სხდომაზე სადავო ”თვითმმართველობის კოდექსს”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG