Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიცვეს ბერძნებმა ჰესის მშენებლობისგან ქართული ტაძარი


პანაიგია ტორნიკიუ
პანაიგია ტორნიკიუ
საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე დასავლეთ მაკედონიის ოლქში 1995 წლის გაზაფხულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მის ეპიცენტრში, გრევენის პრეფექტურაში, ასობით შენობა დაზიანდა. იმ წელს სალონიკის უნივერსიტეტში მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი თამარ მესხი. მისი განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიპყრო:

“ახსენეს, რომ სამწუხაროდ, საგრძნობლად დაზიანდა მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ბიზანტიური ძეგლი პანაიგია ტორნიკიუ. ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ, პანაიგია ტორნიკიუ არის ყოვლადწმინდა თორნიკესი”.
დავიწყე ივერთა მონასტრის მეტოქების შესწავლა და ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვნე მასალა, რომელიც ცხადყოფს, რომ ტაძარი იოანე თორნიკეს მიერაა აშენებული...
თამარ მესხი

თამარ მესხი ამბობს, რომ ეს სახელი მან მაშინვე დაუკავშირა მე-10 საუკუნის ცნობილ ქართველ სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეს, დიდი დავით მე-3 კურაპალატის სახელგანთქმულ სარდალსა და ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთ დამაარსებელ თორნიკე ერისთავს, რომელსაც ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე ეწოდა. თამარ მესხი იხსენებს, რომ მონასტრის შესახებ მასალების მოძიება იმავე დღიდან დაიწყო:

”მასალა, რომელიც მაშინ მოვიძიე, ძირითადად ეკუთვნის ტაძრის არქიტექტურას და შიდა მოხატულობას, რომელიც მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. შეიცავდა რაღაც ისტორიულ ნაწილსაც, მაგრამ მკვლევარს ეს ტაძარი დაკავშირებული ჰქონდა მე-11 საუკუნეში ცნობილ, წარმომავლობით სომხურ თორნიკიოსების გვართან”.

თამარ მესხს, როგორც თავად ამბობს, იმედი არ დაუკარგავს, კვლევა განაგრძო და საგანგებოდ შეისწავლა ბიზანტიურ ხანაში ცნობილი ყველა თორნიკიოსის ისტორია და საქმიანობა:

”აღმოჩნდა, რომ არც ერთს ჩრდილოეთ საბერძნეთში ტაძარი ან რაიმე აშენებული არ აქვს. თვითონ იმ მკვლევარსაც რომ ეპოვნა, მაშინ კი არ დაწერდა, რომ, სავარაუდოდ, ააშენეს, დაწერდა, რომ ესა და ეს ტაძარი ააშენეს. შემდეგ დავიწყე ივერთა მონასტრის მეტოქების შესწავლა და ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვნე მასალა, რომელიც ცხადყოფს, რომ ტაძარი იოანე თორნიკეს მიერაა აშენებული. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. ამას ამბობს ბერძენი მეცნიერი სოტირის კადასიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მონასტერი განეკუთვნებოდა ივერთა მონასტერს და შემორჩა იოანე თორნიკეს სახელით”.
პანაიგია ტორნიკიუ მზად არის "გადასაცოცებლად"
პანაიგია ტორნიკიუ მზად არის "გადასაცოცებლად"

გრევენის პრეფექტურაში მდებარე სოფელს, სადაც თორნიკეს მონასტერი მდებარეობს, მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე სახელადაც ტორნიკი ერქვა. როგორც თამარ მესხი ამბობს, კვლევის გაგრძელების სტიმული სოფელში სტუმრობამაც მისცა, რადგან ადგილობრივი მცხოვრებნი მასთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ეს ტაძარი ოდესღაც ეკუთვნოდა ივერთა მონასტერს. საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე თორნიკეს მონასტერი მცირე ზომისაა, თუმცა სხვა ბიზანტიური ტაძრებისგან ის გამოარჩევს, რომ ორსართულიანია. თამარ მესხის თქმით, თორნიკეს მონასტრის გარდა არქიტექტორები მხოლოდ რამდენიმე ასეთ ტაძარს ასახელებენ: ბაჩკოვოს, ანუ პეტრიწონის მონასტერს, სალონიკში მთავარანგელოზის ეკლესიას და ათონის მთის ზოგიერთ ტაძარს.
გაჭრეს სპეციალური გზა, ტაძარი ჩასვეს რკინის სკაფანდრში და 2011 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მან ნაბიჯ-ნაბიჯ იმოგზაურა. ტაძარი გადააცოცეს 127 მეტრის დაშორებით თავდაპირველი სამკვიდრებლიდან, სულ აღმართზე მიჰქონდათ და 127 მეტრით უფრო მაღლაა ატანილი...
თამარ მესხი

საბერძნეთში მიკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, თამარ მესხი ამბობს, რომ თორნიკეს მონასტერი დამოუკიდებლად არსებობდა მინიმუმ 1607 წლამდე, რასაც ამ დროით დათარიღებული დოკუმენტი ადასტურებს:

”მას ხელს აწერს უნგრეთის ვოევოდა იოანე რადული. მას მონასტრისთვის დიდი შესაწირავი გაუგზავნია. ამის შემდეგ დაიქვემდებარა იქვე მდებარე ზავორდას მონასტერმა, ანუ მე-10 საუკუნიდან მე-17 საუკუნის დასაწყისამდე თორნიკეს მონასტერი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. დოკუმენტის მიხედვით, 1607 წელს იქ 12 ბერი ყოფილა, მაგრამ რა ეროვნების იყვნენ, ეს არ ჩანს”.

თამარ მესხის თქმით, დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ უნგრეთის ვოევოდა მფარველობდა და შესაწირავს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერსაც. იოანე რადულის მიერ ერთსა და იმავე დროს თორნიკეს და ათონის ივერთა მონასტრების პატრონობა ქართველი მკვლევარისთვის მათი ერთმანეთთან კავშირის კიდევ ერთი დასტურია. მოპოვებული მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ თორნიკეს მონასტერი ბერებმა 1935 წლიდან დატოვეს. მას შემდეგ პირველი რესტავრაცია ტაძარს 1990 წელს ჩაუტარდა, მეორე კი - 1995 წლის მიწისძვრის შემდეგ. თამარ მესხი საბერძნეთის ჩრდილოეთში შემორჩენილი ტაძრის ისტორიის კვლევის გაგრძელებას აპირებს და ფიქრობს, რომ ბევრ სიახლესაც აღმოაჩენს. მანამდე კი თორნიკეს მონასტრის შესახებ გვიყვება კიდევ ერთ საინტერესო, მაგრამ უკვე თანამედროვე ამბავს, რომელსაც მკვლევარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხუდონჰესის მშენებლობის გამოც ანიჭებს. თამარ მესხის თქმით, რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის მთავრობამ მდინარე ალიაკმონზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გადაწყვიტა. შესაბამისად, უნდა დაიტბოროს ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ადგილი, სადაც თორნიკეს მონასტერი მდებარეობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საბერძნეთის არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა განაცხადა, რომ ბიზანტიური ძეგლის დატბორვა ისტორიის უპატივცემულობა იქნება და მთავრობას დაფიქრებისკენ მოუწოდა. თამარ მესხი ამბობს, რომ, საბოლოოდ, საბერძნეთმა თანხა გამოძებნა და შეიქმნა მონასტრის გადარჩენის რამდენიმე პროექტი. გამარჯვებულ პროექტს თამარ მესხი ასე აღწერს:
თამარ მესხი
თამარ მესხი

”გაჭრეს სპეციალური გზა, ტაძარი ჩასვეს რკინის სკაფანდრში და 2011 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მან ნაბიჯ-ნაბიჯ იმოგზაურა. ტაძარი გადააცოცეს 127 მეტრის დაშორებით თავდაპირველი სამკვიდრებლიდან, სულ აღმართზე მიჰქონდათ და 127 მეტრით უფრო მაღლაა ატანილი. სექტემბერში ტაძარს ახალი სამკვიდრებელი დაულოცა მსოფლიო პატრიარქმა, რომელიც იმ წელს საბერძნეთში მოგზაურობდა”.

დატბორვისგან თორნიკეს მონასტრის გადასარჩენად საბერძნეთმა 300 ათასი ევრო დახარჯა. თამარ მესხი ამბობს, რომ ახალხან, როცა ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე დისკუსიას ისმენდა, მთავრობის წარმომადგენლებმა აზრი გამოთქვეს, რომ დატბორვამდე ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესია შესაძლოა დაიშალოს და იმავე ქვით სხვაგან აშენდეს. მკვლევარი გვიამბობს, რომ ბერძნებმა მხოლოდ თორნიკეს მონასტრის გვიანდელი პერიოდის გალავანი დაშალეს, მას ტაძრის ახალ სამკვიდრებელზე გადაიტანენ და იქ ზუსტად ისეთივე მცენარეების დარგვას აპირებენ, როგორც პირვანდელ ადგილზე ხარობდა. თამარ მესხისთვის საბერძნეთის მაგალითი იმის დასტურია, რომ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

”ასეთი პრეცედენტი არსებობს. ეს გააკეთა ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ, საბერძნეთმა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო საკმაოდ რთულ პირობებშია. მიუხედავად ამისა, ხედავთ, ისტორიის მიმართ რამხელა პატივისცემაა?! გამოიძებნა ფული და ასეთი საქმე გაკეთდა. იმიტომაც აქვთ შენარჩუნებული ამდენი კულტურული ძეგლი. მე მგონი, ეს დამოკიდებულება ჩვენ უნდა ვისწავლოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ მესხმა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG