Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმები ფიქრისთვის


გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ხელოვნება ადამიანის უფლებებისთვის”. საქართველოს გარდა, ფესტივალი სომხეთის და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა. წარმოდგენილი ფილმები განსხვავებული თემატიკისა იყო, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე, რასიზმზე, კონფლიქტებზე, მიგრაციის პრობლემებზე და ასე შემდეგ. ამ ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ ყოველი ფილმის დასრულების შემდეგ მოწვეული ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობით იმართება დისკუსია და კონკრეტული პრობლემის საქართველოს რეალობაში განხილვა. გორის საზოგადოება განსაკუთრებით მგძნობიარედ კონფლიქტის თემებზე გადაღებულ ფილმებს აღიქვამს.

„მოგონებები საზღვრებს გარეშე“ ასე ჰქვია სამი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს, რომელიც სომხურ-თურქულ-აზერბაიჯანულ პრობლემას ეხება. ფილმის გმირები, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ საკუთარი იდენტობის გრძნობა, მტკივნეულად აღიქვამენ კონფლიქტს, ყველა გმირს კი საკუთარი სიმართლე აქვს. ფილმის შემდგომი დისკუსიის დროს შემთხვევით არ სვამს აუდიტორიასთან კითხვას ანალიტიკოსი ზვიად ქორიძე:

„რითი ვიცით ისტორია? ისტორია, რომელიც კარგმა ისტორიოგრაფებმა დაგვიწერეს, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თუ ისტორია, რომელიც სადღეგრძელოებში მოგვისმენია? აი, ეს ყოველთვის არის გადამწყვეტი, როდესაც მიდის საუბარი ამ კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე და ეს კონფლიქტები სულ არსებობს. აბა, კონფლიქტი მეზობლებს შორის თუ არ იქნება, კონფლიქტი ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით არ გექნება“.

ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა ამბობს, რომ სტერეოტიპებით დამძიმებული საზოგადოების პრობლება განსხვავებული ადამიანის მიმღებლობაა:

„თურქი იქნება ის, აზერბაიჯანელი თუ სომეხი, რაღაცნაირად არ არის პრობლემა იმაში, თუ როგორი არის ადამიანი, როგორ ვიღებთ ადამიანს? ჩვენშია პრობლემა და ყველაზე მეტად იმის აღიარება გვიჭირს ხოლმე, რომ ჩვენში არის ეს პრობლემა“.

დისკუსიების დროს ხდება ფაქტებზე საუბარი, მსჯელობა, გააზრება და ხშირია შემთხვევები, როდესაც დისკუსიის მიმდინარეობისას, დასაწყისში ერთ პოზიციაზეა ადამიანი და უკვე დასასრულს, როცა რაღაცები გამოიკვეთება, აზრს იცვლის, მიდგომებს იცვლის კონკრეტული პრობლემის მიმართ...
რეზო ოქრუაშვილი
კინოჩვენებებს აქტიურად ესწრებოდნენ გორელი სტუდენტები, ერთვებოდნენ დისკუსიაში და პრობლემების ახლებურ გააზრებასაც ახდენდნენ. თომა სუხიშვილი აცხადებს, რომ ფილმებში წამოჭრილი არაერთი პრობლემა სწორედ მისი თაობის მოსაგვარებელი იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორია „გორის სადისკუსიო კლუბი“, გაზეთ „ხალხის გაზეთის“ გამომცემელი. მხარდამჭერები და პარტნიორები არიან ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა. ორგანიზატორების მიზანია რეგიონებში არა მხოლოდ კარგი ფილმების ჩვენება, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე და დისკუსიის პროცესში ჩართვა, რადგან რეგიონებში მოსახლეობა შედარებით მოკლებულია ღიად და თავისუფლად მსჯელობის შესაძლებლობას. ფესტივალის ორგანიზატორი, „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები დისკუსიის პროცესშივე საკუთარი შეხედულებების გადაფასებას ახდენენ:

ჩვენი საზოგადოება მაინც ამოდის პრინციპით, რომ ყველაფერში ვარ მართალი მე და თუ რამე მჭირს ცუდი, იმიტომ მჭირს, რომ სხვა არის ცუდი...
ზვიად ქორიძე
„დისკუსიების დროს ხდება ფაქტებზე საუბარი, მსჯელობა, გააზრება და ხშირია შემთხვევები, როდესაც დისკუსიის მიმდინარეობისას, დასაწყისში ერთ პოზიციაზეა ადამიანი და უკვე დასასრულს, როცა რაღაცები გამოიკვეთება, აზრს იცვლის, მიდგომებს იცვლის კონკრეტული პრობლემის მიმართ“.

ანალიტიკოსი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ პრობლემები მთელ მსოფლიოში იდენტურია, მხოლოდ მისი გააზრება ხდება სხვადასხვა სიმძაფრით. მისი აზრით, გორელები ყველაზე უფრო ემოციურად კონფლიქტების თემაზე გადაღებულ ფილმებს უყურებენ, ამ ფესტივალის დამსახურება კი ის არის, რომ ადამიანებს აფიქრებს და პრობლემის არსში აღრმავებს:

„ჩვენი საზოგადოება მაინც ამოდის პრინციპით, რომ ყველაფერში ვარ მართალი მე და თუ რამე მჭირს ცუდი, იმიტომ მჭირს, რომ სხვა არის ცუდი. ამიტომ როცა ზოგადსახელმწიფოებრივ თემაზეა საუბარი, როცა კონფლიქტებზეა საუბარი ან, თუნდაც, გადავდივართ ეთნიკურ-რელიგიურ განსხვავებულობის დროს წარმოშობილ კონფლიქტებზე, მაინც ჩვენა ვართ მართალი. აი, ეს მომენტი რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ და ისინი ტყუიან, ვიდრე ეს ბარიერი არ დაიძლევა ასეთი დისკუსიების დროს და მერე უფრო ფართოდაც, მანამდე ძალიან გაგვიჭირდება“.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გორში უკვე მეორედ გაიმართა. დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის აზრით, ეს ფილმები უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად მოწყვეტილნი არიან კულტურულ ცხოვრებას. გაჩნდა იდეა, რომ ეს ფილმები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებშიც უჩვენონ.
XS
SM
MD
LG