Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროვიცაში, კოსოვოს ქალაქში არჩევნები ხელმეორედ გაიმართება


კოსოვოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური არჩევნების ხელმეორედ ჩატარების შესახებ სერბი უმრავლესობით დასახლებულ მიტროვიცის იმ სამ საარჩევნო უბანში, სადაც კვირას მომხდარი ძალადობის შედეგად არჩევნები ჩაიშალა. ქალაქის სამი საარჩევნო უბნიდან კოსოვოს საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლების და ეუთოს დამკვირვებლების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც კვირას საარჩევნო უბნებში თავდამსხმელები შეიჭრნენ, წაიღეს და გაანადგურეს საარჩევნო ყუთები. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ კვირას გამართული არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სამ ნოემბერს კოსოვოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი და ევროპული გამოცდა იყო კოსოვოსათვის და ჩვენ იგი წარმატებით ჩავაბარეთ. არჩევნების წარმატება ლეგიტიმურს ხდის იმ ხელშეკრულებას, რომელსაც 19 აპრილს ბრიუსელში მოვაწერეთ ხელი. ამასთანავე, ჩვენ წარმატებით მოვაგვარებთ იმ ინცინდენტებს, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე წავაწყდით,“ - განაცხადა ჰაშიმ ტაჩიმ, რომელიც იმყოფება ბრიუსელში, სადაც სერბ კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შუამავლობით.
XS
SM
MD
LG