Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება თანასწორობის დაცვის ინსპექტორი


იუსტიციის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სასტუმრო „რედისონში“ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ ქმნის ახალ უფლებებს, ის ქმნის ეფექტურ მექანიზმებს მათთვის, ვინც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი, განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა. კანონპროექტს ახალი ინსტიტუტი შემოაქვს - ეს არის თანასწორობის დაცვის ინსპექტორი. რა ფუნქციები ექნება ინსპექტორს და როგორ აფასებენ სამოქალაქო სექტორში იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას?

სანამ სამოქალაქო სექტორს ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტს გააცნობდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი არ არის ახალი უფლებების შემოტანა, მიზანი უკვე კანონით და კონსტიტუციით გამყარებული უფლებებით სარგებლობის, კანონის წინაშე თანასწორი პირობების უზრუნველყოფა და ამ ყველაფრის მაკონტროლებელი, ეფექტიანი მექანიზმის შექმნაა. თეა წულუკიანის სიტყვებით, დისკრიმინაციას საზოგადოება აწყდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოება ამას შეგუებულიც კია. კანონპროექტის შექმნის ვალდებულება კი საქართველომ მას შემდეგ აიღო, რაც პრემიერ-მინისტრი პირველად გამოვიდა სიტყვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. თეა წულუკიანის სიტყვებით, ამასთანავე მატულობს კონსტიტუციაში ჩამოთვლილი დისკრიმინაციის ნიშნები - მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია - და ეს კანონი არ შემოიფარგლება მხოლოდ სიძულვილის ენით, ამას კრძალავს სხვა კანონებიც, „ამ კანონის მიზანი არის ცოტა უფრო სხვა“.

„ნებისმიერი ტიპის ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც დისკრიმინაციის შემცველია, მოხვდება ამ კანონის სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნორმები იმოქმედებენ, რომლებიც უკვე გვაქვს - ეს არის შრომის კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი - იქ დამამძიმებელი გარემოებები უკვე არსებობს დისკრიმინაციული ნიშნით - და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შესახებ მთელი რიგი ნორმები, რომლებიც, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რა თქმა უნდა, ზოგადი მექანიზმები არსებობს, მაგრამ სპეციფიკური მექანიზმები არასდროს არ გვქონია. დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმებიც ძირითადად იყო ბლანკეტური ნორმები და მას პროცედურული ნორმები არ ახლდა ხოლმე. მაგალითად, შრომის კოდექსში რომ წერია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია დაუშვებელიაო...
თამარ გურჩიანი
კანონპროექტის მიხედვით, ასევე შემოდის ახალი ინსტიტუტი - ეს არის თანასწორობის დაცვის ინსპექტორი, რომელსაც, სამოქალაქო სექტორის წარდგინებით, პარლამენტი აირჩევს. მის რეკომენდაციას სავალდებული ხასიათი ექნება და ის დააწესებს სანქციებს და ჯარიმებს როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირების მიმართ. იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს, მთლიანობაში, ძალიან დადებითი შეფასება მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც უფლებადამცველი თამარ გურჩიანი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არსებობს დისკრიმინაციის ამკრძლავი მუხლები, მისი აღმოფხვრის ქმედითი მექანიზმები არ არსებობდა:

„რა თქმა უნდა, ზოგადი მექანიზმები არსებობს, მაგრამ სპეციფიკური მექანიზმები არასდროს არ გვქონია. დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმებიც ძირითადად იყო ბლანკეტური ნორმები და მას პროცედურული ნორმები არ ახლდა ხოლმე. მაგალითად, შრომის კოდექსში რომ წერია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია დაუშვებელიაო, ეს არაფერს არ ნიშნავს მანამ, სანამ კონკრეტული კერძო თუ საჯარო დაწესებულება დისკრიმინაციის აქტის ჩადენის შემდეგ არ დაისჯება ან არ დაჯარიმდება, ან პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს. ამაზეა აქ საუბარი და კანონპროექტს შემოაქვს სანქციებიც“.

თამარ გურჩიანი არ ეთანხმება კანონპროექტის მუხლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, რომელსაც კანონი 2018 წლისთვის ადგენს. გურჩიანი ამბობს, რომ ამ დრომდე ამ ვალდებულების გადაწევა ნიშნავს ხელისუფლების პასუხისმგებლობის გადავადებას.

„თუ სადღაც რეგიონში რელიგიური ჯგუფის ინტერესები ილახება და თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან გვაქვს საქმე და ისინი არ მიდიან ინსპექტორთან და, მით უმეტეს, თუ ეს ფაქტი ხდება საჯარო, მას უნდა ჰქონდეს უფლებაც და ვალდებულებაც იმისათვის, რომ მივიდეს და შეისწავლოს ვითარება...
ლინა ღვინიანიძე
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიზნებს ემხრობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლება დისკრიმინაციის გამოვლინებების წინააღმდეგ ეფექტურად არ მოქმედებდა:
„რომ გავიხსენოთ 17 მაისის გამოძიება, რელიგიური კონფლიქტები, არსებული პრობლემები და სახელმწიფოს მოქმედება მის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების პრაქტიკულად და რეალურად მოგვარება და, რა თქმა უნდა, კარგია ასევე კანონპროექტიც“.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე კი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმაზე მსჯელობას, ხომ არ იქნება უპრიანი თანასწორობის დაცვის ინსპექტორის გარკვეული ფუნქციებით სახალხო დამცველი აღიჭურვოს და, ამასთან, კიდევ ერთ საკითხს უსვამს ხაზს: რატომ არაფერი წერია სასჯელაღსრულების სტრუქტურებში ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. ლინა ღვინიანიძის სიტყვებით, ასევე მნიშვნელოვანია ფუნქცია, რომლითაც ინსპექტორს ექნება პროაქტიულად დისკრიმინაციული ფაქტების გამოვლენის უფლება, თუმცა ამაზე კანონპროექტი არაფერს ამბობს:

„თუ სადღაც რეგიონში რელიგიური ჯგუფის ინტერესები ილახება და თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან გვაქვს საქმე და ისინი არ მიდიან ინსპექტორთან და, მით უმეტეს, თუ ეს ფაქტი ხდება საჯარო, მას უნდა ჰქონდეს უფლებაც და ვალდებულებაც იმისათვის, რომ მივიდეს და შეისწავლოს ვითარება, მით უფრო, რომ ის მთლიანად თანასწორუფლებიანობის მდგომარეობას შეისწავლის და ერთობლივ ანგარიშს ამზადებს, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ინსპექტორის მიერ დანახული სრული სურათი დავინახოთ“.

სამოქალაქო სექტორის კითხვებს იუსტიციის მინისტრი თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს 2 კვირის ვადა მისცა რეკომენდაციების წარსადგენად. საერთაშორისო ექსპერტების მიერ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ ის მთავრობას გადაეცემა, რათა მან განსახილველად პარლამენტს წარუდგინოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG