ავსტრიის მთავრობა აცხადებს, რომ გაჰყავს თავისი წარმომადგენლები გაეროს სამშვიდობო კონტინგენტიდან, რომელიც ისრაელსა და სირიას შორის ზავის ხაზზე, გოლანის მაღლობებზეა განთავსებული. ავსტრიის კანცლერის, ვერნერ ფაიმანის განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ სირიელმა მეამბოხეებმა გარკვეული ხნით დაიკავეს გოლანის მაღლობებზე, ზავის ხაზზე მდებარე გადასასვლელი, რომელსაც ავსტრიელი მშვიდობისდამცველები იცავენ. მოგვიანებით მეამბოხეები ამ პოზიციიდან განდევნეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა. ავსტრიელი მშვიდობისდამცველები არ დაშავებულან. ავსტრია 380-მდე მშვიდობისდამცველით არის წარმოდგენილი გაეროს 1000-კაციან კონტინგენტში, რომელიც მეთვალყურეობას უწევს სირიას და ისრაელს შორის ზავს. გოლანის მაღლობების უდიდესი ნაწილი ისრაელმა 1967 წელს, ექვსდღიანი ომის დროს დაიპყრო სირიისაგან.
ყველაზე პოპულარული
1