ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებით მისი უფლებები დაირღვა. სტრასბურგში დაფუძნებულმა სასამართლომ ეს ვერდიქტი სამშაბათს გამოიტანა, რასაც მოჰყვა ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს შემდეგი კომენტარი სტრასბურგშივე, ჟურნალისტებთან საუბრისას: „ეს არის [ტიმოშენკოს შესახებ] პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა იურიდიულმა ინსტიტუტმა მიიღო და არა პოლიტიკურმა. ამ დღემდე ვიქტორ იანუკოვიჩს შეეძლო ეთქვა, რომ ევროპის პარლამენტის, ან ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული შეფასებები პოლიტიკური შეფასებები იყო. დღეს კი უკვე გვაქვს იულია ტიმოშენკოს საქმეში არსებული მოვლენების იურიდიული შეფასება“, - უთხრა ჟურნალისტებს ტიმოშენკოს ადვოკატმა. ტიმოშენკოს 2011 წლის ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თანამდებობით ბოროტად სარგებლობისათვის, რუსეთთან გაზის იმპორტის შესახებ კონტრაქტზე მოლაპარაკებისას. ტიმოშენკო ბრალდებებს უარყოფს და თავის დაპატიმრებას მიიჩნევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, რომლის უკანაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგას.
ყველაზე პოპულარული
1