Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ტყუილი” არაჟანი და კოლიფორმებით დაბინძურებული ხორცი


სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, საქართველოში ერთ-ერთ არსებით პრობლემად კვლავაც ჰიგიენა რჩება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სურსათის უვნებლობის დარღვევის მთავარი მიზეზი (შემთხვევების დაახლოებით 95%) სურსათის კოლიფორმებით დაბინძურებაა, რაც ჰიგიენის ნორმების დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია. ეს დასკვნა
საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ 1 თებერვალს წარმოადგინა, როცა თავისი ორგანიზაციის მიერ 2011-2013 წლებში სხვადასხვა პროდუქტის შემოწმების შედეგების პრეზენტაცია გამართა.

სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გამკაცრება და კვლევის არეალის გაფართოება „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მთავარი მოთხოვნაა. სხვანაირად სურსათის უვნებლობის მიღწევა საქართველოში შეუძლებელი იქნება. ცენტრის კვლევები აჩვენებს, რომ საკვები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყიდება, - მათ შორის, ძეხვეული და შებოლილი ხორცპროდუქტები, ასევე ნახევარფაბრიკატები, - კოლიფორმებით არის დაბინძურებული, ხოლო რძის პროდუქტებში რძის ცხიმის შემცველობა იმდენად დაბალია, რომ მათ არ შეიძლება რძის პროდუქტი ეწოდოთ. „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლია თოდუა ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ მწარმოებლებმა არაერთი პროდუქცია ამოიღეს გაყიდვიდან ან მათი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები გამოასწორეს:

“ყველაზე მეტი დარღვევა ნახევარფაბრიკატებში აღმოჩნდა: გაყინულ პელმენებში, ხინკალში, თევზის ფილესა და ხორცის ფარშში. რძის პროდუქციის შემთხვევაში ხშირი იყო ფალსიფიკაციის ფაქტები. ჩვენ ასე ვეძახით ამას, რასაც მომხმარებლის მოტყუება ჰქვია, თუმცა კანონი ამას ფალსიფიკაციად არ მიიჩნევს. ვგულისხმობ იმას, რომ რძის პროდუქტებში გამოყენებულია მცენარეული ცხიმი. ასეთ რამეს საერთაშორისო სტანდარტებით ვერსად ნახავთ, რომ ამ პროდუქციას რძის პროდუქცია ერქვას. თუ პროდუქტში რძის ცხიმი სხვა ცხიმითაა ჩანაცვლებული, ის უკვე აღარ არის რძის პროდუქტი”.
აი, მაგალითად, „სანტეს“ წარმოებული მხოლოდ ”სანტინოს” არაჟანი აღმოჩნდა ნამდვილი, ხოლო თავად „სანტეში“ რძის ცხიმი საერთოდ არ შედის ...
ლია თოდუა

თუმცა საქართველოს კანონმდებლობით ეს დარღვევად არ ითვლება. ამიტომაც იყიდება რძის პროდუქტად არაჟანი, რომელშიც საერთოდ არ არის რძის ცხიმი. ლია თოდუა რამდენიმე სახეობის არაჟნის შემოწმების შედეგებს გვიზიარებს:

”აი, მაგალითად, „სანტეს“ წარმოებული მხოლოდ ”სანტინოს” არაჟანი აღმოჩნდა ნამდვილი, ხოლო თავად „სანტეში“ რძის ცხიმი საერთოდ არ შედის. ”მე მარგოში” იყო ასევე 0% ცხიმი. ანუ გამოდის, რომ არც ერთი არ არის ნამდვილი არაჟანი. „ეკოფუდში“ იყო მხოლოდ 4% რძის ცხიმი - ამასაც ვერ მივაკუთვნებთ არაჟანს, და „პრეზიდენტში“ 99% იყო რძის ცხიმი - ანუ მას შეიძლება არაჟანი ვუწოდოთ”.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ კოლიბაქტერიები ადამიანის მოწამვლას არ იწვევს, თუმცა, როგორც ლია თოდუა გვიხსნის, მათით დაბინძურება ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობა გარანტირებული აღარ არის.

დაბინძურებული საკვების სია წლების მიხედვით:

2012 წლის 13 ივლისი, კრაბის სალათა, გაგარინის მოედანზე მდებარე იოლის სუპერმარკეტიდან - მასში აღმოჩნდა კოლიფორმები.
2012 წლის 30 მაისი, შაურმა, საბურთალოს ქუჩის ერთ-ერთი საშაურმიდან - მასში ასევე აღმოჩნდა კოლიფორმები.
2012 წლის 7 აგვისტო, ბიგ მაკი რუსთაველის მეტროსთან მდებარე მაკდონალდსიდან - აღმოჩნდა კოლოფორმები, თუმცა ამავე წლის 31 აგვისტოს კვლავაც გადამოწმდა ეს პროდუქტი და მისი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები უკვე ნორმაში იყო.

მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ნორმაში იყო სხვადასხვა ტიპის ძეხვეულისა და შებოლილი ხორცპროდუქტების 28 პროდუქტში - მათ შორის, სოსისში ”ივერია” (ვაკის გუდვილი), სოსისში ”რძიანი” ( ნიკორას მაღაზია), გერმანულ ძეხვში - მაღაზია ”პონატოში” და ა.შ.

მიკრობიოლოგიური მოთხოვნები დარღვეული იყო ამავე ტიპის 17 პროდუქტში.

მაგალითად: 2012 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, სოსისში, რომელიც იყიდებოდა დიდ დიღომში მდებარე მაღაზია ”ორ ნაბიჯში”, აღმოჩნდა კოლოფორმები. სოსისი ”ივერია” დაბინძურებული იყო კოლოფორმებით 2012 წლის 22 ნოემბერს კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ”იოლი გასტრონომია”, თუმცა იმავე წლის 3 დეკემბერს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები უკვე ნორმაში იყო.
2012 წლის 31 იანვარს გლდანში მდებარე ”ნიკორას” მაღაზიაში შებოლილ სკუმბრიაში აღმოჩნდა კოლიფორმები, თუმცა იმავე წლის ივნისში ეს პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღეს.

დარღვევები აღმოჩნდა ასევე:

2013 წლის 11 ინვარს - ასაწონ ხორცსა და ფარშში ქალაქ რუსთავში მდებარე მაღაზია „მადაგონში“; თემქაზე, მაღაზია სამებაში, გაყინულ ხინკალში; რუსთაველზე მდებარე „სმარტში“ - თევზის ფილეში 2012 წლის 22 ნოემბერს, თუმცა დეკემბერში უკვე მაჩვენებლები ნორმაში იყო; ღორის ხორცის მარინადში ვაკის საფირმო მაღაზიაში, თამარაშვილის ქუჩაზე,


ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართით: http://www.momxmarebeli.ge/?menu=138&rec=3365

მომხმარებელთა საჩივრების მიღების შემდეგ ორგანიზაცია მითითებულ მაღაზიაში იძენს პროდუქციას, რომელიმე კერძო ლაბორატორიაში შემოწმებას უტარებს და ადგენს, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული. ყველა შედეგი შემდეგ მათ ვებსაიტზე განთავსდება, რომლის ელექტრონული მისამართია www.momxmarebeli.ge . თუ სურსათის უვნებლობის სტანდარტები დარღვეულია, ამის შესახებ ეცნობება ხოლმე თავად მწარმოებელს, მაღაზიას და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. http://nfa.gov.ge
ის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელსაც სურსათის უვნებლობაზე კონტროლი ევალება. ლია თოდუას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლის შემოდგომის შემდეგ უფრო ხშირად რეაგირებს მათ განცხადებებზე, თუმცა სურსათის შემოწმების მხრივ სააგენტოს საქმიანობის მასშტაბები მაინც ძალიან მცირეა:

”2011 წელს სააგენტომ სულ 516 ცალი პროდუქტი შეიძინა, ეს იმ დროს, როცა ასჯერ ან ათასჯერ მეტი დასახელების პროდუქტი უნდა მოწმდებოდეს. რაც შეეხება საწარმოს, 40 თუ 50 ათასი საწარმოდან 2012 წელს შეამოწმეს მხოლოდ 400-მდე მეწარმე და თან ისე, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები”.
არაგეგმიურ შემოწმებასაც ვატარებთ. ეს მაშინ, როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ ვიღაც სადღაც მოიწამლა. შემდეგ ჩვენ მიკვლევადობის პრინციპით მივდივართ და ამ საწარმოს ვამოწმებთ ...
გიგა ქურდოვანიძე

სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ 40 000-მდე საწარმოს გეგმიური წესით ამოწმებს. ყოველი მათგანის შესამოწმებლად სააგენტოს საკმარისი რესურსი არ გააჩნია, თუმცა, როგორც სააგენტოს წარმომადგენელი გიგა ქურდოვანიძე განმარტავს, უფრო ხშირად მოწმდება მაღალი რისკის პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები:

”არაგეგმიურ შემოწმებასაც ვატარებთ. ეს მაშინ, როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ ვიღაც სადღაც მოიწამლა. შემდეგ ჩვენ მიკვლევადობის პრინციპით მივდივართ და ამ საწარმოს ვამოწმებთ”.

თუ შემთხვევა ნაკლებად კრიტიკულია, საწარმოს დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა ეძლევა, რომლის გასვლის შემდეგ საწარმო ხელახლა მოწმდება. კრიტიკული მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში კი საწარმო საქმიანობას წყვეტს. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც დადგინდეს, რომელ ეტაპზე დაბინძურდა პროდუქტი - შესაძლოა ეს სულაც არ იყოს მისი მწარმოებლის ბრალი:

”ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გამოვიკვლიოთ რომელ ეტაპზე დაბინძურდა პროდუქცია. შესაძლოა ეს მოხდა დისტრიბუციის ან რეალიზაციის დროს და მწარმოებელი არაფერ შუაშია. როგორც იცით, იმავე ბაზრებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ხშირად დაცული არ არის”.

გიგა ქურდოვანიძე ასევე აცხადებს, რომ დასახვეწია სურსათის უვნებლობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს:

”მაგალითად, გარე მოვაჭრეებს ჩვენ ვერ ვამოწმებთ, რადგან კანონში წერია, რომ ჩვენს სააგენტოს მხოლოდ ბიზნესოპერატორების შემოწმების უფლება აქვს და ეს მხოლოდ ერთი თვალსაჩინო მაგალითია”, აცხადებს გიგა ქურდოვანიძე.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG