Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათის უვნებლობა და არასათანადო კონტროლი


სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი
სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინიციატივით, თბილისში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემები განიხილეს და კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და ბაზრის გაფართოების საქმეში ამ სისტემების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმის ამ დღეებში გამართვა საქართველოში სხვა მხრივაც აქტუალური აღმოჩნდა - საქმე ისაა, რომ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ლაბორატორიული შემოწმებით 18 სახეობის ხორცის ნახევარფაბრიკატებში კოლიბაქტერიების არსებობა დაადასტურა.

მომხმარებელს აქვს უფლება სურსათისა და პროდუქციის უვნებლობასა და ხარისხზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, გვითხრა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ, რომლის განმარტებითაც, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახური, მართალია, მონიტორინგს ატარებს, მაგრამ ყოველწლიური მონაცემების მშრალი ჩამონათვალი ვერ უზრუნველყოფს ვერც ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და ვერც მომხმარებლის უფლებების მაქსიმალურ დაცვას. მადონა კოიძის შეფასებით, ამ მიმართულებით გაცილებით ქმედითია შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამომხმარებლო დახლზე განთავსებული კონკრეტული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგებიც საჯარო ხდება:

”როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაცია გაგვაქვს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, და მომხმარებელი უკვე თავისუფალია თავის არჩევანში და ის თავად აკეთებს არჩევანს, ენდოს თუ არა ამგვარ კომპანიებს, ანუ იმ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ისეთ პროდუქციას, რომელმაც შეიძლება მათ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს”.
არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, პარტნიორები, ერთი გუნდის წევრები. ჩვენ ვითანამშრომლებთ ასევე მეწარმეებთან, რომლებიც ასევე არიან მომხმარებლები, მათ უფლებებსაც დავიცავთ. მოკლედ, შევეცდებით ახალი ხედვით, ახალი გუნდით გავაკეთოთ ის დიდი საქმე, რასაც ჰქვია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში...
ზურაბ ჩეკურიშვილი


ამ დღეებში ერთ-ერთი ამგვარი კვლევის შედეგები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ წარმოადგინა. ამ კვლევის თანახმად, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა რამდენიმე კომპანიის ხორცის 18 სახეობის ნახევარფაბრიკატები. მათ ჩამონათვალს დაინტერესებული პირები გაეცნობიან ვებსაიტზე momxmarebeli.ge

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციით, შეტყობინება დარღვევების შესახებ გადაეგზავნათ როგორც მეწარმეებს, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურიშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ თბილისში 14 ნოემბერს გამართულ ფორუმზე მედიასთან სურსათის უვნებლობის საკითხების აქტუალურობაზე გაამახვილა ყურადღება:

”არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, პარტნიორები, ერთი გუნდის წევრები. ჩვენ ვითანამშრომლებთ ასევე მეწარმეებთან, რომლებიც ასევე არიან მომხმარებლები, მათ უფლებებსაც დავიცავთ. მოკლედ, შევეცდებით ახალი ხედვით, ახალი გუნდით გავაკეთოთ ის დიდი საქმე, რასაც ჰქვია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში.”

სურსათის უვნებლობის სტანდარტების დასანერგად ერთ-ერთი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მოწესრიგებაა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სურსათის უვნებლობის პროექტების ხელმძღვანელი საქართველოსა და სომხეთში მაია თევზაძე, თავის მხრივ, კომპანიების მხრიდან სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვისა და სერტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს:

მაია თევზაძე
მაია თევზაძე
”რეალურად მიზანი ის არის, რომ მოტივაცია გაიზარდოს კომპანიების შიგნით, რომ თვითონ, მიუხედავად იმისა, საკანონმდებლო ნორმები მკაცრი არსებობს თუ არა, თვითონ გადადგან წინ ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. ძირითადად, ლაპარაკია გაყიდვების ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, გარკვეული საოპერაციო ხარჯების დაზოგვაზე, რომ, უბრალოდ, ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ამ სისტემას მართლა მოაქვს რაღაცა დადებითი ეფექტი იმის გარდა, რომ, დავუშვათ, სავალდებულოა“.

სურსათის დაბინძურების აღმოჩენილ ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების მექანიზმის არარსებობა მიაჩნია სურსათის უვნებლობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების უფროს მენეჯერს ვახტანგ კობალაძეს:

ვახტანგ კობალაძე
ვახტანგ კობალაძე
”როდესაც მომხმარებელი, დავუშვათ, აღმოაჩენს რაღაც გაფუჭებულ პროდუქტს, რომელიც აშკარად გაფუჭებულია სუნით, ფერით და ასე შემდეგ, და მიმართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა მოახდინოს ასეთ პრობლემებზე რეაგირება, სურსათის სააგენტო ვერაფერს ვერ აკეთებს. მას არა აქვს უფლებამოსილება, რომ ოპერატიულად მივიდეს, მაგალითად, მაღაზია იქნება თუ ქარხანა, რომელმაც გამოუშვა ეს პროდუქტი, და შეამოწმოს, დააჯარიმოს, გამოავლინოს დარღვევა.”

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია 16 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო ”კავკას პრესმა” გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, ბათუმში მოქალაქემ ბაზრობაზე ნაყიდ თევზში ჭიები აღმოაჩინა, თუმცა ერთადერთი, რაც შეძლო, უვარგისი პროდუქცია გამყიდველს უკან დაუბრუნა. არაეფექტური და არაოპერატიული კონტროლის მექანიზმების პირობებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების მენეჯერი ვახტანგ კობალაძე სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნასთან ერთად, ამ სისტემის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიიჩნევს.
ძალიან იშვიათად ვყიდულობ, თვეში ერთხელ, ალბათ. ხარისხი სახლში გაკეთებულს არ შეედრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდი არ არის, გააჩნია ნახევარფაბრიკატს...
ერთ-ერთი მომხმარებელი


სურსათის უვნებლობის პრობლემას კი დარგის სპეციალისტებზე არანაკლები სიმწვავით თავად მომხმარებელი სვამს. ბოლო კვლევის შესაბამისად, ჩვენ მომხმარებელს შეკითხვა, ძირითადად, ხორცის ნახევარფაბრიკატების უსაფრთხოების შესახებ დავუსვით.

”ვყიდულობ მარტო ვაკის ქარხნის პროდუქტებს და რა ვიცი, ბავშვებს მოსწონთ. მეტს არაფერს არ ვყიდულობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ არის, - ჩვენ ხომ არ ვიცით, რისგან ამზადებენ. ბავშვებს მოსწონთ და რა ვქნა?”

”ვცდილობთ, რომ არ შევიძინოთ. დაბალი ხარისხია ძალიან, მაგრამ რა ვქნათ?“

”ძალიან იშვიათად ვყიდულობ, თვეში ერთხელ, ალბათ. ხარისხი სახლში გაკეთებულს არ შეედრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდი არ არის, გააჩნია ნახევარფაბრიკატს.”
XS
SM
MD
LG